ჟან-ჟაკ რუსო
ყველაფერი იგი გაქრა,
ვით სიზმარი გვიანი,
დრომ ახალი ძალით დაჰკრა:
სხვაა ადამიანი.
რუსოს ხანა, ოხვრა რონის,
ტრიანონის ცდომანი…
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
«საფრანგეთის დიდებული ერი ჰქმნის დიდებულ ადამიანებს არა მხოლოდ საფრანგეთისათვის, არამედ ყველა ერისათვის. სალამი საფრანგეთს!» ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძის ნათქვამია.
მართლაც, სალამი, სახელი და დიდება საფრანგეთს! რამდენი გამოჩენილი და სახელოვანი ადამიანი აღუზარდა და მისცა მან კაცობრიობას. ყველას ვინ ჩამოთვლის… მათ შორის ჟან-ჟაკ რუსოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს. ქვეყნისქვეყნად სახელგანთქმულ მწერალზე, საზოგადო მოღვაწესა თუ რომელიმე დიდოსტატსა და შემოქმედზე იტყვიან: მის გამო იმდენი წიგნი, ლექსი, რომანი, გამოკვლევა, შრომა ან სტატია დაიწერა, მარტოოდენ მათი სათაურების ჩამოთვლას ერთი კარგი მოზრდილი ტომიც არ ეყოფაო. ასეთ ბუმბერაზთა რიცხვს ეკუთვნის გენიალური ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, პედაგოგიკის თვალსაჩინო კლასიკოსი და დიდი ჰუმანისტი, დემოკრატ-განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო (ღოუსსეაუ).
იგი დაიბადა ქალაქ ჟენევაში, პროტესტანტულ ოჯახში, 1712 წლის 28 ივნისს. გარდაიცვალა ერმენონვილში, პარიზის ახლოს, 1778 წლის 2 ივლისს. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ჟენევაში. რუსოს მამა, ისააკი, ღარიბი მესაათე და ცეკვის მასწავლებელი, ეგოისტი, მოუსვენარი და ფრიად დაუდეგარი კაცი იყო, თავგადასავლების მაძიებელი, სულ რომანების კითხვასა და ნადირობაში ატარებდა დროს, თავის ბავშვებს ანებივრებდა და ძალზე ფიცხი გახლდათ. რუსო ადრე დაობლდა. მისი ძმა, რაღაც ოინების გამო, ჟენევიდან გაქრა, ხოლო მამა იძულებული გახდა მეზობელ კანტონს შეხიზნებოდა, რადგან ერთი აზნაურის მოკვლა განიზრახა. აქ მეორეჯერ იქორწინა. ჟენევაში მარტოდმარტო დარჩენილი ჟან-ჟაკი სასწავლებლად ჯერ ნოტარიუსს მიაბარეს, შემდეგ – გრავიორს, სადაც საბრალო ქარგალმა პირველად იწვნია და განიცადა აუტანელი სიდუხჭირე. სუსტი, ზარმაცი და უზნეო, მუშაობის დროს სულ წიგნებს კითხულობდა. მიეჩვია ტყუილს, ფარისევლობას, ქურდობას, სიტყვაძვირობას და მეტისმეტად უხიაკი და უცნაური ბავშვი იყო.
კვირაობით ხშირად გადიოდა ქალაქგარეთ და ბევრჯერ დაბრუნებულა იმ დროს, როცა ქალაქის კარიბჭე იკეტებოდა. ამის გამო გარეთ უხდებოდა ღამის გათევა. 1728 წელს დატოვა ქალაქი და წავიდა კათოლიკურ სავოიაში, სადაც ერთ-ერთი სოფლის მღვდელმა წინადადება მისცა მიეღო კათოლიკობა, რის გამოც წერილი გაატანა ანესში მცხოვრებ მემამულე ქალთან – ქალბატონ ვარანთან. ეს იყო ახალგაზრდა ბანოვანი, რომელსაც კათოლიციზმის აღიარებისათვის მეფემ თვალსაჩინო დახმარება აღმოუჩინა. ვარანმა გაგზავნა რუსო ქალაქ ტურინში, სადაც ზრდიდნენ და ასწავლიდნენ პროზელიტებს, ე. ი. რომელიმე ახლადმიღებული სარწმუნოების მიმდევართ. გამოუცდელი ყრმა აღმოჩნდა მაწანწალათა ბრბოში, უმეცარ-უბირთა შორის, რომლებიც სარჩოს გულისათვის წამდაუწუმ იცვლიდნენ სარწმუნოებას.
