შესავალი
როგორია, იყო ცხრამეტი წლის
(და კიდევ ცოტა რამ)
I
ცხრამეტი წლის (წიგნების სერიაში, რომლის წაკითხვასაც აპირებთ, ეს რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია) რომ ვიყავი, ყველას ჰობიტები ეკერა პირზე.
ვუდსტოკის მუსიკისა და ხელოვნების დიდ ფესტივალზე, მაქს იასგერის ატალახებულ ფერმაში, სულ ცოტა, ექვს-ექვსი მერი და პიპინი, ორჯერ მეტი ფროდო და უამრავი ჰიპი გენდალფი დარბოდა. იმ დროს ჯ. რ. რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ ძალიან პოპულარული იყო და, მართალია, ვუდსტოკის ფესტივალს ვერ დავესწარი (სამწუხაროდ), მაგრამ ვფიქრობ, ჰიპი ნახევარკაცა მაინც ვიყავი, თუნდაც იმდენად, რომ ტრილოგია წამეკითხა და შემყვარებოდა. „ბნელი კოშკის“ სერია, ისევე როგორც ჩემი თაობის მრავალი ავტორის მიერ შექმნილი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები (სტივენ დონალდსონის „თომას ქავინენტის ქრონიკები“ და ტერი ბრუქსის „შანარას ხმალი“ მრავალთაგან მხოლოდ ორი მაგალითია), ტოლკინისგან იშვა.
ტოლკინის ტრილოგია 1966-67 წლებში წავიკითხე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარი ნაწარმოების დაწერას არ ვჩქარობდი. ტოლკინის უსაზღვრო წარმოსახვამ და მისი წიგნის მასშტაბურობამ მომაჯადოვა, მაგრამ მე ჩემებური ამბის შეთხზვა მინდოდა. მაშინვე რომ დამეწყო წერა, შედეგად ჩემსას კი არა, ალბათ, ტოლკინის წიგნს მივიღებდით. ეს კი, როგორც ცხონებული დიკი ნიქსონი იტყოდა, ცუდი იქნებოდა. ბატონი ტოლკინის წყალობით მეოცე საუკუნეს ელფები და ჯადოსნები ისედაც არ აკლდა.
1967 წელს წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორი იყო ჩემებური ამბავი, მაგრამ ეს არ მადარდებდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მას ქუჩაში შეხვედრისთანავე ვიცნობდი. ცხრამეტი წლისა ძალიან თავდაჯერებული ვიყავი; იმდენად თავდაჯერებული, რომ მუზის სტუმრობისა და შედევრის (დიახ, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს შედევრი იქნებოდა) შექმნის იმედით მოცდა ვარჩიე. ჩემი აზრით, ცხრამეტი წლისას თავდაჯერებულობის ყველანაირი უფლება გაქვს; დრო ჯერ კიდევ ბლომად გაქვს, როგორც პოპულარულ ქანთრი-სიმღერაში მღერიან, მას ჯერ კიდევ არ წაურთმევია შენთვის თმა და ბურთის კალათში ჩატენის უნარი. სინამდვილეში დრო უფრო მეტს გართმევს. ეს 1966-67 წლებში არ ვიცოდი, მაგრამ რომც მცოდნოდა, ამაზე მაინც არ ვიდარდებდი. შემეძლო, წარმომედგინა (ისიც გაჭირვებით), როგორი ვიქნებოდი ორმოცი წლისა, მაგრამ ორმოცდაათისა? არა. სამოცისა? არასოდეს! სამოცი გამორიცხული იყო. როცა ცხრამეტის ხარ, ყოველთვის ასე ხდება. ცხრამეტი წელი ის ასაკია, როცა მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობ: „შემომხედეთ, მე ტროტილს ვეწევი და დინამიტს ვსვამ, ასე რომ, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ, გზა დაუთმეთ სტივის“.
ცხრამეტი წელი ეგოიზმის ასაკია და ამ დროს, საკუთარი თავის გარდა, არაფერი გადარდებს. მხოლოდ ის მინდოდა, დასახული მიზნებისთვის მიმეღწია და უსაზღვრო ამბიცია დამეკმაყოფილებინა. ერთი საბეჭდი მანქანა მქონდა და ერთი ბინძური ბინიდან მეორეში დავათრევდი, ჯიბეში ყოველთვის მოსაწევი მედო, სახეზე კი ღიმილი მეხატა. შუა ხნის ასაკის კომპრომისები შორს იყო, ხოლო მოხუცებულობის უძლურება - საერთოდ თვალსაწიერს მიღმა. ბობ სიგერის სიმღერის (რომელსაც ახლა სატვირთო მანქანების გასაყიდად იყენებენ) მთავარი გმირისა არ იყოს, თავს უსაზღვროდ ძლიერად და ოპტიმისტად მივიჩნევდი; ჯიბეები ცარიელი მქონდა, თავი - სავსე აზრებით, რომელთა ხმამაღლა გამოთქმა მსურდა, გული კი - სავსე ამბებით, რომელთა მოყოლა მინდოდა. ახლა ეს ძველმოდურად ჟღერს, მაგრამ მაშინ საუცხოო, უმაგრესი გრძნობა იყო. ყველაზე მეტად ის მინდოდა, მკითხველთა აბჯარი გამერღვია, სრულიად დამეპყრო მათი გული და გონება და ჩემი წიგნებით სამუდამოდ გარდამექმნა. მჯეროდა, რომ ამის ძალა შემწევდა. მჯეროდა, რომ სწორედ ამისთვის მოვევლინე ქვეყნიერებას.
შეიძლება, ძალიან ამპარტავნულად ჟღერს, შეიძლება, არც ისე, მაგრამ ასეა თუ ისე, მობოდიშებას მაინც არ ვაპირებ. ცხრამეტი წლის ვიყავი, წვერში ჭაღარა საერთოდ არ მერია. მქონდა სამი ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რწმენა იმისა, რომ სამყაროს ჩემ ფერხთით დავაჩოქებდი და ყველაფერი, რაც მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მოხდა, ამ რწმენას კიდევ უფრო მიმტკიცებდა. თუმცა მერე, ოცდაცხრამეტი წლის ასაკში, პრობლემები შემექმნა: სმა, ნარკოტიკები, ავტოავარია, რის შედეგად სამუდამოდ შემეცვალა სიარულის მანერა (ბევრ სხვა რამესთან ერთად). ამაზე უკვე ბევრგან მიწერია და აქ აღარ დავწერ. თანაც, თქვენთვის ხომ არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ისედაც იცით! ადრე თუ გვიან, სამყარო ყველას უგზავნის ბოროტ პატრულს, სიჩქარე შეანელეო და უჩვენებს, უფროსი ვინაა. თქვენ, ვინც ახლა ამ სიტყვებს კითხულობთ, ალბათ, უკვე შეხვედრიხართ (ან შეხვდებით) თქვენსას; მე ჩემს პატრულს უკვე შევხვდი და დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება. მან ჩემი მისამართი იცის. ის ბოროტი ტიპია, „ცუდი პოლიციელი“, ცელქობის, თავგასულობის, სიამაყის, ამბიციის, ხმამაღალი მუსიკისა და იმ ყველაფრის დაუძინარი მტერი, რაც ცხრამეტი წლის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ ცხრამეტი წელი კარგი ასაკია. ალბათ, საუკეთესო. შეგიძლია, მთელი ღამე იცეკვო,