სალამანდრა (ნოველა ოფორტებად, მსგავსად ფრანსისკო გოიას სერიისა )
ლოს დესასტრეს დე ლა გუერრა
სულში ჩაღვრილი ცრემლი
სალამანდრა უშუქო სახლში იჯდა, გამურულშუშიან ლამპასთან და სიგარეტს ეწეოდა. ბოლო ლიტრი ნავთი წინა დღეს გაუთავდა და ახლა სიბნელეში იჯდა, მშიერი და გაყინული. თავად გაუძლებდა როგორმე, მაგრამ ბავშვები და ცოლიც რომ ამ დღეში იყვნენ?
ნანობდა, ნეტავ, მეც ჯუგოსთან, შავოსთან, ლეკოსთან ვყოფილიყავი, სადაც არიან და როგორც არიანო. წავიდნენ და მე კიდევ ამ თახსირ ცხოვრებას შემატოვესო.
სიმწრისგან ეტირებოდა, ვერ ტიროდა და ცრემლები სულში ეღვრებოდა.
ძილიც მშფოთვარე ჰქონდა,
ხშირად ზღვაში ატივტივებული გვამები ესიზმრებოდა, რომლებსაც კაციჭამია ღორები უდარაჯებდნენ, რომ ნაპირზე გაეთრიათ და იქ შეეთქვლიფათ.
ყარაზმის სუნი
ამ ახლად ჩამოყალიბებულ სამხედრო ორგანიზაციაში სამსახური რომ დაიწყო, ერთი ჩვეულებრივი, ნაომარი კაცი იყო. ოღონდ ნერვებაშლილი და გაწამებული,
ცალკე თავისი ქვეყნის უბედურებით და ცალკე გამუდმებული გაჭირვებით, შიმშილითა და ამის გამო ოჯახში აყალმაყალით. ოფიცრის წოდება უმაღლესი სასწავლებლიდან ჰქონდა.
ჰოდა, მთავარ სამმართველოში შეუდგა უმცროს ოფიცრად, ლეიტენანტად სამსახურს. აქ იყვნენ ყოფილი იმპერიის სამხედრო ძალებში ნამსახური ოფიცრებიც და ასევე მთლად არაოფიცრებიც
„ქუჩის პოლკოვნიკები“, მაგარი ბიჭების შემადგენლობიდან, ომში რომ მოხვედრილიყვნენ და წოდებების მიღება პირდაპირ მაიორიდან დაეწყოთ.
ღამ-ღამობით მორიგეობა უწევდა ხოლმე რომელიმე უფროს ოფიცერთან ერთად შენობის დასაცავად და ეცინებოდა, ცოლი რომ ეუბნეოდა, ყაზარმის სუნი გიდისო.
ფორმა რომ ეცვა, როგორღაც იაპონელი სამურაები ახსენდებოდა. განსაკუთრებით ისინი, აკირა კუროსავას „ჯარისკაცის ჩრდილში“ რომ არიან გამოყვანილი.
ქვითინი
ერთხელ კვირა დღეს მორიგეობდა სამსახურში. თავის უფროსს, ჭაღარათმიან გამოცდილ ოფიცერს ელაპარაკებოდა, რომელიც რამდენიმე ომში იყო ნაომარი და უცებ აფეთქების მჭახე ხმა გაისმა.
დერეფანში გამოვარდნენ და მოპირდაპირე ოთახში შევარდნენ. ახალგაზრდა კაპიტანი იჯდა მაგიდასთან, ცალ ხელში სახრახნისი ეჭირა და ის ხელი უკანკალებდა. უცახცახებდა მეორე ხელიც, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა ბოლავდა.
ჩემმა უფროსმა ეს ნაღმი მომცა, დაშალე და გაიგე, როგორ არის გაკეთებულიო. ამოვაცალე საათიანი ასაფეთქებელი მექანიზმი, მოვხსენი სადენებიც და ის იყო, მექანიზმში უნდა შემეღწია, რომ იფეთქა. თვითგანადგურების მექანიზმი ამუშავდა. ნაღმებს უყენებენ ამისთანა მექანიზმებს, რათა იმათი აგებულება ვერ შეისწავლონ სხვებმა.
