თავი პირველი
ალიონზე გაიღვიძა; გაიღვიძა სწრაფად, უშფოთველად, - უბრალოდ, თვალი გაახილა და კვლავ სიბნელე შეიგრძნო. სხვათა დარად არ სჭირდებოდა ჯერ ყურის მიგდება, ხელის ცეცება და გარესამყაროს ამგვარი აღქმა. დროისა და სივრცის გაუთვალისწინებლად, გაღვიძებისთანავე გააცნობიერა საკუთარი «მე» და სრულიად ძალდაუტანებლად განაგრძო ძილით დროებით შეწყვეტილი ცხოვრების დინება.
უმალვე მოეგო გონს, რომ ის დიკ ფორესტია - თვალუწვდენელი მამულების მეპატრონე, რომ მხოლოდ სულ რამდენიმე საათის წინ, უკვე მთვლემარემ. წიგნში ასანთის ღერი ჩადო და მაგიდის ნათურა გამორთო.
იქვე, სულ ახლოს შადრევნის საამური ჩქრიალი და ლიკლიკი ისმოდა. სადღაც შორიდან კი ისეთი სუსტი და გაურკვეველი ხმა შემოესმა, რომლის დაჭერა მხოლოდ მახვილ ყურს თუ შეეძლო; მაგრამ ფორესტმა გაიგონა და სასიამოვნო ღიმილიც მოჰგვარა: იცნო თავისი სახელგანთქმული ხარის, მეფე პოლოს ყრუ ბღავილი. კალიფორნიაში, საკრამენტოს სახელმწიფო ბაზრობაზე შორტჰორნის ჯიშის ამ ხარს, მეფე პოლოს, ხართა შორის სამგზის ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული. დიკ ფორესტის სახეს ღიმილი დიდხანს აღარ განშორებია: გონების თვალით უმალვე წარმოიდგინა ის ახალი გამარჯვებანი, რასაც იგი ახლა აღმოსავლეთში გამართულ შინაურ პირუტყვთა საწვრთნელ დათვალიერებაში უმზადებდა მეფე პოლოს. ის დაამტკიცებს, რომ კალიფორნიაში დაბადებულ და გაზრდილ ხარს თავისუფლად შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს აიოვას შტატის სიმინდით ნაკვებ საუკეთესო ხარებს და თვით ზღვის გაღმიდან - მათ ნამდვილ სამშობლოდან შემოყვანილ შორტჰორნებს.
დიკი უკვე აღარ იღიმებოდა. სიბნელეში, სასთუმლის ზემოთ, ელექტროღილაკების მწკრივისაკენ წაიწია და ხელი პირველ ღილაკს შეახო. ასეთი სამი მწკრივი იყო. ჭერზე მოქათქათე უზარმაზარი ჭაღიდან სინათლემ იფეთქა და ვერანდაზე ნათელ სხივებად დაიღვარა. საძინებელი ვერანდის სამ მხარეს სპილენძის წმინდა ბადე ფარავდა, მეოთხე მხარეს კი სასახლის ბეტონის მყარ კედელზე მინის მაღალი, საკეცი კარი იყო დატანებული.
იმავე მწკრივში დიკმა მეორე ღილაკს შეახო ხელი. შუქი ახლა კედლის იმ ადგილს მოეფინა, სადაც საათი, ბარომეტრი და ფარენჰაიტისა და ცელსიუსის თერმომეტრები ეკიდა. თვალის ერთი შევლებით თითოეულის მაჩვენებელი ამოიკითხა.
დრო - 4.30, ატმოსფერული წნევა 29,80, რომელიც წლის ამ დროს, რა თქმა უნდა, სრულიად ნორმალურად ითვლებოდა ზღვის დონიდან ასეთი სიმაღლის ადგილმდებარეობისათვის, ტემპერატურა ფარენჰაიტით ოცდათექვსმეტ გრადუსს უდრიდა. ღილაკზე თითის განმეორებითი მოძრაობით ტემპერატურის, დროისა და ატმოსფერული წნევის ხელსაწყოები კვლავ წყვდიადმა შთანთქა.
ბოლოს მესამე ღილაკს გადასწვდა და სამუშაო ნათურა აენთო. ზურგის მხრიდან დაცემული სინათლის შუქი თვალს დამაბრმავებლად არ ხვდებოდა.
