ავტობიოგრაფია დავიბადე მაშინ როდესაც არა უფალს, არამედ დედას და მამას სურდათ. ჩემი დაბადების თარიღი კი „ ქრისტეშობიდან “ 1990-ე წელს მოითვლის, ეე ვარდი რომ ყვავილობს იმ თვეში და თან ვერტიკალურად მდგარ უსასრულობის სიმბოლო დღეს, ყოველ შემთხვევაში მეტრიკაში ასე წერია. მეც იმ უსასრულობის და ქაოსის შემადგენელი ნაწილი ვარ რომლებიც იბადებიან, იზრდებიან, კვდებიან და ქრებიან უსასრულობაში.
ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ჩემმა მშობლებმა გააკეთეს ჩემში მსხვილი ფინანსური ინვესტიცია განათლების მხრივ - ვსწავლობდი ყველაფერს რაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა, რაც ასაკისთვის შესაფერისი ან შეუფერებელი იყო. ეს კი ჩემს კუთვნილ საზოგადოებაში ზოგჯერ შიშს იწვევდა, ზოგჯერ კი ჩემს მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ ან არასწორ აღზრდას აბრალებდნენ. მხოლოდ საზოგადოების მცირედი ნაწილი ხვდებოდა ჩემს შესაძლებლობებსა თუ პოტენციალს ჩემსავე ეკალ-ბარდებიან ცხოვრების გასავლელ გზაზე. ის ეკალი და ბარდები რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩემთვის ხავერდი უფროა ვიდრე რაიმე ბერკეტი, რადგან ჩემს პიროვნებაში ადრე თუ გვიან მოხდა ცვლილება, რევოლუცია, კატაკლიზმა ან გალაქტიკათაშორისი ომი, რადგან გავარღვიე ტაბუდადებული და ჩარჩოებში მოქცეული ცხოვრება, გავტეხე ჩემივე საფარი ნაჭუჭი და ველურ ბუნებაში გავედი სრულიად შიშველი, ყოველგვარი ცხოვრებისეული „ ფორებისა “ თუ პრივილეგიების გარეშე, ოღონდ პერფექციონისტურად და მაქსიმალისტურად. ცხოვრების თითოეულ მომდევნო ნაბიჯსაც შესაბამისად ვსაზღვრავ - ან ყველაფერი, ან არაფერი.
თავიდანვე მიზიდავდა ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და ფილოსოფია, თითქოს ჩემს ხასიათს შეეფერებოდა. ამ მიმართულებისადმი სწრაფვამ და ინტერესმა ჩემი ეგოს ზედაპირზე ამოატივტივა ის ნიჭი, რომელსაც ზოგიერთი სიგიჟეს უწოდებს. მიყვარს ადამიანის შინაგან მეში ტალახიანი ფეხებით ტანტალი, მსიამოვნებს როდესაც პიროვნების შიშებიდან მხოლოდ ერთადერთია დარჩენილი - მისივე შიში, და მე კი მის შიშებთან ერთად ვრჩები.
სრულიად განსხვავებული პროფესია მაქვს იმასთან შედარებით რაც მიზიდავს ან ვსაქმიანობ დღესდღეისობით, აი ჯღაბნას რომ ეძახის ზოგიერთი ჩემი „ კეთილმოსურნე “ . შორეული საჰაერო გადამცემი ხაზების ინჟინერი ვარ და შესაბამისად მაქვს ნამუშევარი ამავე მიმართულებით, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემდაუნებურად მოხდა ჩემივე პროფესიის გადაკვალიფიცირება და გავხდი ბირთვული და ბიოსამედიცინო ინჟინერი, მაგრამ მალევე დავანებე თავი ყოველგვარ ინჟინრულს და „ კაცურ “ სპეციალობას, რადგან დავიღალე, მეზარება და სიმართლე გითხრათ არც მაქვს სურვილი, რადგან ჩემი მაქსიმუმი ამოვწურე იმ ქვეყანაში სადაც ვცხოვრობ. აქ ვეღარ განვითარდები და წინსვლა არ გექნება თუ ვინმე ჩანერგილი ან დაფესვიანებული კოკორი არ გყავს შესაბამის დაწესებულებაში. თუმცა ის სამუშაო გამოცდილება, იმ ხალხთან ურთიერთობამ რომლებიც ყველანაირ სოციალურ ფენას მოიცავენ მომცეს ერთგვარი შთაგონება რომ მე დღეს დამეწყო წერა. დამეწერა ჩემებური რეალობა, ისეთი როგორსაც მე ვხედავ და როგორადაც მე აღვიქვამ გარესამყაროს ჩემებურ რეალისტურად. ზოგადად რეალობა ჩვენს მიერ შექმნილი ილუზიაა და ვაფასებთ მის მართებულობას ჩვენივე პრივატული შეხედულებებიდან თუ აღზრდიდან გამომდინარე.