უკანასკნელი თოლია მიხო მოსულიშვილი
უკანასკნელი თოლია
(დრამა ერთ მოქმედებად)
პერსონაჟები:
1. ჟიული - ჟიული შარტავა, 49 წლის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი.
2. გურამ - გურამ გაბესკირია, სოხუმის მერი
3. ჯუმბერი - ჯუმბერ ბეთაშვილი, აფხაზეთის მთავრობის საქმეთა მმართველი
4. რაული - რაულ ეშბა, აფხაზეთის მრეწველობის მინისტრი
5. ჯანია - გურამ ჯანიაშვილი, 17 სექტემბერს დასახმარებლად გაგზავნილი 32 “ ავღანელის ” მეთაური
6. მერაბი - მერაბ კვინიკაძე, პირადი მცველების “ იუპიტერის ” დანაყოფის განყოფილების უფროსი, კავშირგაბმულბის სპეციალისტი
7. ირმელა - ირმელა შუტცე, 44 წლის, მეცნიერი სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტიდან
8. ჩინდიკოვი - ვალერი ავერკიევიჩ ჩინდიკოვი, 35 წლის. ჩუვაში. რუსეთის სპეცსამსახურის “ კგბ ” -ს პოლკოვნიკი.
9. ბუტბა - ვალმერ ბუტბა, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური.
10. ჯოკერი - ოლეგ პაპასკირი. ბუტბას დანაყოფის მეთაური.
11. მულტიკი - თამაზ კვეკვესკირი, ბუტბას მარჯვენა ხელი
12. შოროვი - მუაედ შოროვი, ყაბარდოელების 77-ე ბატალიონის მეთაური, აფხაზეთის არმიის მაიორი.
ჟიული შარტავას დაცვის წევრები, “ ავღანელთა ” ბატალიონის მებრძოლები, უკრაინელი მოხალისეები. ტელევიზიის კორესპონდენტი და ოპერატორი.
ასევე ყაბარდოელების 77-ე ბატალიონის მებრძოლები: აზამატ ხაგაჟეევი, ტამირ შიხალიევი. აფხაზი, ჩეჩენი და კაზაკი ბოევიკები. გვამის გადამსვენებლები.
მოქმედების დრო: 1993 წლის 27 სექტემბერი
მოქმედების ადგილი: სოხუმი.
1.
(აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის მეცხრე სართული, ჟიული შარტავას კაბინეტი. სკამებშემოდგმული გრძელი მაგიდა, ზედ ღამის ნათურა. ცალ მხარეს დივანი და სავარძლები. მეორე მხარეს შემოსასვლელი კარი. ასევე პირადი ოთახის კარი და მინებჩამტვრეული ფანჯრები, რომლებსაც ტყვიებით დაცხრილული ფარდები აფარია.
ჟიული შარტავას სამუშაო მაგიდაზე დგას რამდენიმე ტელეფონი, მათ შორის სამთავრობო “ ვე-ჩე ” ტელეფონი, მაღალი სიხშირის კავშირგაბმულობით, რომელიც სამთავრობო და სამხედრო კავშირისთვის გამოიყენებოდა მაშინ. ტელეფონები გაუჩერებლად რეკავენ.
საქმეთა მწარმოებელი, ჯუმბერი შემოდის ოთახში, იღებს ტელეფონების ყურმილებს).
ჯუმბერი - ალო, დიახ, მინისტრათა საბჭოს აპარატის უფროსი გისმენთ. დიახ, დიახ, ფრონტი გუმისთაზე გარღვეულია, მტერი სოხუმშია შემოსული, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ აქაურობა. ალყაში ვართ... სხვებსაც გადაეცით... (სხვა ყურმილში ამბობს) თქვენც გეუბნებით... დიახ... (ისევ სხვა ყურმილში) და თქვენც...
(შემოდის ირმელა შუტცე, ხელში დიდი წიგნი უჭირავს, უყურებს ჯუმბერს).
ირმელა - გამარჯობა! მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ვეძებ.
ჯუმბერი - გაგიმარჯოს, მაგრამ... თქვენ აქ საიდან გაჩნდით?
ირმელა - პოლკოვნიკ ჩინდიკოვის დავალებით მოვედი.
ჯუმბერი - რომელი ჩინდიკოვის?
ირმელა - ვალერი ავერკიევიჩის!
ჯუმბერი - ვალერი ავერკიევიჩ ჩინდიკოვი, ვალერი ავერკიევიჩ ჩინდიკოვი, თან მახსენდება და თან არა...
ირმელა - სამხრივ მოლაპარაკებებზე რუსულ მხარეს ხელმძღვანელობს.
ჯუმბერი - რა საქმეზე გამოგაგზავნათ?
ირმელა - მაგას პირადად გადავცემ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს.
ჯუმბერი - მაპატიეთ და, აქ როგორ შემოხვედით? დაცვამ როგორ გამოგატარათ?
ირმელა - დაცვა აღარ დგას დაბლა. მარტო დარაჯია და დანარჩენი ყველა წასულა წუხელ.
ჯუმბერი - რას ამბობთ, მართლა?! (ტელეფონს მისწვდება, რეკავს) რომელი ხარ? რომელი დანაყოფიდან? აჰ, დარაჯი? აბა, რომელი? კარგი, ბატონო მულტიკ, მანდ მართლა ყველა გაიპარა წუხელ? თქვენღა დგახართ? არც იარაღი დაგიტოვეს? ახლავე გამოგიგზავნით ხალხს.
(ჯუმბერი კაბინეტიდან გადის.
ირმელა დიდ წიგნს მაგიდაზე დადებს და სავარძელში ჩაჯდება).
2.
(ამოღამებული და უძინარი თვალებით ჟიული შარტავა თავის კაბინეტის კართან დგას და ინტერვიუს აძლევს რომელიღაც ტელევიზიის კორესპონდენტ გოგონას, ოპერატორი კი უღებს).
ჟიული - მე დარწმუნებული ვარ, მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი შეუძლებელს გააკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, სოხუმის რაიონის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის რაიონებს გვერდით მთელი საქართველო დაუდგება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქ მთელი საქართველო ჩამოვა. და აფხაზეთი იქნება ერთიანი, საქართველო იქნება ერთიანი და განუყოფელი. ასეთი განწყობილებით ვარ მე ახლა და არა მგონია, მხოლოდ მე...
კორესპონტენტი - სოხუმი სავსეა ბავშვებით და ქალებით, რომლებიც დაბრუნდენ აქ. არადა, მოწინააღმეგემ 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია და შეტევა დაიწყო. რა შეგიძლიათ უთხრათ მათ ახლა?
ჟიული - ჩვენ ვღებულობთ ზომებს, რომ საგანგებო... როდესაც ყველაფერი იმედი იქნება გადაწურული, აი, იმ მომენტისათვის... ეს იქნება ზღვით, ეს იქნება საჰაერო გზით, საჰაერო საშუალებებით თუ სხვა საშუალებებით... სათანადო მოსამზადებელი მუშაობა მიმდინარეობს...
კორესპონდენტი - მხედველობაში გაქვთ ევკაუაცია?
ჟიული - თუკი ამის აუცილებლობა იქნება... მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