ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ არაცნობიერის წყვდიადიდან სიცოცხლისკენ გამოფხიზლებული ნება საკუთარ თავს ინდივიდუმად ჭვრეტს უსასრულო და უსაზღვრო სამყაროში, ურიცხვ ინდივიდუმთა შორის, რომელთაგან ყველა საითმე მიილტვის, იტანჯება და დახეტიალობს; და, თითქოს მტანჯველი სიზმრით შეშფოთებული, კვლავ წინარე არაცნობიერისკენ მიისწრაფის. მაგრამ სანამ მას არ დაუბრუნდება, მისი სურვილები უსაზღვროა, მისი პრეტენზიები - დაუშრეტელი, ხოლო ყოველი დაკმაყოფილებული სურვილი ახალს ბადებს. შეუძლებელია სამყაროში იმგვარი დაკმაყოფილება, რომელიც მის მიზანსწრაფვას დააოკებდა, დააცხრობდა მის ვნებას და მისი სულის უფსკრულს ამოავსებდა. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რაში მდგომარეობს ადამიანისთვის ყოველგვარი დაკმაყოფილება: უმეტესწილად ეს სხვა არაფერია, თუ არა მწირი შენარჩუნება თავად სიცოცხლისა, რაც დაუღალავი შრომითა და მუდმივი ზრუნვით უნდა მოიპოვო გასაჭირთან ბრძოლაში, პერსპექტივაში კი სიკვდილი მოჩანს. ამქვეყნად ყველაფერი გვკარნახობს, რომ ადამიანმა მიწიერ ბედნიერებაში რაღაც მაცდუნებელი, უბრალო ილუზია უნდა შეიცნოს. ამის წანამძღვრები ღრმად დევს საგანთა არსში. ამიტომაცაა ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება ხანმოკლე და მწუხარე. შედარებით ბედნიერი ადამიანები ბედნიერები არიან მხოლოდ გარეგნულად ან ისინი, დღეგრძელი ადამიანების მსგავსად, იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ, ვისთვისაც ბუნებამ შესაძლებლობა დატოვა, როგორც სატყუარა. ცხოვრება უწყვეტ სიყალბედ წარმოგვიდგება, როგორც დიდთან, ისე მცირესთან მიმართებით. თუკი ის იძლევა კიდეც პირობას, არ იცავს მას, ხოლო თუ იცავს, მხოლოდ იმისათვის, რომ გვიჩვენოს, რა მცირედ სასურველი იყო ის, რაც გვსურდა. ასე გვაცურებს ჩვენ ხან იმედი, ხან კი მისი ახდენა. თუკი ცხოვრება გვაძლევს რაიმეს, მხოლოდ იმისათვის, რომ წაგვართვას. შორეთის ხიბლი სამოთხისებურ მშვენიერებას გვიხატავს, მაგრამ ის ოპტიკური ილუზიის მსგავსად ქრება, როდესაც მის ხიბლს ვნებდებით. ამგვარად, ბედნიერება ყოველთვის მომავალსა ან წარსულშია, აწმყო კი პატარა საავდრო ღრუბელს წააგავს, რომელსაც ქარი მზით განათებული ხეობის თავზე დააქროლებს: მის წინ და მის უკან ნათელია, მხოლოდ ისაა, რომელიც გამუდმებით ჩრდილს ჰფენს გარემოს. ამიტომაც: აწმყო არასოდეს გვაკმაყოფილებს, მომავალი არასანდოა, წარსული კი დაუბრუნებელი. ცხოვრება მისი ყოველწუთიერი, ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველწლიური მცირე და დიდი ვაებით, გაცრუებული იმედებით, წარუმატებლობითა და გულგატეხილობით - ეს ცხოვრება გარდუვალი ტანჯვის ისეთ ცხად ბეჭედს ატარებს, რომ რთულია წარმოიდგინო, თუ როგორაა შესაძლებელი ამის დაუნახაობა, როგორ შეიძლება გწამდეს იმის, რომ ცხოვრება შეიქმნა, რათა მადლიერებით დატკბე მისით, როგორ უნდა დაიჯერო, რომ ადამიანი შექმნილია, რათა ბედნიერი იყოს. არა, ეს გამუდმებული ხიბლი და იმედგაცრუება, როგორც მთლიანად ცხოვრების ხასიათი, როგორც ჩანს, მხოლოდ იმაზეა გათვლილი და გაანგარიშებული, ჩვენში დაბადოს რწმენა, რომ ამქვეყნად არაფერია ჩვენი ძალისხმევის, ბრძოლისა და სურვილის ღირსი, რომ ყველა სიამე მწირია, რომ სამყარო სრული კოტრია, ცხოვრება კი ისეთი წამოწყება, რომელიც ხარჯებს ვერ ფარავს. ამ ყველაფერმა ჩვენი ნება ცხოვრებიდან უნდა შეაბრუნოს.
