თავი პირველი - გრიგალი დოროთი კანზასის დიდი პრერიების შუაგულში ცხოვრობდა, ძია ჰენრისა და დეიდა ემთან ერთად. ძია ჰენრი ფერმერი იყო, დეიდა ემი – ფერმერის ცოლი. პატარა სახლი ედგათ. ფიცრები იმსიშორიდან მოზიდეს ფორნით, რომ მხოლოდ ოთხი კედელი, იატაკი და ჭერი, ანუ ერთ ოთახი გამოვიდა. ოთახში იდგა ჟანგმოკიდებული ქურა, ბუფეტი, მაგიდა, ოთხიოდე სკამი და საწოლები: ერთ კუთხეში დიდი, ძია ჰენრისა და დეიდა ემისა, მეორეში – პატარა, დოროთისა. არც სხვენი გააჩნდათ და არც სარდაფი. მიწაში ჩათხრილი ერთი პატარა ხვრელი ჰქონდათ, ციკლონის სარდაფს ეძახდნენ და ქარბორბალას დროს აფარებდნენ თავს. აქ ისეთი ქარბორბალა იცოდა, რა სახლი გაუძლებდა! შუა ოთახში, იატაკზე, ასახდელი კარი იყო და ბნელ, მოცუცქნულ ხვრელში პწკალა კიბე ჩადიოდა.
როცა დოროთი გარეთ გავიდოდა და გაიხედ-გამოიხედავდა ხოლმე, დიდი, მოჟამული პრერიის გარდა თვალში არაფერი ხვდებოდა. არც ხე ჭაჭანებდა და არც სახლი. ფართოდ გადაშლილ, ცის კიდემდე გადაჭიმულ დაბლობს არაფერი ეღობებოდა. მზით გამომხმარი ნახნავი ჟამისფერ, წვრილ-წვრილად დაბზარულ მასად ქცეულიყო. ბალახი რომ ბალახია, ისიც კი არ იყო მწვანე: მზეს ისე დაეხრუკა გრძელი ღეროების წვერები, რომ სულ ერთიანად ჩაეჟამებინა. სახლი ოდესღაც შეღებეს, მაგრამ საღებავი ჯერ მზემ აბურცა, მერე წვიმამ ჩამორეცხა და ახლა ისიც იქაურობასავით უღიმღამო და ჟამისფერი იყო.
დეიდა ემი ამ მიდამოებში ახალგაზრდა, სანდომიანი ქალი ჩამოვიდა, მაგრამ მზემ და ქარმა არც მას დააკლო ხელი: თვალებში ნაპერწკალი ჩაუქრო და ჩაბჟუტული ჟამისფერიღა დაუტოვა, ტუჩ-ლოყიდან კი სიწითლე მოსტაცა და იქაც ჟამისფერი გადააკრა. მჭლე, აწოწილი ქალი იყო, პირზე ღიმილი არ მოსდიოდა. დაობლებული დოროთი რომ ჩამოუვიდათ, დეიდა ემი ისე დააფრთხო ბავშვის სიცილმა, რომ რამდენი დოროთის მხიარული ხმა ჩაესმოდა, იმდენი შეჰკივლებდა და გულზე ხელს იტაცებდა; ახლაც გაკვირვებით შეხედავდა ხოლმე პატარა გოგოს, რა აცინებსო.
ძია ჰენრიმ კი, სიცილი რა იყო, არ იცოდა. გათენებიდან დაღამებამდე შრომობდა და რა გაამხიარულებდა! გრძელი წვერით დაწყებული და ტლანქი ჩექმებით დამთავრებული, ჟამისფერი იყო, მკაცრი და პირქუში იერი ედო და ძვირად თუ იტყოდა რამეს.
