ჯუპაო
ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჯუპაო ვერ იტანდა, ალიკა იყო. დაინახავდა თუ არა, მივარდებოდა, მარჯვენა მხარში ხელს ჩაავლებდა და ტუჩებდაბრეცილი ეტყოდა ხოლმე:
- აი, ყველასი მესმის, ბოზის მესმის, ქურდის მესმის, ყაჩაღისა მესმის... და მკვლელისაც მესმის, შენი არ მესმის, რა კაცი ხარ, რამ გაგხადა ასეთი პროჭი?!
ალიკა ბოლომდე მოუსმენდა ხოლმე, თან შეჩვეულიც იყო, თან ცოტა ეშინოდა კიდეც სულელი ჯუპაოსი და უსმენდა. მერე ნელ-ნელა მისი ხელიდან მარჯვენა მხარს დაიძვრენდა და ოთახში შედიოდა.
პროექტის კურატორთან გამუდმებით ჩიოდა, ნორმალურად მუშაობაში ხელს მიშლის ეგ გიჟი და ან მოაშორეთ, ან აღარ მოვალო.
კურატორი ხელმძღვანელთან ჩიოდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ძველებურად რჩებოდა. იმ ორმოციოდე დედალ და ერთადერთ მამალ ბაბუინს მხოლოდ ჯუპაო ათვინიერებდა. მისი დანახვისთანავე სიხარულით აჭყივლდებოდნენ ხოლმე. სხვა დროს ზედმეტად აგრესიულებს, ექიმიც კი ვერ ეკარებოდა. ალბათ იმ საექსპერიმენტო ხსნარის ბრალი თუ იყო, მათ ლაბორატორიაში რომ გამოიგონეს და ყოველ მეთოთხმეტე დღეს, კანქვეშ შეუშხაპუნებდნენ ხოლმე მაიმუნებს.
ჯუპაო ორმოციოდე წლის კაცი იყო. საოცრად მაღალს და გამხდარს, მუდამ ერთი მოკლე შარვალი და კიდევ უფრო მოკლე პიჯაკი ეცვა ზამთარ-ზაფხულ. ალბათ ერთ დროს მოდური ახლა მხოლოდ თეატრში თუ გამოდგებოდა. თუმცაღა პიჯაკი ისე მოკლე ჰქონდა, თავისი სიგამხდრის წყალობით მხრებზე ზუსტად აჯდა და მხარბეჭიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ვერ გაიგებდი, მთვრალი დადიოდა თუ უბრალოდ ასეთი ტიპი იყო, რადგან თვალები ძალიან სუფთა და აუმღვრეველი, მეტიც, ხშირ წარბებსა და გრძელ წამწამებს თუ გასცდებოდი და კარგად დააკვირდებოდი, ღრმა და მეტყველი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად ხელის ისეთ მოძრაობას გააკეთებდა, გაფიქრებინებდა, ან გიჟია, ან მთვრალი, ან მსახიობიო. თმა ალბათ საგულდაგულოდ ჰქონდა სახლიდან გამოსვლის წინ დავარცხნილი და წყლით დასველებული, მაგრამ თმის ღერები ისე სასაცილოდ გაეფშიკებოდა ხოლმე, თითქოს მშენებლობის ეზოში მიწიდან ალაგ-ალაგ ამოშვერილი არმატურებია თავწამოწეულიო. პერიოდულად წამოუვლიდა და ზაფხულის ხვატში ველვეტის ყავისფერ შარვალს, ოთხ მაისურს, ყავისფერ საკოსტიუმე პერანგს, პერანგის ზემოდან ორ ცალ ჯემპრს და ერთ მუქ შალის სვიტრს იცვამდა. ბოლოს კი სქელ, მუხლებამდე ჩამოშვებულ გაბერილ ქურთუკში გაეხვეოდა და ისე დადიოდა. ჩემი სიგამხდრის მრცხვენიაო, ამბობდა, როცა ეკითხებოდნენ, ამდენს რატომ იცვამო.
