შესავალი
1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებულმა რეჟისორმა, გიორგი ჯაბადარმა დააარსა დრამატული ხელოვნების სტუდია. ქართველმა საზოგადოებამ იმთავითვე განსაზღვრა მისი დანიშნულება - იგი ქართული თეატრის აღორძინების დასაწყისი უნდა ყოფილიყო. ახალ გახსნილი სტუდიისათვის ეს მეტად საპასუხისმგებლო ფუნქცია შემთხვევით არ დაუკისრებიათ. სტუდიის წარმოშობასთან ერთად ქართულ თეატრში თვისებრივად ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო. ეტაპი, რომელიც თავისი შინაარსით თუ ფორმით რეფორმატორული ხასიათის იქნებოდა და, უპირველესად, თეატრალური კულტურის განახლების საფუძველი გახდებოდა.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდიის ადგილი და როლი ქართული თეატრის ისტორიაში. გაარკვიოს, შეძლო თუ არა მან, არსებობის მანძილზე, მცირე დროის განმავლობაში (სულ ორი წელი), შეესრულებინა ის საპასუხისმგებლო მისია, რომელიც მას დაეკისრა, რა სახის რეფორმა განახორციელა და რაში მდგომარეობდა მისი ამაღორძინებელი ხასიათი.
დრამატული სტუდიის გახსნა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს ემთხვევა. საუკუნეზე მეტხანს სახელმწიფოებრიობადაკარგულ ერს დაუბრუნდა დამოუკიდებლობა. ბუნებრივია, ერის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ ახალი ეტაპი დაიწყო ქართველი ხალხის აზროვნებაშიც. ქართულ კულტურაში დაიწყო ახალი ერა, რომელშიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის ყოველი ასპექტი დამოუკიდებლობის ნიშნით იყო აღბეჭდილი.
ქართული ხელოვნების თვისებრივი ცვლილებების ობიექტურ ხელშემწყობთა შორის, გარდა იმისა, რომ საქართველომ დაიბრუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, არის კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება - დროის ფაქტორი, ახალი საუკუნე. მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიო ცივილიზაციის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში ახალ აღმოჩენათა ფონზე, ჩამოყალიბდა ამ ეპოქის ადამიანთა ახლებური აზროვნება, მსოფლშეგრძნება და, აქედან გამომდინარე, მოხდა ფასეულობათა გადაფასება, წარმოიშვა ცხოვრების ახალი წესი. სამყაროს შემეცნების ისეთმა ფორმამ, როგორიც ხელოვნებაა, ბუნებრივია, ერთ-ერთმა პირველმა ასახა ახალი საუკუნის ადამიანის სახე, მისი როლი, ფუნქცია და ადგილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების ამ თავბრუდამხვევ ორომტრიალში.
მე-20 საკუნის მსოფლიოს განვითარების ეს კანონზომიერი ეტაპი, მეტად თუ ნაკლებად, დადგა საქართველოშიც. ახალმა საუკუნემ ჩვენშიც ახალი ცხოვრების წესის დანერგვა დაიწყო და ადამიანებისგან ახალი აზროვნება მოითხოვა. ქართველმა ხელოვნებამაც იგრძნო ახალი დროის მოახლოვება და დაიწყო ქართული კულტურის განახლების ურთულესი პროცესი. იგი საკმაოდ მტკივნეულად წარიმართა, რადგან ძველის ნგრევა და ახლის შენება დიდი წინააღმდეგობების დაძლევის გარეშე, თითქმის შეუძლებელია. და, აი ამ შეჯახებათა ფონზე, ახალი საუკუნის დასაწყისში, ახალი ქართული ხელოვნების დაბადების პროცესში, ქართულ სინამდვილეში წარმოიშვა ქართული თეატრის „ამაღორძინებელი“ გიორგი ჯაბადარის თეატრ-სტუდია.
ნაშრომის პირველი თავი მოიცავს ქართული კულტურის იმ ეტაპის მიმოხილვას, როდესაც საფუძველი ეყრება ახალ აზროვნებას, როდესაც ქართული საზოგადოება მოწოდებულია ერთი უმთავრესი მიზნისაკენ - ქვეყანას დაუბრუნდეს დამოუკიდებლობა. მიმოხილულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურის და თეატრის ურთიერთობის საკითხები, რადგან ამ პერიოდში სწორედ ხელოვნების ეს ორი დარგი იმყოფებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში. ნაჩვენებია, რა როლი ითამაშა ქართულმა თეატრმა და ლიტერატურამ ერის ცნობიერებაში ე. წ. მონის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების დამღუპველი ფაქტორის თავიდან აცილების საქმეში. განხილულია, ქართული ხელოვნების ის ძირითადი ფორმები, რომლებიც, თავის დროზე, კანონზომიერად წარმოიშვნენ ქართულ სინამდვილეში და საფუძველი მოუმზადეს ახალი საუკუნის ხელოვნების აღმოცენებას.
ნაშრომის მომდევნო თავში გრძელდება ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი აზროვნების მიმოხილვა. 1918 წელს საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და მოყოლებული ამ წლიდან, ვიდრე მის დაკარგვამდე, სულ სამიოდე წლის განმავლობაში, ქვეყნის ცხოვრებაში მოხდა იმგვარი ცვლილებები, რომელთა მსგავსი არც მანამდე და არ მის შემდეგ, ქართული ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, არ განხორციელებულა. საუბარია ქართული სულიერი და გონებრივი პოტენციალის იმ ერთობლივ ამოფრქვევაზე, რომელმაც ერთბაშად მოიცვა ქართული კულტურის ყველა სფერო თანაბარი სიძლიერით. არ დარჩენილა ხელოვნების არც ერთი დარგი, სადაც თვისებრივად და, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ხარისხობრივად ახალი ეტაპი არ დაწყებულა. ნაშრომის ეს ნაწილი 1918 წლის ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, მუსიკისა და კინემატოგრაფიის განვითარების ძირითადი ტენდენციების მიმოხილვას ემსახურება. ნაჩვენებია მათი თვისებრივი სახეცვლილების საერთო მახასიათებელიც და თითოეული მათგანის განვითარების ინდივიდუალური ფორმებიც.
ამ პერიოდის ქართული ხელოვნების მიმოხილვისას გამოიკვეთა ქართული ხელოვნების და კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების ძირითადი ორიენტირები. ნათლად გამოჩნდა ქართველ ხელოვანთა მისწრაფება ევროპული სამყაროსაკენ. ამ საქმეში მათ მხარში ამოუდგნენ ქართული კულტურის დანარჩენი სფეროების მოღვაწეებიც - მეცნიერები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და სხვ. ნაშრომის ამ ნაწილში ნაჩვენებია ქართველ მეცნიერთა მისწრაფება - შეექმნათ საქართველოში თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო ინსტიტუციების მსგავსი კერები. დიდი ადგილი ეთმობა ქართული უნივერსიტეტის დაარსებას და დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში უდიდესი მეცნიერული პოტენციალის თავმოყრას. ნაშრომის ამ თავში იკვეთება ამ პერიოდის მთავარი გამოწვევა - ნაციონალური სამეცნიერო სკოლების შექმნის ურთულესი საკითხი. ევროპულ საგანმანათლებლო-სამეცნიერო სისტემაზე დაყრდნობით, ქართველი მეცნიერები და ხელოვანები ცდილობდნენ შეექმნათ ეროვნული