დოროთის ტოტო აცინებდა, ტოტოს წყალობით იყო, რომ იქაურობასავით არ ჩაჟამდა. ტოტო ჟამისფერი არ იყო; ციცქნა, შავ ფინიას გრძელი, აბრეშუმივით ბეწვი და სასაცილო, ცქნაფა ცხვირის აქეთ-იქით ჩასმული, მხიარულად მოციმციმე პატარა, შავ-შავი თვალები ჰქონდა. მთელი დღე თამაშობდა; დოროთიც ეთამაშებოდა და სულითა და გულით უყვარდა.
თუმცა, დღეს სათამაშოდ არ ეცალათ. ძია ჰენრი ზღურბლზე იჯდა და მღელვარედ აჰყურებდა ჩვეულებრივზე ჩაჟამებულ ცას. დოროთი ღია კარში იდგა, ტოტო აეყვანა და ისიც ცას უყურებდა. დეიდა ემი თეფშებს რეცხავდა.
ჩრდილოეთიდან ქარის შორი, ჩუმი ზუზუნი მოისმა და ძია ჰენრიმ და დოროთიმ დაინახეს, როგორ ტალღა-ტალღა გაწვა მაღალი ბალახი იქ, სადაც ქარიშხალმა გადმოიარა. ახლა სამხრეთიდან მოაღწია მწარე სტვენამ. გაიხედეს და – ბალახი იქაც ზღვასავით ღელავდა.
უცებ ძია ჰენრი წამოდგა:
– ციკლონი მოდის, ემ, – გასძახა ცოლს, – წავალ, საქონელს მივხედავ, – და ფარდულისკენ გაიქცა, სადაც ძროხები და ცხენები ჰყავდათ დაბინავებული.
დეიდა ემმა საქმეს ხელი უშვა და კართან მოვიდა. თვალის ერთი შევლებით მიხვდა, ხიფათი ახლოვდებაო.
– ჩქარა, დოროთი! – იკივლა, – სარდაფში ჩადი!
ტოტო დოროთის გაუსხლტა და საწოლის ქვეშ შეძვ-რა, დოროთი გამოსაყვანად გაექანა. ელდანაცემმა დეიდა ემმა იატაკზე კარი ახადა და პატარა, ბნელ ხვრელში ჩამავალ კიბეს დაუყვა. დოროთიმ, როგორც იქნა, დაიჭირა ტოტო და დეიდას დაედევნა, მაგრამ შუა გზაზე ქარმა დაიღმუვლა და სახლი ისე შეირყა, რომ ფეხი დაუცდა და იატაკზე ჩაჯდა.
ამ დროს უცნაური რამ მოხდა.
სახლი ორ-სამჯერ დატრიალდა და ნელა აიწია ჰაერ-ში. დოროთიმ გაიფიქრა, თითქოს საჰაერო ბუშტით ავდივარ ზევითო.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქარები ზუსტად იქ შეეჯახა ერთმანეთს, სადაც სახლი იდგა და იქაურობა ციკლონის ცენტრად იქცა. ციკლონის შუაგულში ჰაერი თითქმის არ იძვრის, მაგრამ სახლს ქარი ისე აწვებოდა ყოველი მხრიდან, რომ სულ მაღლა და მაღლა აჰყავდა, ვიდრე ციკლონის თავზე არ მოაქცია; მოაქცია და ისე მსუბუქად გააქანა, თითქოს ბუმბული ყოფილიყო.
უკუნეთი იდგა, ქარი ღრიალებდა, მაგრამ ფრენა ურიგო არ იყო. თუ იმ პირველ დაბზრიალებას და კიდევ ერთ შემთხვევას არ ჩავთვლით, როცა სახლი სახიფათოდ გადაიხარა, დოროთი ისე ნაზად ირწეოდა, როგორც აკვანში მწოლიარე ბავშვი.
ტოტოს ეს ამბავი არ მოსწონდა, ოთახში დარბოდა, ხან აქეთ ეცემოდა, ხან იქით და ხმამაღლა ყეფდა, დოროთი კი წყნარად იჯდა იატაკზე და ელოდა, აბა, რა მოხდებაო.
ერთხელ ტოტო ისე