უმისმართოდ
ეძღვნება იმას,
ვინც მითხრა,
რომ შოკოლადი ძალიან უყვარდა,
მაგრამ მთლიანი პარკი ნაგავში მოისროლა.
ასევე იმათ, ვინც გაუკვალავ გზაზე გეზი დაკარგა, გაქრა და გაფერმკრთალდა.
ეძღვნება ყველას, ვინც დედასთან ვერ დაბრუნდა ან ვერ დაბრუნდება.
ყველა სტრიქონს ვუძღვნი ზაფხულის თოვლს.
უმისამართოდ
ორნი ბილიკზე, მათი ფეხები,
დადიან ობლად, უმისამართოდ,
მთიანი მხარე, მისი კეხები,
უსამაროდ და უმისამაროდ.
აღარც დაღამდება, აღარც გათენდება,
აღარც აპრილი და აღარც იანვარი,
აღარც შენ იქნები, აღარც მე ვიქნები,
აღარც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი დასასრული.
ბილიკებს გასცდნენ, ახლა სიჩუმე,
უნაყოფოა და უსამართლო,
ორი ფერმკრთალი გვამი კი დადის
უმისამართოდ, უმისამართოდ.
აღარც დაღამდება, აღარც გათენდება,
აღარც აპრილი და აღარც იანვარი,
აღარც შენ იქნები, აღარც მე ვიქნები,
აღარც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი დასასრული.
ხვდებიან სულნი როგორ ქრებიან,
წუთისოფელმა როგორ გაართო,
მანამდეც, ახლაც და მომავალშიც
ეს სიარული უმისამართო.
აღარც დაღამდება, აღარც გათენდება,
აღარც აპრილი და აღარც იანვარი,
აღარც შენ იქნები, აღარც მე ვიქნები,
აღარც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი დასასრული.
პოეტი ჰყვება ამ ბედკრულ ლექსებს,
და სიყვარულმა როგორ დაათრო
და რაც არ უნდა სწორად იარო,
მაინც გაივლი უმისამართოდ.
აღარც დაღამდება, აღარც გათენდება,
აღარც აპრილი და აღარც იანვარი,
აღარც შენ იქნები, აღარც მე ვიქნები,
აღარც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი დასასრული.
ორნი ბილიკზე, მათი სურნელი,
უსამაროდ და უმისამაროდ,
ორნი ბილიკზე, ორი სულელი,
დადიან მუდამ უმისამართოდ.
აღარც დაღამდება, აღარც გათენდება,
აღარც აპრილი და აღარც იანვარი,
აღარც შენ იქნები, აღარც მე ვიქნები,
აღარც ჩვენ ვიქნებით, ჩვენი დასასრული.
მონანიება
და არა მარტო სამჯერ შევცოდე,
და არა მარტო ლოყაზე კოცნა,
ჩემი სიცოცხლე ტკივილებს გოდებს,
სხეული ქრება, სხეული მორჩა.
გული გათიშა ყალბმა წამალმა,
სახლის წინ იებს ზამთარი ყინავს,
და დაიყივლა ასჯერ მამალმა,
ვერ ვუღალატე, ჯერ კიდევ მძინავს.
***
მზის ნაპერწკლები თვალებს მიწვავენ,
სემირამიდა აგებულია,
სასწაულია, სხვას რას იზამენ,
გულიც აჰყვება, სასწაულია.
სივრცეს მუსიკით გაუკაცრიელს
დასასრულს ითხოვს მისი ზმანება,
ვერვინ იმგვანებს მიწას ცარიელს,
შენ კი ვერავინ დაგემგვანება.
შენ რომ მხედავდე, როგორ მივათრევ
ფეხებს, თავსა და დალურსმულ ხელებს,
ვეღარ ერევა სხეული სათრევს,
თითქოს კუბოდან ამოასვენეს.
უდაბნოს ჰაერს და მის სიცხადეს
მხოლოდ მნახველი კაცი მიხვდება,
თითქოს ხორციდან სული გაგაძრეს
და თითქოს ბედკრულს ასე გიხდება.
ფერდაკარგული აღარ ვარ საღი,
უნდა დამმარხონ მკვლელებმა სანდოდ,
რადგან თავიდან იყავი ბაღი
და გადიქეცი ახლა უდაბნოდ.
მზის ნაპერწკლები თვალებს მიწვავენ,
სემირამიდა აგებულია,
სასწაულია, სხვას რას იზამენ,
გულიც აჰყვება, სასწაულია.
მარცვალი
როგორც გრანელი შეწუხებული
მეც ლამაზ მარცვლად აღმოვცენდები,
გულივით სხარტი, ამბოხებული,
დაიხატება მკრთალი ლანდები.
გარდაცვალება იქნება წამი,
სიამოვნების ლანდი ნელ-თბილი,
იქნებ მოვასწრო, წარმოვთქვა, ამინ
და მკვეთრად ვიგრძნო შავი წერტილი.
როგორც გრანელი შეწუხებული
სიღარიბიდან აღმოვცენდები,
ჩემი სხეული გალანდებული,
ცრემლით გოდება, სენტიმენტები.
ქარბუქით სავსე ბედის მორევში
წყვდიადის მიღმა, წყვდიადთან ახლოს,
სადაც გარდაცვლილ იმედის ხევში
თვით ჩემი ერთი გრანელი სახლობს.
სეტყვა, გრიგალი უფრო წმინდაა,
გამოდარება იცის ყოველთვის,
სულ რომ არ გავსებს, სულ რომ არ გინდა,
მაინც მზიანი ამინდი გელტვის.
მაგრამ მორევი უკუქცევის და
უკუმოქცევის შავ-თეთრ სარკეში,
მოლოდინი გაქვს მუდამ დევის და
ბოლო ვწერივარ მკვდართა ნარკვევში.
როგორც გრანელი შეწუხებული,
მეც ლამაზ მარცვლად აღმოვცენდები,
გულივით სხარტი, ამბოხებული,
დაიხატება მკრთალი ლანდები.
მწვანე ბალახზე ფეხის მტევნები
გრანელზე დადის უმისამართოდ,
მე ვერ გავუძლებ ვიცი ვევნები,
ვიცი, რომ შავმა მიწამ გამართო.
გადაქცეული და დაქცეული,
როგორც იები თოვლში, ყინვაში,
თესლი მიწაში კვდება ეული,
მოლანდებაა თითქოს ხილვაში.
მობიბინენი შავი ბინები
ხეებს უყურებს, როგორც დროება,
ხანმა შეჭამა უკვე წინები,
ათი სართულის ამაოება.
ორი სათუთი ფეხი კი დადის,
გრანელის კვალი ილევა, ლპება,
სათუთი ფეხი წუხილს გრძნობს მადის,
ფერმკრთალი კანიც გადაიპება.
როგორც გრანელი შეწუხებული,
მეც ლამაზ მარცვლად აღმოვცენდები,
გულივით სხარტი, ამბოხებული,
დაიხატება მკრთალი ლანდები.