მუმუ
მოსკოვის ერთ განაპირა ქუჩაზე, თეთრსვეტებიან, ანტრესოლიან რუხ სახლში, აივანი რომ გვერდზე ჰქონდა გადაბრეცილი, ოდესღაც დაქვრივებული ქალბატონი ცხოვრობდა დიდძალი შინაყმით. ქალები დათხოვებული ჰყავდნენ, ვაჟიშვილები პეტერბურგში მსახურობდნენ. სახლიდან იშვიათად გადიოდა. მარტოობაში ატარებდა თავისი მწირი, უღიმღამო სიბერის უკანასკნელ წლებს. უკვე დიდი ხნის გასული იყო მისი უსიხარულო და ავდრიანი ცხოვრების შუადღე, მაგრამ მწუხრიც ბნელზე დასდგომოდა ბედშავს.
ქვრივის მოჯალაბეთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მეეზოვე გერასიმე, თორმეტვერშოკიანი გოლიათური აღნაგობის ვაჟკაცი, დაბადებით ყრუმუნჯი. ქალბატონმა გერასიმე სოფლიდან ჩამოიყვანა, სადაც იგი, ძმებს გამოყოფილი, მარტო ცხოვრობდა პატარა ქოხში და თითქმის ყველაზე შეძლებულ ყმა გლეხად ითვლებოდა. არაჩვეულებრივი ძალღონის მქონე გერასიმე ოთხი კაცის საქმეს აუდიოდა; მადლიანი მუშაობა იცოდა, ვეება ხელებით კავს ჩაჭიდებული რომ ხვნას შეუდგებოდა, ერთ რამედ მისი ყურება ღირდა, გეგონებოდათ, ცხენი არც ეხმარება, თვითონ, საკუთარი ძალით უპობს მიწას აფუებულ მკერდსო; საპეტრეპავლოდ სამკალში ისე იქნევდა ცელს, რომ ლამის გვარიანად წამოზრდილ არყნალსაც კი გაკაფავდა; სამარშინიან საცეხვ კეტს რომ თავისებურად მარჯვედ და შეუჩერებლად სცემდა ხოლმე, მხრების მოგრძო და მკვრივი კუნთები ბერკეტივით დაუდიოდა. მუდმივი დუმილი რაღაც საზეიმო დიდებულებას მატებდა მის მოუღლელ შრომას. ღირსეული გლეხკაცი იყო, და მისი უბედურება რომ არა, რომელიც გნებავთ გოგო სიხარულით გაჰყვებოდა ცოლად... მაგრამ აი ჩამოიყვანეს გერასიმე მოსკოვში, უყიდეს ჩექმები, შეუკერეს საზაფხულოდ ხიფთანი, საზამთროდ ტყაპუჭი, მისცეს ხელში ცოცხი, აქანდაზი და გაამწესეს მეეზოვედ.
პირველ ხანებში ძალიან არ მოეწონა გერასიმეს ახალი ცხოვრება, ის ხომ ბავშვობიდანვე მიწაზე შრომას, სოფლის ყოფას იყო მიჩვეული, თავისი უბედურების გამო ადამიანთა ურთიერთობას მოწყვეტილი მუნჯი გოლიათი ისე გაიზარდა, როგორც ხე იზრდება ბარაქიან მიწაზე... ქალაქად გადასახლებულს ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს, - ხალისწართმეული და გაოგნებული იყო, როგორც ჯანღონით სავსე მოზვერი, უცბად რომ მოწყვიტეს მდელოს, ლორთქო, წელამდე მოსულ ბალახს, შეაგდეს რკინიგზის ვაგონში და გააქანეს; კვამლი ევლება და ნაპერწკლები აცვივა მის ჩაკირულ სხეულს, ორთქლი ტალღებად ზედ ეფინება, მას კი მიაქანებენ ხმაურით, წივილით, ღმერთმა უწყის, საით! მძიმე გლეხური შრომის შემდეგ გერასიმეს თავისი ახალი საქმე თამაშად მიაჩნდა: ნახევარ საათში უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა ხოლმე. მერე ან შუა ეზოში დადგებოდა და გამვლელგამომვლელს აჩერდებოდა პირდაღებული, თითქოს მათგან მოელოდა თავისი