პირველმა ღილაკმა ჭერში, თვალისათვის უხილავი ნათურის შუქი შთანთქა. დიკმა სამუშაო მაგიდიდან ანაბეჭდი ფურცლები და ფანქარი აიღო, სიგარეტს მოუკიდა და სწორება დაიწყო.
საძინებელი ოთახის მოწყობილობა მოწმობდა, რომ აქ მუშაობის მოყვარული ადამიანი ცხოვრობდა. ცხადად ჩანდა, ყოველი ნივთი განსაკუთრებული მიზნისათ
ვის იყო განკუთვნილი, არცთუ ისე სპარტანული კომფორტით. რკინის მომინანქრებული რუხი ფერის საწოლი ასევე რუხი ფერის კედელს ეხამებოდა. საწოლის ბოლოს თბილი საბნის მაგივრად მგლის ტყავებისაგან შეკერილი, კუდებჩამოკონწიალებული მოსასხამი იდო. დაბლა მაღალი მთების ბინადარი ქურციკის ხშირბეწვიან, ფუმფულა ტყავზე ფლოსტები ეწყო.
ღამის სამუშაო მაგიდაზე ფაქიზად ელაგა წიგნები, ჟურნალები, ბლოკნოტები, თუმცა ასანთის, სიგარეტების, საფერფლისა და თერმოსის ადგილიც დაეტოვებინათ. კედელზე რკინის ბოძკინტებით მიმაგრებულ მოძრავ სადგარზე დიქტოფონი იდგა. ბარომეტრებსა და თერმომეტრებს ქვემოთ ხის მრგვალ ძვირფას ჩარჩოში ჩასმული, მოცინარი ქალიშვილის სურათი ეკიდა. იქვე, კედელზე ელექტროღილაკების გრძელ მწკრივებსა და გამანაწილებელ დაფას შორის რევოლვერის ღია ბუდეც იყო ჩამოკიდებული, საიდანაც ავტომატურ კოლტ 44ის ტარი მოჩანდა.
სრულ ექვს საათზე, როცა დილის ნაცრისფერმა სინათლემ სპილენძის თხელ, ბადისებურ კედელში მალულად იწყო შეპარვა, დიკ ფორესტმა კორექტურიდან თავის აუღებლად გასწია ხელი და მეორე მწკრივში ერთერთ ღილაკს შეახო.
ხუთი წუთში რბილი ფლოსტებით აივანზე უხმაუროდ მომავალი ჩინელი მსახური ეახლა. ხელში გაკრიალებული სპილენძის ლანგარი ეჭირა, რომელზედაც ვერცხლის პატარა ყავადანი, ნაღებით სავსე ვერცხლისავე სარძევე და ფინჯანი იდგა თავისი ლამბაქით.
- დილა მშვიდობისა, ოდაი. - ღიმილით მიესალმა დიკ ფორესტი. ღიმილმა ფორესტს ოდნავ გახსნილ ბაგეზე გადაურბინა და თვალებიც აუკიაფა.
- დილა მშვიდობისა, ბატონო, - უპასუხა ოდაიმ, საწერ მაგიდაზე ლანგრის დასადგმელი ადგილი გაათავისუფლა და ფინჯანში ყავა და ნაღები ჩაუსხა.
ოდაის სხვა ბრძანებისათვის აღარ დაუცდია. შენიშნა, რომ პატრონი ერთი ხელით ყავას შეექცეოდა, მეორეთი კი კვლავ განაგრძობდა საკორექტურო სამუშაოს. მსახურმა იატაკზე დავარდნილი, მაქმანმოვლებული, ვარდისფერი საღამური ქუდი ფრთხილად აიღო და ღია კარში ჩრდილივით უხმოდ გაუჩინარდა.
ზუსტად შვიდის ნახევარზე ოდაი უფრო მოზრდილი ლანგრით ხელში გამოჩნდა. დიკ ფორესტმა ანაწყობი გვერდზე გადადო, სწრაფად გადმოიღო წიგნი «ბაყაყთა სარეწაო მოშენება» და საუზმის საჭმელად მოემზადა. საუზმე ჩვეულებრივი, მაგრამ