კათოლიკობის მიღების შემდეგ იგი აღარ აინტერესებდათ მღვდლებს, გამოაგდეს მონასტრიდან, მისცეს ოციოდე ფრანკი და გზა დაულოცეს… უგროშკაპიკოდ დარჩენილი რუსო ჩავიდა ლოზანაში და თავი მუსიკის მასწავლებლად გამოაცხადა. სცადა კიდეც დაეწერა მუსიკალური პიესა საკონცერტოდ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. «ძალიან ცუდად იყო მაშინ ჩემი საქმე, ყველა მიხვდება, თუ რა მდგომარეობაში ჩავვარდი. მაგრამ, ცხადია, ყველაფერი ეს დავიმსახურე», – წერდა რუსო შემდეგ. მერე იგი მდივნად და მთარგმნელად დაუდგა ვიღაც აფერისტს, იერუსალიმელ არქიმანდრიტს, რომელიც შემოწირულებას აგროვებდა ვითომცდა «უფლის საფლავის აღსადგენად». რუსომ მიატოვა ბერი და იწყო ხეტიალი ქალაქებსა და სოფლებში, 1732 წელს ბრუნდება ანესში, კვლავ ხვდება ქალბატონ ვარანს და ცხოვრობს მასთან რამდენიმე წელიწადს.
ქალმა ასწავლა მას სწორად წერა, განათლებულ ადამიანთა ენით მეტყველება და მაღალი წრის საზოგადოებაში თავდაჭერა. შეიყვანა სემინარიაში, ხოლო შემდეგ მიაბარა ორღანისტს, რომელიც მოწაფემ მალე მიატოვა, დაბრუნდა ანესში, მაგრამ ამ დროს ვარანი უკვე პარიზს იყო წასული, და რუსოს ორ წელიწადს მოუხდა შვეიცარიაში უსახლკაროდ ცხოვრება. სულ ფეხით შემოიარა ეს მხარე, ღამეებს კვლავ ღია ცის ქვეშ ათევდა, მაგრამ ეს როდი აწუხებდა. ამავე დროს დაეწაფა თვითგანვითარებას. საფუძვლიანად სწავლობს მუსიკას, ბევრსაც კითხულობს.
1740 წელს იყო მაბლოს (პოეტის ძმის) ოჯახის შინამასწავლებელი, მაგრამ ამ საქმისათვის ვერ გამოდგა; არ შეეძლო მოწაფეებთან და უფროსებთანაც თავის დაჭერა, ჩუმად მიჰქონდა ღვინო თავის ოთახში და ცდილობდა დიასახლისთან გაარშიყებას, რის გამოც იძულებული გახდა წასულიყო ამ სახლიდან. დაბოლოს, 29 წლის რუსო, 1741 წელს, მიდის პარიზში. ჯერ კიდევ ვერ მიაგნო თავის ნამდვილ მოწოდებას. უყვარს მუსიკა და ფიქრობს, ჩემი ნიჭი მთელი ელვარებით სწორედ ამ ასპარეზზე გაბრწყინდებაო. პარიზში ჩაიტანა საკუთრივ გამოგონილი მუსიკალური სისტემის პროექტი (აქ ნოტების მაგივრად გამოიყენებოდა ციფრები). აკადემიამ მოიწონა იგი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მის დასაცავად რუსომ დაწერა «მსჯელობა თანამედროვე მუსიკის გამო», ამ სისტემის გამოყენება ვერ მოხერხდა.
პარიზში რამდენიმე წელს ყოფნისას მოექცა განმანათლებელ მოღვაწეთა წრეში: განმანათლებელთა შორის იყვნენ მთელ ევროპაში