კაცი ბრტყელ, მომრგვალებულ ნაღმს უყურებდა. შუაში დანაყოფებიანი მექანიზმი იყო. თურმე, იმას რომ მოატრიალებ, ნებისმიერ ადგილზე ჩერდება, მაგრამ საერთო დრო ორსაათ-ნახევარი აქვს. შენ რა დროზეც დააყენებ, იმას სხვა ვერავინ გაიგებს და სწორედ იმ დროს აფეთქდება.
თურმე, ამ კაპიტნის უფროსის შვილი გამნაღმავი ყოფილა ზღვისპირეთის ომში. სწორედ ასეთი ნაღმი ჩამოუგდიათ თვითმფრინავიდან და წასულან. ეს ბიჭი თავისი ჯგუფით მისულა ამ აუფეთქებელ ნაღმთან. უფიქრია, რაკი თავიდან არ აფეთქდა, საშიში აღარ იქნებაო და, სწორედ მაშინ უფეთქია და ნაფლეთებად უქცევია ის ბიჭი.
თავი დაანებე, ხომ ხედავ, თვითგანადგურების მექანიზმი აქვს, ვერაფერს გახდები,
ურჩია სალამანდრამ.
არა! სულ ერთია, მაინც ვიპოვი!
დაიქადნა კაპიტანი. დიდი ჩხრიკედელა ვიღაცა ჩანდა, ფარული შიშისაგან თითქოსდა ჩამოგრძელებული სახე ნელ-ნელა ჩვეულ ზომებს უბრუნდებოდა.
იმისი ოთახიდან რომ გამოვიდა, ერთ-ერთი მორიგეობის ღამე გაახსენდა. მაშინ მთელი ღამე არ უძინია
ამ კაპიტნის უფროსი, ტანდაბალი და მელოტი, დღისით უჯიათი პოლკოვნიკი მორიგეობდა იმ დროს, ოთახში ჩაკეტილიყო და „დათო, შვილო, დათოო...“,
ხმამაღლა მოთქვამდა.
ჩიბუხა
მოდი, მაგარ ამბავს მოგიყვებიო და უამბო, თუ როგორ იწვა თავის მეომრებთან ერთად ჭაობებში ამოსულ ეკლებზე და ტყვიების წვიმაში წინ მიხოხავდა. რამდენიმე მეტრი რომ გაიარა, ხელი მოაფათურა და, თავისი „პარაბელუმი“ დაჰკარგოდა. გაბრუნდა უკან, ისევ იმ ეკლებზე და, როგორც იქნა, ტალახში იპოვა
ისევ ტყვიების წვიმაში იხოხა და ერთი ტყვიაც არ მოხვედრია. მჯეროდა, რომ ყველა ტყვია ამცდებოდაო...
ის „პარაბელუმი“ თავისი მეგობრის ნაჩუქარი ყოფილა, რომელმაც „ლიმონკა“ აიფეთქა მკერდზე, ცოცხლად რომ არ ჩაბარებოდა მტერს.
მზვერავი
თურმე, დაზვერვიდან ბრუნდებოდა, სიმინდის ყანა უნდა გაევლო და უცებ მტერს გადააწყდა. სამი თანამებრძოლი ამას ჰყავდა, იმას
ორი. შემართეს იარაღი და,
მოიცა, არ ისროლოო,
იმას უთქვია.
მაშინ იარაღი მიწაზე დააწყვეთო, - შეუთავაზებია ამას.
თქვენცო!
მიუგია იმას.
ასეც მოქცეულან.
იმათ არაყი მიჰქონდათ ნაწილში და ხორცის კონსერვები.
ამათ პური აღმოაჩნდათ.
დასხდნენ, ჭამეს და სვეს.
სიმინდის ყანას რომ გასცდნენ აქეთ
ესენი და იქით
ისინი, ჰაერში ისროლეს,
სამშვიდობოს ვართო.
ზღვისპირეთიდან ლტოლვილი მხატვარი
სამსახურის შენობის ერთ კიდეში, პატარა ოთახში ზღვისპირეთიდან ლტოლვილი მხატვარი ცხოვრობდა. უფასოდ აჭმევდნენ სასადილოში ჯარისკაცის ულუფას
დილით ჩაისა და ჯემს, შუადღისას
წვნიანს და მაკარონს, საღამოს
ისევ ჩაისა და ჯემს.
მხატვარი უკვე ვეღარ ხედავდა ცალი თვალიდან, მაინც მოლბერტი ედგა და