მატარებელი არ მოვა (პიესა ერთ მოქმედებად, ერთ სურათად და მრავალ განწყობილებად)
მოქმედი პირნი:
პოეტი
მეწარმე
ქალი
მწირი
გოგო
***
(იწყება სპექტაკლი. სცენა წარმოადგენს მიკარგულ ადგილს. მარცხენა კუთხიდან გამოდის ლიანდაგი, რომელიც შუა სცენიდან მის სიღრმეში შეუხვევს და იკარგება სიშორეში. გარემო სიურრეალისტურად უდაბური და მიტოვებულია. ლიანდაგი ბალახმოდებული და ალაგ – ალაგ აყრილია. ყველაფრიდან ჩანს, რომ მატარებელს აქ საუკუნეა, არ გამოუვლია...
ჟღერს ოდნავ მისტიური მუსიკა.
სცენის მარცხენა კუთხიდან ლიანდაგს გამოყოლილი პოეტი შემოდის. თავიდან ის ვერც ამჩნევს სადაა, რადგან ლექსის თხზვითაა გართული.)
პოეტი: (არეულად გამოსცქერის ჯერ დარბაზს, მერე ცას ააჩერდება... ფეხქვეშ არც იყურება) – რამხელა ცაა!... რა მარტივად... (ძალზე ემოციურად და პათეტიკურად) შეუცნობელი!! (პაუზა. თმას აიბურდავს. ზურგჩანთას მოიხსნის და დააგდებს ლიანდაგზე, რომელსაც კვლავ ვერ ამჩნევს) რამდენი გზაა! (ერთბაშად დაღონდება, თავს ჩაქინდრავს) შენ მოგიყვანს არცა რომელი... (რელსზე ჩაჯდება. სიგარეტის კოლოფს ამოიძვრენს უბიდან, მოიმარჯვებს სანთებელას, სიგარეტს. გარემოს უწინდებურად ვერ ამჩნევს) ... (ერთბაშად, ძალიან აგრესიულ – ვნებიანად) შენი თვალები – ორი შავი გამოქვაბული! (თავისთვის) ვაჰ... კარგია! შენი თვალები – ორი შავი გამოქვაბული...
( გაისმის უცნაური ფრინველის მოძახილი, ჭოტის კივილივით)
პოეტი: (შეკრთება, ნელა, მძიმედ წამოდგება და ახლაღა მიმოიხედავს. დაბალ ხმაზე აჟღერდება იგივე მისტიური მუსიკა) სად ვარ? (გარემოს აკვირდება. იხსენებს) ჩვენ მივუყვებოდით ასფალტიან გზას... მე უკან მივყვებოდი იმათ. მოვდიოდი ჩემთვის და ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე... ანუ – როგორ ჯობს: ტყვიით... თოკით... წყლით... წამლით... ერეკლე, ნათია და ბოდლერა ოდნავ წინ იყვნენ. ნათიას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ერეკლესთანაა. მერე... ვუყურებდი ცას და წამოვიდა ლექსი. მერე აღარ მახსოვს. აქ მოვსულვარ, ამ რაღაც მიკარგულ ზონაში...
(ისევ გაისმის ჭოტის თუ უცნაური ცხოველის ხმა)
პოეტი: ( ფეხქვეშ იყურება) ლიანდაგი... ლიანდაგი... აჰააა! ესე იგი – ანნა კარენინა... კაცია მუნჯაძე... გამოდის რომ (აღმომჩენივით) ლ ი ა ნ დ ა გ ი?!! ანუ, მატერებლის ქვეშ შევარდნა? გამოდის, რომ ამ მივარდნილ ადგილას, რელსებზე იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ეს... მინიშნებაა??? ეშმაკისგან, რა თქმა უნდა!
(კულისებიდან რაღაც ხმაური მოისმის ყრუდ, რკინის გარახუნება თუ ტოტების ლაწა – ლუწი... კაცის ხმა: „ ტფუ, შენი!... “ პოეტს არ ესმის ეს არაფერი)
პოეტი: (პათეტიურად) უარყოფილი შენგან გულგრილად, (დაღმავალი ინტონაციიით) მე შემიფარა თავად სატანამ... ( მოიწყენს. ისევ ჩამოჯდება რელსზე) მან (პროზად აგრძელებს) დამიგო საბან – გობანი რელსებზე და ჩამჩურჩულა: „ ძილი ნებისა, იდიოტო “ ...
(პოეტი რელსებზე დაწოლას ცდილობს. ხან ასე გაწვება, ხან ისე, ხან სიგრძეზე, ხან – სიგანეზე... ცდილობს ხან ლოგინის მყუდრო პოზა მიიღოს, ხან