ურასიმა ტარო
დიდი ხნის წინათ ტანგოს პროვინციის სოფელ მიძუნოუეში ცხოვრობდა ერთი მეთევზე, სახელად ურასიმა ტარო.
ურასიმა ყოველ დილით ზღვაზე სათევზაოდ გადიოდა, საღამოთი კი შინ ბრუნდებოდა.
ერთ საღამოს ურასიმა სანაპიროზე მიდიოდა. უცებ დაინახა, წყლის პირას ბავშვები შეგროვილიყვნენ. ნეტავ რითი ერთობიანო, - გაიფიქრა მეთევზემ და ბავშვებთან მივიდა. თურმე კუ დაეჭირათ და ქვიშაზე არბენინებდნენ. როცა გული იჯერეს, ზოგმა ქვის სროლა დაუწყო, ზოგიც ჯოხით აწვალებდა საცოდავს. ურასიმას შეებრალა კუ.
- ჰეი, თქვენ, დაეხსენით კუს! ამდენი წვალებით ხელში შემოგაკვდებათო, - გაუჯავრდა ბავშვებს.
მაგრამ ბავშვები იცინოდნენ.
- მერე რა! შენ რა გაწუხებს? კუ ჩვენია და, რასაც მოვისურვებთ, იმას ვუზამთო.
- მოდი, მე მომეცითო, - სთხოვა ურასიმამ.
- კიდევ რა გნებავს! ადექი და შენ თვითონ დაიჭირეო!
- მე ხომ მუქთად არ მინდა, ფულს გადაგიხდითო.
- ეგ სხვა საქმეა, მოგვეცი ფული!
ურასიმამ ბავშვებს რამდენიმე წვრილი ფული მისცა და კუ გამოართვა.
კმაყოფილი ბავშვები სადღაც გაიქცნენ. ურასიმა კი მარტო დარჩა კუსთან, ალერსით გადაუსვა ბაკანზე ხელი და უთხრა:
- ოჰ, შე საწყალო! ძალიან გაგაწვალეს? გამიგონია, ყანჩა ათას წელიწადს ცოცხლობს, კუ - იმაზე მეტსო. შენ კი დღეს კინაღამ დაიღუპე. კარგია, რომ დროზე მოგისწარი! გეტყობა, მართლაც დიდი ხნის სიცოცხლე გიწერია. აბა, წადი ახლა და გაცურე, მხოლოდ იცოდე, მეორედ აღარ ჩაუვარდე ბავშვებს ხელში.
ურასიმამ კუ ზღვაში შეაცურა და თვითონ შინისაკენ წავიდა.
მეორე დღეს, როგორც ყოველთვის, ურასიმა ზღვაზე სათევზაოდ წავიდა. უცებ ვიღაცის ძახილი მოესმა:
- ურასიმა-სან! ურასიმა-სან!
შეშინდა ურასიმა, ტალღებს დააცქერდა და იფიქრა: ვინ უნდა იყოს? ირგვლივ არავინ ჭაჭანებს, არც ნავია, არც ხალხი ჩანსო, მაგრამ უცებ სულ ახლოს წყლიდან კუმ ამოყვინთა.
- ნუთუ შენ მეძახდიო? - ჰკითხა გაოცებულმა ურასიმამ.
- დიახ, მე ვიყავი, - მიუგო კუმ და მოკრძალებით მიესალმა. - გუშინ დიდ უბედურებას გადამარჩინე და სიცოცხლე შემინარჩუნე. ჰოდა, მეც მადლობის სათქმელად მოვედი. უღრმესი მადლიერების ნიშნად, გთხოვ, ზღვის მეფის, დრაკონის სასახლეში გვეწვიო. ის სასახლე როდისმე თუ გინახავსო?
- არა! - გააქნია თავი ურასიმამ. - ამბობენ, სადღაც შორს არისო!
- შორს იყოს, მერე რა, ჩვენთვის მანძილს მნიშვნელობა არა აქვს. თუ გსურს, სასახლემდე მიგაცილებო!
- მადლობელი ვარ თავაზიანი მიწვევისათვის, მაგრამ მე რომ შენ ვერ მოგყვებიო?
- არა, ცურვა არ დაგჭირდება. ზურგზე შემაჯდები და სასახლემდე არხეინად მიხვალო.
- მერე, ამ შენს პატარა ზურგზე როგორ დავეტევიო?
- ნუ წუხხარ, დაეტევიო.
უცებ მეთევზის თვალწინ კუს ბაკანი გაიზარდა, გაიზარდა და იმოდენა გახდა, რომ ზედ თავისუფლად დაეტეოდა ადამიანი.
ურასიმა კუს ზურგზე აცოცდა და ორივენი ოკეანის ბობოქარ ტალღებს გაჰყვნენ დრაკონის სასახლისაკენ.
იცურეს, იცურეს და ბოლოს, როგორც იქნა, შორს წითელი ჭიშკარი დაინახეს.
- ეს რა მოჩანსო? - ჰკითხა ურასიმამ კუს.
- ეგ დრაკონის სასახლეა. მაღალ სახურავს ხომ ხედავო?
- მაშ, უკვე მოვედითო?
- დიახ. აკი გეუბნებოდი, ჩქარა მივალთ-მეთქი. ახლა კი ნაპირზე გადადი, ფეხით წავიდეთო.
კუმ სასახლის ჭიშკრამდე მიაცილა ურასიმა. ჭიშკართან მცველები იდგნენ.
- თქვენ, ეი, მცველებო! - ხმამაღლა გასძახა კუმ. - მოახსენეთ, რომ იაპონიიდან სტუმრად გვეწვია დიდსულოვანი მეთევზე ურასიმა ტარო.
როცა მცველებმა დრაკონს კუს ნათქვამი მოახსენეს, ურასიმას შესახვედრად კარის დიდებულნი - ტაი, ხირამე, კარეი1 - და სხვა დიდად პატივსაცემი თევზები გამოვიდნენ და ერთი ამბით მიესალმნენ სტუმარს.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პატივცემულო ურასიმა ტარო! დიდი პატივი დაგვდე ჩვენს წყალქვეშა სამეფოში მობრძანებით. მადლობა შენც, კეთილშობილო კუვ, რომ გაისარჯე და სასურველი სტუმარი მოგვიყვანეო.
თევზებმა ურასიმა სასახლეში შეიყვანეს, სადაც თვით სასახლის დიასახლისი, ზღვის დრაკონის მშვენიერი ქალიშვილი ოტოხიმე მიეგება თავისი მრავალრიცხოვანი ამალით. მან ურასიმა საპატიო ადგილას დასვა და ასეთი სიტყვა წარმოთქვა:
- მადლობელი ვართ, დიდებულო ურასიმა, რომ ინებე და მობრძანდი ჩვენთან. შენ დიდი პატივი დასდე ჩვენს სამეფოს - კუ გადაგვირჩინე და, აი, ამ დაპატიჟებით გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ისე იყავი ამ სასახლეში, როგორც საკუთარ სახლში, და დაისვენეო.
ურასიმა მიხვდა, რომ ის აქ სასურველი სტუმარი იყო, და გამხიარულდა.
- გმადლობთ მოპატიჟებისათვის! - თქვა