ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა
1997 წლის თერთმეტ ნოემბერს ვერონიკამ საბოლოოდ გადაწყვიტა, სიცოცხლესთან ანგარიში გაესწორებინა. ქალთა მონასტერში დაქირავებული ოთახი გულდაგულ დაალაგა, კბილები გაიხეხა და ლოგინში ჩაწვა.
თავთით დადგმული მაგიდიდან აბები აიღო– ოთხი კოლოფი ძილის წამალი, მაგრამ პირში მუჭით არ შეუყრია, გადაწყვიტა, სათითაოდ ჩაეყლაპა, რადგან იცოდა, დიდი სხვაობა იყო გადაწყვეტილებასა და მოქმედებას შორის, და თუკი შუა გზაზე გადაიფიქრებდა, სურდა, არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონოდა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ყოველ გადაყლაპულ აბთან ერთად სულ უფრო უმტკიცდებოდა სიკვდილის სურვილი და ხუთიოდე წუთში ოთხივე კოლოფი გამოცალა.
ვერონიკას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როდის დაკარგავდა გრძნობას, ამიტომ ჟურნალი აიღო–Homme
-ის უკანასკნელი ნომერი, რომელიც თავისი სამსახურიდან, ბიბლიოთეკიდან ჰქონდა წამოღებული. კომპიუტერები არასოდეს აინტერესებდა, მაგრამ ჟურნალს რომ ფურცლავდა, ერთ სტატიას მოჰკრა თვალი– პაულო კოელიოს ახალი კომპიუტერული თამაშის შესახებ წერდნენ. ამ ბრაზილიელ მწერალს ვერონიკა ერთხელ შემთხვევით შეხვდა სასტუმრო „გრან-იუნიონის“ კაფეში გამართულ მკითხველთა კონფერენციაზე. სულ რამდენიმე სიტყვა უთხრეს ერთმანეთს და მწერლის გამომცემელმა ვერონიკა სადილად მიიწვია. მაგრამ სადილზე ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა და გასაუბრება ვეღარ შეძლეს.
თავად იმ ფაქტმა, რომ იცნობდა მწერალს, რომლის შესახებაც, თითქოს ჯიბრზე, შემთხვევით თვალში მოხვედრილ სტატიაში იყო ლაპარაკი, აფიქრებინა, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად იყო მის ბედთან დაკავშირებული. კითხვა დაიწყო, სხვა თუ არაფერი, დრო მაინც გავიდოდა. მთელი მისი ცხოვრებაც ასე აეწყო– უმეტესად სირთულეებს გაურბოდა და იმას სჯერდებოდა, რაც ხელში მოხვდებოდა. ეს ჟურნალიც ასევე შემთხვევით წამოიღო ბიბლიოთეკიდან.
უცნაური იყო, მაგრამ სტატიის პირველივე წინადადებამ ჩვეული გულგრილი წონასწორობა დაურღვია (არა, წამალს ჯერ არ ემოქმედა, ვერონიკა ბუნებით იყო პასიური) და თავის სიცოცხლეში პირველად დააფიქრა იმ გამოთქმის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე, ესოდენ პოპულარული რომ იყო მის მეგობრებში: „ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება“.
ნეტავ სწორედ ახლა რატომ წააწყდა ამ ფრაზას, როცა სულ რამდენიმე წუთის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი? თუ დამთხვევა არ იყო, სხვაგვარად როგორ უნდა აეხსნა ცხოვრების ეს უკანასკნელი მინიშნება– ალბათ, მაინც უნდა ეფიქრა, რომ სტატიაში რაღაც დაფარული ნიშანი იმალებოდა და შემთხვევითობა ნამდვილად არ არსებობდა.
კომპიუტერული თამაშის ილუსტრაციის ქვეშ დაბეჭდილი ტექსტი კითხვით იწყებოდა:
„სად მდებარეობს სლოვენია?“
„ღმერთო ჩემო,– გაიფიქრა ვერონიკამ,– სლოვენიის შესახებ არავინ არაფერი იცის, ისიც კი არ იციან, ტერიტორიულად სად მდებარეობს“.
