პროლოგი კარლ სეიგენმა თქვა: თუ გინდა ვაშლის ღვეზელის გაკეთება ნულიდან დაიწყო, ამისთვის ჯერ სამყარო უნდა შექმნა. როცა სეიგენი ამბობს, "ნულიდანო", გულისხმობს არაფრიდან შექმნას; იმ დროიდან, როცა სამყარო ჯერ კიდევ არ არსებობდა. თუ გინდა ვაშლის ღვეზელი არაფრიდან დაიწყო, უნდა დაიწყო დიდი აფეთქებიდან და სამყაროს გაფართოებიდან, ნეიტრონებიდან, იონებიდან, ატომებიდან, შავი ხვრელებიდან, მზეებიდან, ოკეანეების მიმოქცევიდან, ირმის ნახტომიდან, დედამიწიდან, ევოლუციიდან, დინოზავრებიდან, გადაშენების გამომწვევი მოვლენებიდან, იხვნისკარტებიდან, ჰომო ერექტუსიდან, კრომანიონელებიდან და ა.შ. – დასაბამიდან უნდა დაიწყო. ცეცხლი უნდა შექმნა. დაგჭირდება წყალი, ნაყოფიერი მიწა და თესლი; ასევე ძროხები და ადამიანები ამ ძროხების მოსაწველად და კიდევ უფრო მეტი ადამიანი – ამ რძის კარაქად გადასაქცევად. დაგჭირდება: ფქვილი, შაქარი და ვაშლის ხეები. ქიმია და ბიოლოგია. ძალიან კარგი ვაშლის ღვეზელისთვის ხელოვნებაც დაგჭირდება. ვაშლის ღვეზელისთვის, რომელიც თაობები გაატანს, დაგჭირდება საბეჭდი მანქანა, ინდუსტრიული რევოლუცია და შეიძლება ლექსიც.
ისეთი მარტივი რაღაცის შესაქმნელად, როგორიც ვაშლის ღვეზელია, შენ მთელი სამყარო უნდა შექმნა.