ანტიქრისტა
სწავლის დაწყების პირველსავე დღეს დავინახე. სახეზე არაჩვეულებრივი ღიმილი გადაჰფენოდა. იმწამსვე მისი გაცნობის სურვილი გამიჩნდა.
თუმცა, კარგად ვიცოდი, რომ არაფერი გამომივიდოდა. ახლოსაც ვერ გავეკარებოდი. ჯერ კიდევ ველოდებოდი, სხვები მოსულიყვნენ ჩემ გასაცნობად, მაგრამ სულ ტყუილად: კალთა არც არავის ჩამოუხევია!
ასეთი აღმოჩნდა უნივერსიტეტი: მეგონა, სამყაროს ორომტრიალში თავით ფეხებამდე გადავეშვებოდი, სრულიად მარტოდმარტო კი აღმოვჩნდი.
გავიდა ერთი კვირა. ერთხელაც მისი მხედველობის არეში აღმოვჩნდი.
ვიფიქრე, ზურგს შემაქცევს-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. თვალებით მბურღავდა და შემფასებლურად მათვალიერებდა, თითქოს მიკვლევდა. მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. ფეხები მომეკვეთა, სუნთქვა გამიძნელდა.
ჩემი წამება გაიწელა, თითქმის გაუსაძლისი გახდა. და აი, სწორედ მაშინ, ცხოვრებაში პირველად, მეყო გამბედაობა და თვალი თვალში გავუყარე: ხელი დამიქნია და შემომცინა.
რამდენიმე წამის შემდეგ ბიჭებთან, ღმერთმა უწყის, რაზე ყბედობდა.
მეორე დღეს მომიახლოვდა და მომესალმა.
პასუხად მივესალმე და შემდეგ დავდუმდი, მძულდა საკუთარი სიმორცხვე.
– სხვებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურები, – შენიშნა მან.
– სინამდვილეში ასეცაა, თვეზე მეტი არც გასულა, რაც თექვსმეტის გავხდი.
– მეც, ოღონდ სამი თვის წინ. აბა, გამოტყდი, რომ ამდენის არც გეგონე.
– მართალია.
მისი თავდაჯერებულობა შეუმჩნეველს ხდიდა იმ ორ-სამ წელიწადს, რომელიც ორივეს კურსელებისგან გვაშორებდა.
– რა გქვია? – მკითხა.
– ბლანში. შენ?
– ქრისტა.
სახელი საოცრად უჩვეულო მეჩვენა. აღფრთოვანებულს ისევ ჩამივარდა ენა მუცელში. ჩემი გაკვირვება მხედველობიდან არ გამოჰპარვია და დასძინა:
– გერმანიაში ეს სახელი იშვიათობა ნამდვილად არაა.
– გერმანელი ხარ?
– არა, უბრალოდ წარმოშობით აღმოსავლეთის კანტონებიდან( აღმოსავლეთის კანტონები – 1919 წელს, ვერსალის ხელშეკრულების ძალით, გერმანიისთვის ჩამორთმეული საზღვრისპირა რეგიონი, რომლის ბელგიისთვის გადაცემის მიზანი აღმოსავლეთით სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა იყო. დღეს აღნიშნული ტერიტორია ლიეჟის პროვინციაში შედის.) ვარ.
– ლაპარაკობ გერმანულად?
– რა თქმა უნდა.
მონუსხული შევცქეროდი.
– ნახვამდის, ბლანშ.
სანამ საპასუხოდ პირს დავაღებდი, ქრისტა უკვე ამფითეატრის კიბეზე ჩარბოდა. ნაცნობები ხმაურით უხმობდნენ. სახეგაბრწყინებული მათკენ გაქანდა.
„ჯგუფს უცბად შეერწყა“, – გავიფიქრე. ამ სიტყვას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თავად არასდროს არაფერში ავთქვეფილვარ. ვინც ამას ახერხებდა, ჩემში ზიზღისა და შურის ერთგვარ ნაზავს აღძრავდა.
ყოველთვის მარტოხელა და ეული ვიყავი, რაზეც, ცხადია, ყაბულს ვიქნებოდი, ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო. სინამდვილეში, ასე არასოდეს ყოფილა. ძალიან კი მინდოდა ეს „შერწყმა,“ თუნდაც იმიტომ, რომ მოგვიანებით, როცა ამის სურვილი გამიჩნდებოდა, თავისთვის დანარჩენებისგან „გამიჯვნის“ ფუფუნება მიმეცა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქრისტასთან დაახლოება და დამეგობრება სანუკვარ ოცნებად მექცა. მეგობრის ყოლა წარმოუდგენელ ამბად მესახებოდა.
გონებაში კი გამიელვა კითხვამ, რატომ იყო მასთან დამეგობრება აგრერიგად მნიშვნელოვანი. ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელი აღმოჩნდა: ამ გოგონას აშკარად რაღაც ჰქონდა, მაგრამ რა, ვერ ამომეხსნა.
ერთ დღესაც, როცა უნივერსიტეტის გალავნიდან გავდიოდი, ვიღაცამ დამიძახა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, ამიტომ ცოტათი დავფრთხი. როცა მივტრიალდი, დავინახე, რომ ქრისტა ცოტაც და, დამეწეოდა. არაჩვეულებრივი იყო!
– საით გაგიწევია? – გამისწორდა თუ არა, მკითხა.
– შინ ვბრუნდები.
– სად ცხოვრობ?
– აქვე, ფეხით ხუთი წუთის სავალ გზაზე.
– ასე ახლოს რომ ვცხოვრობდე, რაღა გამიჭირდებოდა!
– რატომ? მაინც სად ცხოვრობ?
– ხომ გითხარი – აღმოსავლეთის კანტონებში.
– დაუჯერებელია, რომ ყოველ საღამოს უკან ბრუნდები.
– აბა!
– ეს ხომ ძალიან შორსაა!
– ჰო, ორი საათი აქეთ, ამდენივე უკან. არაფერს ვამბობ ავტობუსზე. რა გაეწყობა, სხვა გამოსავალი არ მაქვს.
– უძლებ?
– ვნახოთ.
მეტი კითხვის დასმა ვერ შევბედე. არ მინდოდა, თავი უხერხულად ეგრძნო. ალბათ, ფინანსურად უჭირდა, თორემ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახის დაქირავებას რა ედგა წინ?
ჩემს სახლს როცა მივუახლოვდით, შევჩერდი და გამოვემშვიდობე.
– მშობლებთან ერთად ცხოვრობ? – მკითხა.
– კი. ალბათ, შენც.
– ჰო, მეც.
– ჩვენს ასაკში ეს სავსებით ნორმალურია, – დავამატე, არც ვიცი, რატომ.
ქრისტამ გადაიხარხარა, თითქოს რაღაც ძალიან სასაცილო მეთქვას.
შემრცხვა.
ვერ გამეგო, უკვე მისი დაქალი ვიყავი თუ არა. რომელია ის იდუმალი კრიტერიუმი, რომელიც აუცილებლად გაგრძნობინებს, მეგობრად გიგულეს თუ არა? ისე, დაქალი ცხოვრებაში არ მყოლია.
აი, მაგალითად, წეღან ქრისტამ ჩათვალა, რომ სასაცილო ვარ. ეს რა, მეგობრობის მაუწყებელია თუ ზიზღის? სიმართლე გითხრათ, მისმა საქციელმა ცოტათი კი დამწყვიტა გული. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის ნელ-ნელა რაღაცნაირად ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხდებოდა.
გუნებაამღვრეული, მიზეზის გარკვევას