ფორე მოსულიშვილი (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად)
პერსონაჟები:
1. მარეშალლო ფორე Maresciallo Pore (იტალიურად Maresciallo-ს ორი მნიშვნელობა აქვს, ნიშნავს მარშალსაც და სერჟანტსაც) - ფორე მოსულიშვილი, 28 წლის. დაბადებული 1916 წლის 20 ივლისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში, მეომარი.
2. ედო დელ გრატა (Edo Del Gratta) - 22 წლის, ანტაგონისტი. გარიბალდის ბრიგადა `რემო სერვდეის~ მეორე ბატალიონ `პეპინოს~ ოცეულის `არმანდოს~ მეთაური. საშუალო ტანისა და წითური პირისახის კაცი, გაბურძგნული წვერით. დაბადებული 1922 წლის 11 სექტემბერს, სოფელ რილიონეში, პიზის დასახლება (Rilione, Frazione di Pisa).
3. ჩინკუანტო - 34 წლის. ავანტურისტი, რომელიც მეთაურობს ცალკე შენაერთს. ჩინკუანტო ცნობილია ავანტურისტული საქციელით.
4. ტერეზინა მოტა (Theresina Motta) - 25 წლის. ნათალე მოტას ქალიშვილი, პარტიზანების დამხმარე.
5. დოტორე ნიკოლა - 38 წლის, ექიმი, მღერის ხოლმე გიტარაზე, წერს სიმღერებსაც.
6. მარიო ძინონი - 31 წლის. პარტიზანი, მწყემსი სოფელ კოლაცადან.
7. სტეფანო განჯი - 26 წლის. პარტიზანი, ქოლგების ოსტატი სოფელ კარპუნინოდან.
8. მარიამ კერესელიძე - `ეს-ეს~-ის პაუპშტურმფიურერი (კაპიტანი), 22 წლის (დაბადების თარიღი: 12 ივლისი, 1922), ვერმახტის ქართული ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური. ჟორდანიას მთავრობის წევრის, ცნობილი ემიგრანტი გენერლის, `ქართველ გარიბალდიდ~ წოდებული, ლეო კერესელიძისა და შვეიცარიული საათების სახელგანთქმული ფირმის `ჟეჟერ-ლეკულტრის~ (Jaeger-LeCoultre) მფლობელის, ჟაკ-დავიდ ლეკულტრის ქალიშვილის, მარტას შვილი. ულამაზესი ქალბატონი, ანდამატივით იზიდავს მამაკაცებს.
9. ვალტერ რედერი - `ეს-ეს~-ის შტურმბანფიურერი (მაიორი). `ვაფენ-ეს-ეს~-ის შტურმ-ბატალიონის მეთაური. 29 წლის. მოკვეთილი აქვს მარცხენა ხელი იდაყვთან.
10. მიკელე სილიკანი - ათი წლის, ტოსკანის სოფელ სანტ ’ ანნა დი სტაცცემადან.
გარიბალდის დივიზიის პარტიზანები, ვაფენ-ეს-ეს-ის მეთექვსმეტე მოტორიზებულ დივიზია „ რაიხსფიურერ ეს-ეს “ -ის ჯარისკაცები.
მოქმედების დრო: 1944 წლის 2 და 3 დეკემბერი.
მოქმედების ადგილი: 2 დეკემბრის საღამო, სოფელი კომნაგო, იტალია. 3 დეკემბრის დილა - `ბაიტა~ (Baita - ალპებში ნაშენი ქვის ქოხი) სოფელ კოლონიის ბოლოს, Mota Rossa-ს ტყიან გორაკზე.
განმარტება: „ ალპური ვარსკვლავი “ , იგივე ედელვაისი - ლათინურად Leontopodium (ნიშნავს „ ლომის თათს “ ). ყვავილის ცენტრში მოთავსებული დიდი სფეროს გარშემო შემოკრებილი მოყვითალო-მოთეთრო სფეროები მართლა მიაგავს ლომის თათს, ხოლო მის გარშემო თეთრი ფურცლები ვარსკვლავის ფორმას ქმნიან.
