პირველი ნაწილი -
1
თხუთმეტი წლისას ჰეპატიტი შემეყარა. შემოდგომაზე დამეწყო და გაზაფხულამდე გასტანა. ძველი წელი ილეოდა, სიბნელე და სიცივე მატულობდა. მეც სისუსტე დღითი დღე უფრო მემატებოდა. ახალი წლიდან უკეთესობა ძლივს დამეტყო. იანვარი თბილი დაიჭირა, დედაჩემმა საწოლი აივნისაკენ მიმიწია. და მეც ცას, ღრუბლებს, მზეს გავცქეროდი, ეზოში მოთამაშე ბავშვების ხმაურს ყურს ვუგდებდი. თებერვლის ერთ საღამოს შაშვის გალობაც შემომესმა.
ავადმყოფობის მერე პირველად ბლუმენშტრასედან, სადაც საუკუნის მიჯნაზე აშენებული უზარმაზარი სახლის მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ბანჰოფშტრასესაკენ გამიწია გულმა. ოქტომბრის ერთ ორშაბათ დღეს, სკოლიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, სწორედ ამ გზაზე მაღებინა. მანამდეც უკვე სამი დღე ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ცხოვრებაში ასე სუსტად არასოდეს ვყოფილვარ. ნაბიჯის გადადგმაც კი მიჭირდა. ფეხზე ძლივს ვიდექი, ჭამის მადა სულ არ მქონდა. მაგიდასთან მთლად მშიერიც რომ ვმჯდარიყავი, უკვე გულისრევის შეგრძნება მეწყებოდა. დილით გამომშრალი პირით მეღვიძებოდა, მთელი სხეული დამძიმებული მქონდა. ცხოვრებაში არასოდეს მიღებინებია, საშინლად შემრცხვა მაშინ არადა, უცბად პირი ამევსო, შევეცადე თავი შემეკავებინა, ისევ ჩამეყლაპა, ტუჩები მაგრად მოვკუმე, პირზე ხელიც ავიფარე, მაგრამ ამაოდ. თითებს შორის მაინც გადმომიჭყაპუნდა. მერე სახლის კედელს მივეყრდენი და გაოგნებული ფეხებზე გადმოსხმულ ნარწყევს დავცქეროდი, ყელში მოწოლილი ლორწოსაგან ვიხრჩობოდი.
მაშინ ერთმა ქალმა იზრუნა ჩემზე. საკმაოდ უხეშად მომკიდა ხელი, რომელიღაც სახლის ჩაბნელებული სადარბაზოდან ეზოში გამიყვანა. მაღლა, ფანჯრიდან ფანჯარამდე თოკები იყო გაბმული, სარეცხი ეკიდა. ერთ კუთხეში შეშა ეწყო. იქვე, სახელოსნოს ღია კარიდან ხერხის ხმა გამოდიოდა, ჰაერში ნახერხი აქეთ-იქით ირეოდა. ეზოში კარის გვერდით ონკანი იყო. ქალმა სწორედ იქ მიმიყვანა, ჯერ ხელები დამბანა, მერე მუჭით წყალი სახეზეც შემასხურა. ხელ-პირი ცხვირსახოცით შევიმშრალე.
- მოჰკიდე ხელი.
ონკანის გვერდით ორი ვედრო იდგა, ერთს იმან დაავლო ხელი, აავსო, მეორე მე ავავსე და უკან გავყევი. სადარბაზოდან ისევ ქუჩაში გავედით. ქალმა ვედრო მოიქნია და ქვაფენილზე ნარწყევი გადარეცხა. მერე ვედრო მეც გამომართვა და ისიც მოაპირქვავა.
წელში რომ გაიმართა, დაინახა, რომ ვტიროდი.
- ბიჭუნა, ბიჭუნა, - თქვა მან გაოცებულმა და გულზე მიმიკრა. მკერდთან მის მკერდს შევიგრძნობდი. ისე მაგრად ვყავდი ჩახუტებული, პირიდან ჩემი ნარწყევის სუნსა და მისი საამო ოფლის სუნს შევიგრძნობდი. არ ვიცოდი, ხელები სად წამეღო. ტირილით აღარ ვტიროდი.
- სად ცხოვრობ? - მკითხა მან. ვედროები იქვე სადარბაზოს შესასვლელთან დააწყო, ჩანთა გამომართვა, ხელი ჩამკიდა და გვერდით გამომყვა. ბანჰოფშტრასესთან ახლოს მდებარე ბლუმანშტრასეზე მტკიცე და სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. სწორედ ეს მგვრიდა შვებას და სიარულს მიადვილებდა. სახლამდე მიმაცილა და იქ გამომემშვიდობა.
იმავე დღეს დედამ ექიმი გამოიძახა. სიყვითლე დამიდგინდა. მოგვიანებით დედას ამ ქალის შესახებ ვუამბე. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ ქალთან საკუთარი ნებით მივიდოდი. თუმცა დედა სავსებით ბუნებრივად თვლიდა, რომ გამოჯანმრთელებისთანავე იმ ქალთან ყვავილებით უნდა მივსულიყავი და მადლობა გადამეხადა. ასე რომ, თებერვლის ბოლოს ბანჰოფშტრასესაკენ გავწიე.