ჩვენი ნების ყველა ობიექტის სიმწირე ინტელექტის წინაშე აშკარავდება, რომელსაც ფესვები ინდივიდუმში აქვს, უპირველეს ყოვლისა კი - დროში. ეს ის ფორმაა, რომელშიც საგანთა სიმწირე გვიცხადდება, როგორც მათი წარმავალობა: სწორედ დრო აქცევს ჩვენს ხელთ არარად ჩვენს ყველა სიხარულსა და სიამოვნებას, ჩვენ კი გაოცებულები ვეკითხებით საკუთარ თავს, რა იქნა ეს ყველაფერი. შესაბამისად, თავად ეს სიმწირე წარმოადგენს დროის ერთადერთ ობიექტურ ელემენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ იგი, სიმწირეა ის, რაც დროს შეესაბამება საგანთა შინაგან არსში, ანუ ის, რის გამოხატულებასაც დრო წარმოადგენს. ამიტომაცაა დრო ყველა ჩვენი აღქმის აპრიორი აუცილებელი ფორმა: მასში უნდა გამოვლინდეს ყველაფერი, ჩვენი ჩათვლით. ამის გამო ჰგავს ჩვენი ცხოვრება გადასახდელს, რომელიც ხურდა ფულითაა დათვლილი, მაგრამ მაინც დასაფარია: ხურდა ფული - დღეებია, დაფარვა - სიკვდილი. საბოლოოდ დრო - შეფასებაა, რომელსაც ბუნება აძლევს ყველა თავის არსებას: ის მათ არარად აქცევს.
ვინც შვა ნათელი, ყინჩი ნათელი, დედაღამეს რომ ეჭიფხება,
რომ ედავება სივრცესა და ძველ ხელმწიფებას
მაგრამ ფუჭია, რასაც ომობს თავგადაკლული,
რადგან სხეულთა ზედაპირზე რჩება გაკრული[1].
ამგვარად, სიბერე და სიკვდილი, რომლისკენაც განუხრელად გვაჩქარებს ყოველი ცხოვრება, სიცოცხლის ნებისათვის საბრალდებო განაჩენს წარმოადგენს: ეს განაჩენი თავად ბუნებას გამოაქვს და ამბობს, რომ ეს ნება - სწრაფვაა, რომელიც უკუნითი უკუნისამდე არ განხორციელდება. „ რაც შენ გსურდა, - ამბობს ის. - ასე სრულდება. რაიმე უკეთესი ისურვე “ . ამგვარად, გაკვეთილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სწავლობს საკუთარი ცხოვრებისგან, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს სურვილთა ობიექტები ყოველთვის გვაცურებენ, მერყეობენ და იღუპებიან, მეტი მწუხარება მოაქვთ, ვიდრე სიხარული, სანამ, საბოლოოდ, ის ნიადაგიც არ გამოეცლებათ, რომელზეც დგანან და არ დაიღუპება თავად სიცოცხლე და უკანასკნელად დაადასტურებს, რომ ჩვენი ყველა სწრაფვა და