მდიდარი სოფლელები გურამ მეგრელიშვილის მწერლური (და, რასაკვირველია, ადამიანური) ეთიკა გულზე მუშტის მცემელი და თითის მქნეველი მორალისტის პოზიციებს სრულებით გამორიცხავს, საკუთარი ვნებით, საკუთარი გამოცდილებით იწყებს, „ადამიანურ“ დისკურსებს არჩევს: „ამას წინათ მეგობრებთან ერთად ლუდს ვსვამდი და რატომღაც სამოქალაქო აზრის არქონაზე ჩამოვარდა საუბარი“ – ასე, სასხვათაშორისოდაა დაწყებული მისი საუბრები.
ლიტერატურულ ჟანრთა ტრანსფორმაციის პირობებში გურამ მეგრელიშვილის სათქმელს კონკრეტულ ფორმას ვერ მოუძებნი, ის შუალედურია პუბლიცისტიკასა და ესეისტიკას შორის, თუმცა, მეორე მხრივ, იმდენად ხარ აღძრული საკუთარი მანკიერებების აღმოჩენით, რომ ამ ტექნიკურ საკითხზე ფიქრიც კი გეუხერხულება.
ამ წიგნის საბაბი ერთია – გურამ მეგრელიშვილმა დუმილი ვერ შეძლო! სწორედ ესაა მისი მწერლობის (მით უმეტეს, ადამიანობისა და მოქალაქეობის) გამართლება.