მოტჰო და მუნგო
ოდესღაც, ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ სოფელში ცხოვრობდა ორი და — მოტჰო და მუნგო.
ერთხელ მოტჰომ მუნგოს უთხრა:
— დაო, რამდენი ხანია ჩვენი საყვარელი მამა არ გვინახავს, მოდი, წავიდეთ და ვნახოთო.
— ეგღა მაკლია, თავი ავიღო და სოფელ-სოფელ ვიწანწალო, — უპასუხა მუნგომ. — თუ ეგრე ძალიან გინდა მისი ნახვა, ადექი და წაბრძანდი. მე აქ ჩემს ნებაზე ყოფნა მირჩევნიაო.
მოტჰოს აღარაფერი უთქვამს დისთვის. დილაადრიან ადგა და გზას გაუდგა. ჩქარა-ჩქარა მიდიოდა, რომ მამასთან მისვლა სიგრილით მოესწრო და საღამოს ისევ შინ დაბრუნებულიყო.
მოტჰოს სიამოვნებდა სიგრილით მგზავრობა. მზე ჯერ არ ამოსულიყო, თუმცა ცისკიდური უკვე ოქროსფრად შეეფერადებინა. მიიჩქაროდა მოტჰო და თან მხიარულად მიიმღერებოდა. უცებ, გზის პირზე დარგული ქლიავის ხმა შემოესმა:
— ჩემო მოტჰო, მიშველე რამე! ეკლები შემერჭო და ტანს მიკაწრავენ, მოდი, გამაცალეო.
— უჰ, შე საცოდავო! — წარმოთქვა მოტჰომ და ხეს ეკლების გაცლა დაუწყო.
მოტჰო სწრაფად აძრობდა ეკლებს, მაგრამ ეკალი ძალზე ბევრი იყო და დიდხანს მოუნდა. როდესაც საქმეს მორჩა, მზე უკვე კარგა მაგრად აცხუნებდა.
მოტჰომ ნაბიჯს აუჩქარა, რომ შუადღემდე მოესწრო მამასთან ჩასვლა, მაგრამ უცებ კიდევ ვიღაცამ დაუძახა. ახლა გზის პირას მბჟუტავი კოცონი ელაპარაკებოდა:
— მომეშველე, მოტჰო! ხომ ხედავ, როგორ ვიფერფლები, მალე სულაც ჩავქრებიო.
— ოჰ, შე საწყალო, შენა! — შეეცოდა მოტჰოს კოცონი. მერე ჩაცუცქდა, ნაკვერჩხალი გაქექა, ხმელი ტოტები დააყარა და კოცონიც საამურად აგიზგიზდა.
ამასობაში მზემ კარგა მაღლა ამოიწია.
მოტჰოს სიარული გაუძნელდა. სიცხისა და მტვრისაგან სასა გაუშრა. იქვე წყაროც დაინახა, მაგრამ არ შეჩერებულა, არ უნდოდა დრო დაეკარგა. უცებ ნაკადულმა შესძახა:
— ჩემო კეთილო მოტჰო, კალაპოტი გამისუფთავე, თორემ ლამის ამოვშრეო!
— ოჰ, შე საცოდავო, შენა! — ისევ ამოიოხრა მოტჰომ. მერე წყლის პირას სწრაფად ჩაცუცქდა და ქვებისა და ფოთლებისაგან კალაპოტის ამოწმენდას შეუდგა. ეს იოლი საქმე როდი იყო. მოტჰოს ხელები და ბეჭები ეტკინა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცივი, კამკამა წყარო გაწმენდილ კალაპოტში მხიარულად არაკრაკდა. მოტჰომ წყალი დალია, ხელ-პირი დაიბანა და გზას გაუდგა.
ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია იმ სოფელს, სადაც მამამისი ცხოვრობდა. შევიდა ქოხში. მოხუცი მარტო დაუხვდა. მოტჰოს ძმა და რძალი მინდორში წასულიყვნენ სამუშაოდ. მოტჰო ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ არ დაუსვენია, მოხუცს მაშინვე ფეხები დაბანა, ოთახები დაალაგა, ფეტვის ლავაშები გამოაცხო, ბრინჯი მოხარშა და მამა დააპურა.
მოხუცი ისეთი გახარებული იყო თავისი ქალიშვილის ნახვით, რომ იმ დღეს მისი გაშვება არ უნდოდა, მაგრამ მოტჰოს ეჩქარებოდა შინ დაბრუნება, დის დარდი ჰქონდა, მარტო იქნებაო. მაშინ მამა ადგა და თავის გულკეთილსა და გამრჯე შვილს ერთი ფურკამეჩი, ერთი ხელი ლოგინი, ჯარა, რამდენიმე სპილენძის ქვაბი და სხვა საოჯახო ნივთი აჩუქა, ჩვეულებრივ, გლეხები გასათხოვარ ქალიშვილებს მზითევში რომ აძლევენ ხოლმე, ისე.
მოტჰომ მადლობა გადაუხადა მამას, საჩუქრები კამეჩს აჰკიდა და შინისაკენ გამოსწია.
როგორც კი წყაროს მიუახლოვდა, მისი ჩუხჩუხი შემოესმა.
— მოტჰო დაიხარა და რას ხედავს: წყალში ლამაზი, თხელი ქსოვილი არის გაფენილი და ათასფრად ლივლივებს.
— აიღე, მოტჰო, აიღე! შენთვის მოვქსოვე წყლის ქაფის, მზის სხივების, ყვავილებისა და ფოთლებისაგანო, — უთხრა წყარომ.
მოტჰო ძალიან გაახარა ასეთმა მშვენიერმა საჩუქარმა. აიღო ქსოვილი, მადლობა გადაუხადა ნაკადულს და გზა განაგრძო. ცოტა რომ გაიარა, ხედავს, კოცონს ტკაცატკუცი გააქვს. მოტჰო ცეცხლთან რომ მივიდა, ბანანის ფოთოლში გახვეული, ახლად გამომცხვარი ღვეზელი დაინახა. კოცონმა მოტჰოს მხიარულად შესტკრციალა:
— აიღე მოტჰო, აიღე, ეს ღვეზელი შენ გამოგიცხვეო.
მოტჰომ სიამოვნებით აიღო ღვეზელი და კოცონს მადლობა გადაუხადა. ძალიან შიოდა, მაგრამ ღვეზელი ორად გაყო: ნახევარი თვითონ შეჭამა, ნახევარი კი დას შეუნახა.
მოტჰომ სწრაფად განაგრძო გზა. უკვე კარგად მოსაღამოვდა და შინ დროზე უნდა მისულიყო. მაგრამ გზის პირას ქლიავის ხემ შეაჩერა: დახუნძლული ტოტები მისკენ დაეხარა და სთხოვდა:
— მიირთვი, მოტჰო, მიირთვი, რამდენიც გინდოდეს! შენთვის საგანგებოდ მწიფესა და გემრიელ ქლიავს ვინახავდი, მიირთვი, წყურვილს მოგიკლავსო.
მოტჰომ თავშალი გაშალა, ხემაც ტოტები შეარხია და თავშალი მწიფე ქლიავით გაუვსო.
მოტჰომ მადლობა გადაუხადა ქლიავის ხეს, რამდენიმე ცალი შეჭამა, დანარჩენი კი დას წაუღო.
როგორც იქნა, მოტჰო შინ მივიდა. მუნგოს ჯერ ღვეზელითა და ქლიავით გაუმასპინძლდა და თავისი საჩუქრები მერე აჩვენა. მუნგოს