და მაინც, სლოვენია ნამდვილად არსებობდა, ის იყო გარეთ, შიგნით, მთებად– ჰორიზონტზე, ქალაქის მოედნად– ფანჯრის მიღმა. სლოვენია ვერონიკას სამშობლო იყო, მისი ქვეყანა.
ვერონიკამ ჟურნალი გვერდზე გადადო: რა აზრი აქვს განრისხდე სამყაროზე, რომელმაც არაფერი იცის სლოვენიელების არსებობის შესახებ?! ერის პატივი და ღირსება მისთვის ახლა ცარიელ სიტყვებს წარმოადგენდა. ის დრო დადგა, თავისი თავით ეამაყა, მიხვედრილიყო, რისი უნარი შესწევდა– ბოლოს და ბოლოს, ეყო ძალა და ცხოვრებას გამოემშვიდობა. რა ბედნიერებაა! თან ეს ისე გააკეთა, როგორც ოცნებობდა– წამლით, წამალი კვალს არ ტოვებდა.
ამ აბებს თითქმის ნახევარ წელიწადს ეძებდა. იმის შიშით, რომ შეიძლებოდა, წამალი ვერც ეშოვა, დროდადრო თავის მოკვლის სხვა გზებზედაც ფიქრობდა– მაგალითად, ვენების გადაჭრაზე. რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ მთელი ოთახი სისხლით მოირწყვებოდა, აურზაური ატყდებოდა და მონაზვნებსაც თავზარი დაეცემოდათ: თვითმკვლელობა ადამიანის პირადი საქმეა და ამ დროს სხვებზე არ ფიქრობ. ვერონიკას ძალიან არ უნდოდა, თავისი სიკვდილით სხვები შეეწუხებინა, მაგრამ თუ ვენების გადაჭრა ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, რაღა უნდა ექნა? მონაზვნები, ალბათ, ოთახს მორეცხავდნენ, თვითმკვლელობის ყველა კვალს გააქრობდნენ და მალევე დაივიწყებდნენ, თუკი ეს ამბავი არ გახმაურდებოდა და მდგმურებს არ დაუფრთხობდა. რაც უნდა თქვან, მე-
20 საუკუნის მიწურულშიც ადამიანებს მაინც ეშინიათ მოჩვენებებისა.
ცხადია, ისიც შეიძლებოდა, ლუბლიანის რომელიმე ყველაზე მაღალი სახლის სახურავიდან გადმომხტარიყო, მაგრამ მშობლები ებრალებოდა. უბედურებად ქალიშვილის თვითმკვლელობაც ეყოფოდათ და მისი დამახინჯებული გვამის ამოსაცნობად მორგში მისვლა კიდევ ერთი საშინელება იქნებოდა მათთვის. ერთი სიტყვით, სახლის სახურავიდან გადმოხტომა უფრო უარესი იქნებოდა, ვიდრე სისხლისაგან დაცლა: მისი მშობლები მხოლოდ შვილის ბედნიერებაზე ოცნებობდნენ და ასეთ მძიმე ტრავმას ვერ მიაყენებდა.
ცხადია, შვილის სიკვდილს, ბოლოს და ბოლოს, შეეგუებოდნენ, მაგრამ მისი დამახინჯებული სხეულის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებდნენ.
გამოსავალი არც ისე ბევრი იყო: ან იარაღით უნდა მოეკლა თავი, ან სახურავიდან გადმომხტარიყო, ან თავი ჩამოეხრჩო– მისი ქალური ნატურა სამივე გზას უარყოფდა. ქალები თვითმკვლელობის უფრო რომანტიკულ ფორმას ირჩევენ ხოლმე: წამლებს სვამენ ან ვენებს იჭრიან. ამის მრავალი მაგალითი არსებობდა: ჰოლივუდის მსახიობები, ხანში შესული ტოპ-მოდელები, ქმრების მიერ მიტოვებული დიდგვაროვნები.
ვერონიკამ იცოდა, რომ სიცოცხლე იმ წუთის მოლოდინია, როცა არჩევანი უნდა