უკუსუნთქვა
„იყო და არა იყო რა, იყო ოცდახუთი კალის ჯარისკაცუნა. სუყველანი ძმები იყვნენ, რადგან ისინი ერთი ძველებური კალის კოვზიდან წარმოიშვნენ“.
- კოვზიდან?
- ჰო, კოვზიდან.
- როგორ?
- რა ვიცი, ასე. წარმოიშვნენ და მორჩა.
- მერე?
`ჯარისკაცუნებს თოფი მხარზე გაედოთ და პირდაპირ იყურებოდნენ, ლურჯი და წითელკანტებიანი მუნდირიც ძალიან უხდებოდათ. როდესაც კოლოფს თავსახური ახადეს, რომელშიც ისინი ეწყო, პირველი რაც მათ გაიგონეს, იყო:
- ვაი, კალის ჯარისკაცუნები!
ეს პატარა ბიჭუნამ იყვირა და ტაში შემოჰკრა. დაბადების დღეზე ნაჩუქარი ჯარისკაცუნები მან დაუყოვნებლივ განალაგა მაგიდაზე~.
- ბებო, დაბადების დღეზე მეც მივიღებ კალის ჯარისკაცუნებს?
- რა თქმა უნდა, მიიღებ.
- ოცდახუთს?
- ჰო, ოცდახუთს.
- მერე, წამიკითხე, მერე რა მოხდა.
„ჯარისკაცუნები სრულიად ერთნაირები გამოდგნენ, მხოლოდ ერთი გახლდათ ცოტათი განსხვავებული ძმებისაგან: მას მხოლოდ ცალი ფეხი ჰქონდა, იმიტომ რომ იგი ბოლო ჩამოასხეს და კალა არ ეყოთ. მაგრამ ერთ ფეხზეც ისევე მყარად იდგა, როგორც დანარჩენები ორზე და აი სწორედ მას გადახდა ეს საინტერესო ამბავი“.
***
„დაიმახსოვრე - როცა თავს ყველაზე მარტოსულად იგრძნობ, როცა, გული ტკივილისაგან ორად გაგეყოფა და სიცოცხლე აღარ გენდომება, სწორედ მაშინ იქნები ყველაზე ბედნიერი“.
ასე უთხრა მაგდას ფეტრის წითელბერეტიანმა მაწანწალამ. ის წვრილი, გამჭოლი, მწვანე მზერით ათვალიერებდა პატარა, გაოცებულ გოგოს, რომელსაც ვერაფერი გაეგო, რას ეუბნებოდა ეს არსაიდან მოხეტებული ქალი. წითელბერეტიანი ისევე უჩუმრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. თითქოს მზის სხივებს აჰყვა, რძისფერ სივრცეში გაიფანტა და უამრავი კითხვის ნიშანი დაუტოვა. მეორედ უცნაური მკითხავი აღარ უნახავს. დიდად არ მის ნაბოდვარს ჩაღრმავებია.
`რა სისულელეა~, - იყო ერთადერთი აზრი, რაც თავში მოუვიდა მაგდას. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ კარი ჯერ კიდევ მხოლოდ მის ზურგს უკან იხურებოდა, დილას მზის სინათლე მოჰქონდა, მის ფიქრებში კი უამრავი ფერადი და ლამაზი ოცნება ცხოვრობდა.
მაგდა მეზობლის, ყოფილი მასწავლებლისაგან ნათხოვარი გაცრეცილი წიგნებიდან ბოტანიკას ეუფლებოდა. ამ წიგნში ამოიკითხა, რომ მწვანე მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ. და რომ ამისთვის მზის ენერგიას იყენებენ. კიდევ ის, რომ ეს პროცესი უკუსუნთქვასავითაა.
უკუსუნთქვასავით!!!
ეს რომ ამოიკითხა, მაგდამ სუნთქვა შეიკრა და შეეცადა, საკუთარი სუნთქვისათვის მიმართულება შეეცვალა.
„არა უშავს, გამომივა“, - თავი დაიმშვიდა გაწბილებულმა. მას შემდეგ ბევრს ვარჯიშობდა, უკუღმა სუნთქვა რომ ესწავლა. ფიქრობდა, რომ მცენარეს ჰგავდა - მზის სითბოთი საზრდოობდა, მერე კი სხვებს უნაწილებდა. სოფლის განაპირას, მდელოზე დაეხეტებოდა და მინდვრის ყვავილებს კრეფდა. კრეფდა და აკვირდებოდა. ერთს აუცილებლად წიგნში დებდა და ზემოდან სიმძიმეს ადებდა.
მერე, როცა გახმებოდა, სქელ, შავყდიან რვეულში ქაღალდის წებოთი აწებებდა, ქვეშ კი თარიღს აწერდა. პირველი ყვავილი, რომელმაც მის ჰერბარიუმში ბინა დაიდო, გვირილა იყო. მაგდამ გვირილას ასეთი მინაწერი გაუკეთა: