ძმები
ვარიაცია ო.ჭილაძის თემაზე
ძმის პირიდან ამოხეთქილმა ალისფერმა სითხემ კი არ შეაშინა, გააოცა. რამდენი სისხლი ჰქონიაო, გაიფიქრა და ცნობა დაჰკარგა. როცა გონს მოვიდა, პირქუში ბიძა ადგა თავს და კითხვის თვალებით დასცქეროდა.
– რა მოხდა? –ამოისისინა კაცმა და სანადირო თოფს დაეყრდნო.
ვართანმა არ იცოდა რა მოხდა. ძმამ იგი სამალავში დატოვა და წავიდა.
„იცოდე, არ შეგვარცხვინო, თორემ სანადიროდ წასვლას ვეღარ ეღირსები!“ – ასე მკაცრად გაფრთხილებულმა თავს ფიცი მისცა, რადაც გინდა დაჯდომოდა, მოეკლა ირემი. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც ისე ადვილი იყო სველ მიწაზე ჯდომა და ლოდინი, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, აკაწკაწებული კბილების ჭახ-ჭახი დააფრთხობდა ნადირს. ესეც არ იყოს, სროლას გამბედაობა სჭირდებოდა, ეს უკანასკნელი კი სიცივისგან მოძიგძიგე ვართანს არ ჰქონდა. არა, რა თქმა უნდა, ამაში არასოდეს გამოტყდომია თავს, მაგრამ გუმანით, თუ რაღაცა სხვა ინსტიქტით გრძნობდა, რომ ასეც იყო. ასეც უნდა ყოფილიყო ალბათ, თორემ რატომ უნდა დაემადლებინა მასზე უმცროს ძმას სანადიროდ წასვლა, ან რა უფლებით უნდა დამუქრებოდა, აცილება არ გაბედოო?!
– რა უფლებით, რა უფლებით, რომელი უფლებით?’- თვალებისცეცებით ფიქრობდა ვართანი. თვალებისცეცებით და დაბნეული, რადგან საკუთარ თავთან განმარტოებულსაც კი, იმის შიში კლავდა, რომ ძმა მიუხვდებოდა ნააზრევს და ან დასჯიდა, ან... ან რაც ყველაზე საშინელება იყო – გაიცინებდა! სიცილი კი, ოო, სიცილი ამაზრზენი იცოდა, მოჭრილ თითზე მტკივნეული და საშინელი.
და თუმც ასეთ წუთებში მზად იყო საკუთარი ხელებით მიეხრჩო სახეგადაფლაშული, ნაიარევლოყიანი, ბრტყელშუბლა ლეო, ვართანი საოცარი მოთმინებით უცქერდა ძმას, რადგან «წესით და რიგით» უნდა მოეთმინა – თვითონ ხომ უფროსი იყო!
ვართანსა და მის ძმას – კნაჭა ლეოს შორის. რვა წელი იყო სხვაობა.
იანვრის იმ ცივ ღამეს, როცა ლეო დაიბადა, დიდი თოვლი მოვიდა. ბებიაქალმა თავქვედაკიდებული შეუყვანა მიმლოდინე მამას და ბიძებს ბავშვი და მიახარა – ბიჭია, ბიჭიო. ვართანის მამამ, დიდულვაშა, ცალთვალა კაცმა ორლულიანი თოფით ამცნო სოფელს მეორე შვილის შეძენა. სოფელიც, თითქოს კარებთან ჩაცუცქული ელოდა ნიშანსო, ორიოდ წუთში გაჩნდა მათსას და წინასწარ გამზადებულ სუფრას ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ მიუსხდა. მამამ წითელი ღვინო ჩამოდგა სუფრაზე და ლხინი უბრძანა სტუმრებს, ასე რომ, ეშხში შესულ მოქეიფეებს არც კი შეუმჩნევიათ, როგორ გავარდა გარეთ უქუდო და უქურთუკო ვართანი.
მერე, როცა თოვლში პირქვეჩამხობილი იპოვეს, დედა ამშვიდებდა და თან ოდნავ აყვედრიდა შვილს – ისე გაიქეცი, ერთხელაც არ დახედე ძმას, რა ლამაზი ბავშვიაო. არადა, ვართანმა სწორედაც რომ შეხედა, შეხედა კი არა, თვალებით გაბურღა გატყავებული ცხვარივით თავქვედაკიდებული, აღნავლებული ლეო, უშნო, დახლართული და გაწითლებული სხეული მუწუკებით რომ დაფარვოდა. დახედა და უმალვე გაიქცა. და, თუმცა, სად მირბოდა თავადაც არ იცოდა იმ წუთას, რომ არ გაქცეულიყო, ისეც არ იქნებოდა. კარგად უწყოდა, უწყოდა კი არა, ხვდებოდა და ამიტომაც გაიძურწა, ვიღაც ზონზროხა კაცის ზურგს ამოფარებული.
კარები როგორც კი მიხურა, ერთბაშად შეცივდა სითბოდან გამოსულს და ერთი პირობა გაიფიქრა თბილად ჩავიცვამო, მაგრამ უმალ მიხვდა – შეამჩნევდნენ და მერე იმავე ჰაერის სუნთქვა მოუხდებოდა, რითაც მისი ახალშობილი მტრის ფილტვები ივსებოდნენ.
მირბოდა ბავშვი წელამდე თოვლში და მუხლი ეკვეთებოდა. დაღლილი არ იყო – ჯერ მეზობლის ეზოსაც არ გასცდენოდა, ძალა კი აღარ ჰქონდა. ბარდნისო, გაიფიქრა, როცა პირქვე ჩაემხო თოვლში და გაუხარდა – ორიოდე საათიც თუ მაინც არ გაახსენდებოდა ვინმეს, ისე ჩაეფლობოდა და ჩაიმარხებოდა ნამქერში, ვეღარავინ იპოვნიდა, ან თუ იპოვნიდა და რაღა დროსი იქნებოდა!
მაგრამ იგი მაინც გაახსენდათ. არა, მამასა და სტუმრებს სად ეცალათ მისთვის, ღვინოგამჯდრები სასმისებს კოცნიდნენ, მაგრამ დედამ, არაქათგამოცლილი რომ მისვენებულიყო ბალიშზე, უფროსი შვილი მოიკითხა – ძმა ვაჩვენოთო. მოიკითხა და ამიტომაც დაუწყეს დიდიან-პატარიანად ძებნა რვა წლის ვართანს. საგანგაშო რა უნდა ყოფილიყო წესით, უკვე დიდი ბიჭი იყო, მაგრამ ქალმა აიხირა რაღაცას აუტეხს თავსო.
სტუმრები ზლაზვნით წამოიშალნენ სუფრიდან და გარეთ გავიდნენ. ეზოში უფრო ბევრი გამოჩნდნენ და მართლაც ბევრნი ყოფილან, რადგან ორიოდ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი დაადგა პირქვეჩამხობილ ბავშვს, სახე და ყურები ერთიანად რომ გასწითლებოდა სიცივით.
მამამ მოსულიერება არც აცალა, ისე უთავაზა მაგარი სილა და სად მიეთრეოდიო, ჩასძახა, მაგრამ ვართანს ლაპარაკის არც თავი ჰქონდა, – არც სურვილი.
და მერე, როცა აკანკალებული და ჩუმად აცრემლებული დედამ ჩაიწვინა ლოგინში, რაღაცნაირად შერცხვა საკუთარი საქციელის და სინანული იგრძნო, ასე რომ ააფორიაქა ყველა. თუმცა, ისიც