თავი პირველი -
სიდირიის ტყვეები
ლურჯ მყინვარებს შორის მოქცეული ტბის სილაჟვარდე მეწამული ფერით შეიცვალა. ეს კარგის ნიშანი იყო. ტბა ცოცხალი იყო და სიდირია კორუნდიის მონაგლეჯი - უკიდურესი სამხრეთის კუნძუ-ლი - დრაკონებს თავის სისხლს უწინდებურად უზიარებდა. ბოლო ასი წლის მანძილზე პირველად გაჟღალდა ტბა, პირველად დაემსგავსა მზეგადაყლაპულს. თანდათან მყინვარებიდან მოწანწკარე წყალმაც იცვალა ფერი და წითელ მდინარეებად დასერა დიდი კორუნდიის მონარჩენი მიწა. მეწამული წყალი პირველად ანგარმა შესვა - ერთმა ოცდაათთაგანმა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიწების, შუა არქიპელაგისა და შორეული უკანა მიწების უდიდესმა წითელმა დრაკონმა. ეამა. მეწამული წყლის გემო მივიწყებული ჰქონდა, როგორც უცხოს, ისე დაეწაფა. პირველივე ყლუპმა სისხლი აუდუღა, ფრთები შეუთამაშა და გული ისე აუძგერა, ცეცხლის დაოკება ვეღარ შეძლო. დაუკითხავად ამოფრქვეულმა ალმა ტბას გადაუქროლა. უფროსს დანარჩენმა დრაკონებმაც ცეცხლით უპასუხეს და წყლის თავზე ლალისფერი თაღი შეიკრა.
დაწყურებულმა ანგარმა ტბასთან ლურჯი საფირონის თაობის დრაკონებს უხმო, ახლა კვერცხის დადების რიგი მათი იყო. ტბაში გახსნილი პატარა კორუნდიის ლალი წითელ თაობას ჩაუყრიდა საფუძველს. სიდირიაში კვერცხიდან იმ ფერის დრაკონები გამოდიოდნენ, მათი მშობლები რა ფერის წყალსაც მიირთმევდნენ.
არც ერთ ფერს არ ჰქონდა უპირატესობა. ყველა განსაკუთრებული და თემისთვის ერთნაირად აუცილებელი იყო. ლალის თაობის მეწამულთა სიფიცხეს ლურჯი საფირონის თაობის სიდინჯე არ აძლევდა დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას; გაბრაზებისას შავი გიშრის თაობას დამანგრეველ ზრახვებზე ზურმუხტის თაობა თუ ააღებინებდა ხელს და გადაარწმუნებდა. მხოლოდ მწვანე დრაკონებს შეეძლოთ ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი - არაფერი გამორჩებოდათ, არავის დაივიწყებდნენ, ყველას საკადრისს მიუზღავდნენ. სამაგიეროდ, მიზნამდე მისაღწევ უმოკლეს გზას ისე ვერავინ მიაგნებდა, როგორც შავი დრაკონი. ვერც წითელთა მსგავსი თავგანწირვით დაიკვეხნიდა რომელიმე დანარჩენი. კიდევ იყო ერთი, ყველაზე მცირერიცხოვანი ბროლის თაობა - თეთრი დრაკონები - სიდირიის ალბინოსები, რომელთა ქერცლს წარსული ახსოვდა და პატრონს სიზმრებში იმ დროზე უყვებოდნენ, როცა მთლიანი კორუნდიიდან სიდირია კუნძუულად ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი; უკანა მიწების მკვიდრი მზის შვილობილი დრაკონები მხოლოდ ერთი ფერისანი - ოქროსფერნი იყვნენ და ჯადოსანი ადრაგების - მთვარის ვერცხლისფერი შვილობილების, უკიდურესი ჩრდილოეთის ყინულისმფრქვეველი დრაკონების მოსისხლე მტრები ბრძანდებოდნენ. იმ დროს ახსენებდნენ, როცა მშობლები მოზარდ დრაკონებს ცეცხლის სიმძლავრეს ქალაქების გადაბუგვის სისწრაფით უმოწმებდნენ. ეს ძალიან ადრე იყო. იმდროინდელთაგან ახლა ცოცხალი მხოლოდ ერთი ალბინოსი იყო, რომელიც ოქროსფერებს სულ მთლად ნორჩი შეესწრო. ახლანდელი დროება წარსულისგან ძალიან განსხვავდებოდა. მაშინ დრაკონებს საფრენად სიდირიის წყლის სმა არ სჭირდებოდათ. ახლა აღარც ადრაგები არსებობდნენ და ცეცხლოვანი დრაკონები ადამიანებთან შეხვედრასაც გაურბოდნენ. სიდირიიდან ქალაქები ისე შორს იყო, ლურჯ მყინვარებში მოქცეული ტბიდან წყლის დასალევად წამდაუწუმ ვერ იფრენდნენ. ამ ტბის გარეშე კი დრაკონთა თემი განწირული იყო - დრაკონები კვერცხებს ვადაზე ადრე ამტვრევდნენ და ფრთები აღარ ეზრდებოდათ. სიდირიის წყლის გარეშე ზრდასრულ დრაკონებს დიდხანს ფრენა არ შეეძლოთ და ფრთებიც ნელ-ნელა უხმებოდათ. ჯადოსანმა ადრაგებმა საბოლოო განადგურების წინ ცეცხლოვანები ასე დასწყევლეს და სამუდამოდ წყლით შემოსაზღვრული მიწის ნაგლეჯის ტყვეობაში დატოვეს. ცეცხლოვანებმა ისიც აღარ იცოდნენ, ამ კუნძულს იქით რა ხდებოდა. კიდევ კარგი, კუნძული ძალიან დიდი იყო, ლამის დასავლეთის უკანა მიწების ნახევარი. სანავარდოდ, სათარეშოდ თუ ერთმანეთთან შერკინებისთვის ადგილი ოცდაათივეს ჰყოფნიდა. უღრანი ტყეები და თვალუწვდენელი მინდვრები საკბილოთი იყო სავსე. ცეცხლოვანების ყველაზე დიდი განძი - დრაკონთა კვერცხები გამოჩეკამდე, ტბის ქვეშ მიძინებული ვულკანის თავზე, სიდირიის ცეცხლოვანი გულის წყალობით სათუთად ინახებოდა.
მეწამულ წყალთან სულ ბოლოს ბროლის თაობა მივიდა. მხოლოდ ორნი იყვნენ. ტბის აქეთ-იქით განლაგდნენ, ორი ყველაზე დიდი ნაზვავის თავზე. დანარჩენმა დრაკონებმა ნაპირი უმალ დატოვეს. თეთრებს ყველა გაურბოდა. მათი თითოეული ქერცლი უფრო მეტი მახსოვრობისა და ცოდნის მფლობელი იყო, ვიდრე ცეცხლოვანთა მთელი დანარჩენი, ფერადი თემი. თეთრები განდეგილებივით ცხოვრობდნენ. უმცროსი ბროლის დრაკონიც კი, როცა მისი ტოლები მთელ დღეებს ძიძგილაობაში ატარებდნენ და ცეცხლის ფრქვევაში ეჯიბრებოდნენ, უფროს მოძმეს არ შორდებოდა და ხმაურიან თანატოლებს შორიდან უკმაყოფილოდ თუ გახედავდა.
უკანასკნელი დრაკონი თვალს მიეფარა და ბროლის თაობა ლურჯ მყინვარებს შორის მარტო დარჩა. თეთრებმა დალევის ნაცვლად ტბაში შეაბიჯეს და ფსკერამდე ისე ფრთხილად დაეშვნენ, წყალზე მცირე ტალღებიც კი არ გაჩენილა.
დრაკონებიდან ნაწილი მღვიმეებში ჩაიკარგა, ნაწილიც კუნძულის მინდვრებსა და უსიერ ტყეებს სანადიროდ შეესია. ანგარიც ნადირობას აპირებდა. არა, შიმშილი არ აწუხებდა. გუშინ ისე დაერია კამეჩების ჯოგს, მთელი თვე ჭამა არ მოუნდებოდა. უბრალოდ, მსხვერპლთან შეხვედრა სწყუროდა. ცეცხლში გახვეულ მოქიშპე დრაკონებს მოჰკრა თვალი. გეზი მათკენ აიღო. ისე იყო ნადირობის ჟინით