თუმცა ასეთი გამოხდომები წელიწადში ერთხელ ჰქონდა და ყველა ნაცნობი შეჩვეული იყო ჯუპაოს უცნაურობებს, რაც მერე უცბად გადაუვლიდა ხოლმე.
მეთოთხმეტე წელი იქნებოდა, რაც ამ საიდუმლოდ შექმნილ საექსპერიმენტო ჯგუფში მონაწილეობდა და ბაბუინებს უვლიდა. პირველი ექვსი-შვიდი წელი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ - მაიმუნებს ზრდიდნენ და ამზადებდნენ. შემდეგი შვიდი წელი მხოლოდ ვივისექციებს მიეძღვნა. სწორედ ეს შვიდი წელი იყო, რაც ჯუპაო ალიკას ლანძღავდა. ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სპეციალურად შექმნილი ხსნარის დახმარებით, ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების შედეგად ჩანასახი მიეღოთ. მაგრამ ამდენწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ არავითარი წინსვლა და შედეგი არ ჩანდა. პროექტის ხელმძღვანელი იმედიანად იყო, თეორიულად ყველაფერი კარგადაა, რაღაცას ვაკლებთ და ეს რაღაცა დროთა განმავლობაში გამოჩნდებაო.
ცდისპირები ორმოცი დედალი ბაბუინი და ერთიც ადგილობრივი ბერძენი, ალიკა იანოდოპულოსი იყვნენ. ალიკა გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩა: ჩაუტარდა სისხლისა და სპერმის ანალიზი, შესწავლილ იქნა მისი ოჯახური მდგომარეობა, წინაპრები, გენეტიკა და იდეალურ კანდიდატად დასახელდა. ალიკას ექსპერიმენტის დაწყებისას ხუთი შვილი ჰყავდა. იმ შვიდ წელში კი, რაც ამ ჯგუფთან ერთად იმუშავა, კიდევ სამი ეყოლა.
პროექტის კურატორი ხუმრობდა, ერთხელაც იქნება, აქედან ისეთ ვირუსს წაიღებს ეგ ჩვენი ალიკა, ცოლი პატარა ბაბუინს გაუჩენსო, რომლის ნათლიაც უეჭველად მე უნდა გავხდე და სახელად გრიშა დავარქვათო. გვარს აგერ პროექტის ხელმძღვანელი მისცემს და თავადიშვილი გრიშა ლაკერბაია ეყოლება ამ ბერძენ გლეხს სახლშიო.
ალიკა ოცდათხუთმეტი წლის კაცი იყო, საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი, საოცრად ლამაზი მწვანე თვალებით, რომელსაც არასოდეს არავის უსწორებდა. დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა, ისეთი დაბალი, რომ ნათქვამის გამეორება ხშირად უხდებოდა ხოლმე. რომელიღაც კერძო ფირმის ბუღალტრად მუშაობდა და ამ თავის დამატებით სამსახურში დღის მეორე ნახევარში მოდიოდა. სიტყვაძუნწი კაცი იყო, თითქმის არ ლაპარაკობდა. შედიოდა სპეციალურ ოთახში, გადაიცვამდა სპეცკომბინეზონს, რათა მაიმუნებს უნებურად არ დაეჩხაპნათ, შემდეგ დალევდა სტიმულატორებს და იმავე კომპონენტების შემცველ სითხეს, რასაც ბაბუინებს უკეთებდნენ. შემდეგ ოთხიოდე წუთს კუთხეში მიდგებოდა, სანამ მაიმუნს შემოუყვანდნენ და სპეციალურ მაგიდაზე დააბამდნენ. მხოლოდ ამ პროცედურის მერე იწყებდა თავისი პროფესიული ვალის აღსრულებას.
თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ალიკა საიდუმლოდ დაიარებოდა აქ. ანუ არც ოჯახის წევრებისთვის იყო ცნობილი, რით შოულობდა მამა დამატებით (და საკმაოდ დიდ) თანხას. თუმცა სინამდვილეში ასეც არ იყო,