უცნაური მდგომარეობის ახსნას, ან უცბად სადმე მიეფარებოდა, ცოცხსა და აქანდაზს შორს მოისვრიდა, პირქვე დაემხობოდა მიწაზე და საათობით უძრავად იწვა გალიაში გამოკეტილი ნადირივით. მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და გერასიმეც მიეჩვია ქალაქურ ცხოვრებას. საქმე ცოტა ჰქონდა: ეზო უნდა სუფთად ჰქონოდა, დღეში ორჯერ კასრით წყალი უნდა მოეტანა, სახლისა და სამზარეულოსათვის შეშა უნდა მოეზიდა და დაეპო, კიდევ - უცხო არავინ უნდა შემოეშვა და ღამღამობით ედარაჯა. უნდა ითქვას, რომ თავის მოვალეობას გერასიმე გულმოდგინედ ასრულებდა: ეზოში რამე ნაფოტსაც კი ვერ იპოვიდით დაგდებულს. თუ წვიმების დროს სადმე ჯაგლაგ ცხენიანი წყლის საზიდარი ჩაუვარდებოდა, ერთი მხრის შეტოკება საკმარისი იყო, რომ თავის ცხენიანად ამოეტანა; ახლა თუ შეშის ჩეხვას დაიწყებდა, ნაჯახი ბროლივით წკრიალებდა მის ხელში და შეშის ნაპობნამსხვრევები ირგვლივ ცვიოდა. მის დარაჯობაზე რაღა გითხრათ! მას შემდეგ, რაც ერთხელ ორი ქურდი დაიჭირა და ერთმანეთს ისე შეატაკა შუბლით, რომ პოლიციაში წაყვანა აღარც დასჭირვებიათ, მთელს უბანში პატივსაცემი კაცი შეიქნა. ვინმე ავაზაკი კი არა, უბრალოდ, უცნობი გამვლელებიც კი ფრთხებოდნენ მრისხანე მეეზოვის დანახვაზე. ხელის ქნევით და ყვირილით აუწყებდნენ, რომ სამტროდ არ იყვნენ მოსული. შინაურებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდაო, ამას ვერ ვიტყვით, - ყველას ეშინოდა მუნჯის, - უბრალოდ, იგი მათ თავისიანებად თვლიდა. ნაცნობები ხელით ან სახის გამომეტყველებით ანიშნებდნენ ხოლმე სათქმელს. გერასიმე ხვდებოდა და ზუსტად ასრულებდა ყველა ბრძანებას. მაგრამ თავისი უფლებებიც კარგად იცოდა და სუფრასთან მისი ადგილის დაკავებას ვერავინ გაბედავდა. საერთოდ, გერასიმე სერიოზული და მკაცრი კაცი იყო, ყველაფერში წესრიგის მოყვარე; მამლებიც კი მისი თანდასწრებით ჩხუბს ვერ ბედავდნენ. მტრისას! წაავლებდა ფეხებში ხელს, დაატრიალებდა ერთი ათჯერ ჰაერში ბზრიალასავით და ისროდა სხვადასხვა მხარეს. ეზოში ქალბატონს ბატებიც დაუდიოდა; მოგეხსენებათ, ბატი მედიდური და დარბაისელი ფრინველია; გერასიმეს ისინი პატივისვემის გრძნობას აღუძრავდნენ, უვლიდა, აპურებდა; თავადაც დინჯ ბატს წააგავდა. გერასიმეს სამზარეულოს თავზე პატარა ოთახი მისცეს: თავად მოიწყო შიგ ყველაფერი თავისი გემოვნების მიხედვით. მუხის ფიცრებისგან საწოლი შეკრა და ოთხ ჯირკზე დადგა, ნამდვილი გოლიათის საწოლი იყო, ას ფუთს გაუძლებდა. ლოგინქვეშ ზანდუკი ჰქონდა; კუთხეში ასეთივე უძრავი მაგიდა ედგა, მაგიდასთან კი სამფეხა სკამი, ისეთი მყარი და საიმედო, რომ თავად გერასიმე