"ჯეკ ნიკოლსონის გმირი სადღაც ამბობს: - ამ ქვეყანაში შენი პენისი არ დაგრძელდება იმისდა მიუხედავად, ძვირიანი მანქანა გყავს, თუ არაო. პასკალი კი (პასკალ შიმბონდა არა, ფეხბურთელი რომაა, არამედ, ბლეზ პასკალი) უფრო ადრე იმოძღვრებოდა, რომო ორ მეცნიერს შორის, რომელთაგან ერთს აქვს იმის საშუალება თავს უფლება მისცეს ძვირიანი ექსპერიმენტი ჩაატაროს და მეორეს, რომელსაც საამისოდ 20 წლის შრომა სჭირდება, სხვაობა სულ რაღაც 20 წელიაო. ფრანგი, როგორც ყოველთვის, ირონიული იყო (როგორც ყველა ფრანგი) და ეს ირონია პირდაპირ გულზე ხვდებოდა ჩემს ისედაც დაბოღმილ ხასიათს – ჩემი თვრამეტი წლის ასაკში, ერთადერთი ბიჭი ვიყავი კურსზე, ვისაც როგორც პასკალი ამბობს (ბლეზ პასკალი არა, არამედ ამ შემთხვევაში, სწორედ პასკალ შიმბონდა), გოლი არ მქონდა გატანილი და ეს ისევე პირდაპირპროპორციული იყო ჩემი სიმორცხვის და ჩაკეტილი ხასიათის, როგორც წვიმა და ატალახებული სოფელი."