პირველი მოქმედება
პირველი სცენა
(ერთი ჯარისკაცი ნაჯახს სალესი ქვით ლესავს, სამ ჯარისკაცს უჭირავს პარტიზანული რაზმის მეთაური ჩინკუანტო.
მათ წინ, კუნძზე სპეციალურ კომბინეზონში გამოწყობილი შტურმბანფიურერი ვალტერ რედერი ზის, წინ სკამი უდგას, რომელზეც გახსნილი კონიაკის ბოთლი და ორი ჭიქაა. მის წინ დგას პაუპშტურმფიურერი მარიამ კერესელიძე და ბლოკნოტში იწერს დაკითხვას.
ამ ყველაფერს უყურებს იქვე გაუნძრევლად მდგარი მიკელე სილიკანი).
ვალტერ რედერი - (ჩინკუანტოს) ხომ ხედავ, ნაჯახი ილესება! შენ მოიფიქრე, სად გაათევს ღამეს პარტიზანული რაზმი `არმანდო~! მე კი მანამდე ამ სარეკომენდაციო წერილს წავიკითხავ... (სიამაყით) `ეს-ეს~-ის რაისხფიურერ ჰეინრიხ ჰიმლერის ხელმოწერით არის, რაც არ უნდა იყოს...
მარიამი - ალბათ, არ გეცალათ, თორემ გუშინვე წაიკითხავდით...
ვალტერ რედერი - ახლავე... (წერილის კითხვას აპირებს). არა, მაინც სად მინახიხართ, ნეტა? აი, გუშინდლიდან ვიხსენებ და ვერ გამიხსენებია...
მარიამი - არ ვიცი... (ჯიბიდან ყუთს ამოიღებს და ვალტერ რედერს გაუწვდის) გუშინ დაღლილი ვიყავი მგზავრობით და სულ დამავიწყდა, რომ ეს მცირე საჩუქარი გადმომეცა თქვენთვის...
ვალტერ რედერი - გამდლობთ!.. მაგრამ ჯერ ეს კონიაკი და (ყუთს გახსნის, იქიდან ჯიბის საათს ამოიღებს) ახლა კიდევ საათი! ოქროსია?
მარიამი - ამ საათში თვრამეტი კარატი ყვითელი ოქროა გამოყენებული.
ვალტერ რედერი - რატომ წუხდებოდით? (ჯიბის საათს ათვალიერებს) ოჰო, ეს ხომ `ჟეჟერ-ლეკულტრის~ სახელგანთქმული LeCoultre 145 კალიბრია! 1907 წლის მოდელი! ამ საათმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ჯიბის საათების ყველაზე თხელ მექანიზმებში!
მარიამი - დიახ, სულ რაღაც ერთი და ოცდათვრამეტი მილიმიტერის სისქისაა.
ვალტერ რედერი - ამ საათს `დანას~ ეძახიან მაგის გამო.
მარიამი - ჰო, ასე შეარქვა პაპაჩემმა...
ვალტერ რედერი - პაპათქვენმა?
მარიამი - მე `ჟეჟერ-ლეკულტრის~ ფირმის ერთ-ერთი მფლობელის, ჟაკ-ანტუან ლეკულტრის შვილიშვილი ვარ...
ვალტერ რედერი - (სარეკომენდაციო წერილში ჩაიხედავს) მაგრამ თქვენ აქ კერეს... კერესელიძე გიწერიათ...
მარიამი - დედაჩემი მარტა ჟაკ-ანტუან ლეკულტრის შვილია და მე ვოს კანტონის ქალაქ ლე-სანტეში ვიზრდებოდი, სადაც ამ საათების ფირმაც მდებარეობს.
ვალტერ რედერი - რა ჰქვია დედათქვენს?
მარიამი - მარტა ლეკუტრი.