რთული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი
ყველა ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის არსებობს რთული და შედარებით, ნაკლებად რთული ამოცანები. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, პირადი თუ სამსახურეობრივი, მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში, სავსეა ასეთი ამოცანებით. ერთი ადამიანისათვის რთული ამოცანა, შესაძლოა, მეორესთვის მარტივი იყოს და - პირიქით, მაგრამ ყველასთვის არსებობს ისეთი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც ერთი შეტევით, მარტივად ვერ ხერხდება. მას დაჯდომა და დაფიქრება, გზების გააზრება, სტრატეგიების არჩევა და უფრო დეტალური დაგეგმვა სჭირდება, ვიდრე ეს მარტივი ამოცანების შემთხვევაშია.
ასეთი ამოცანების გადაწყვეტის გზების მოფიქრებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომელიმე ერთი მეთოდი მაინც, როგორ შეიძლება მათი დამუშავება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდის შესახებ, რომელსაც აგერ უკვე 10 წელზე მეტია ვიყენებთ და რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ მუშაობს.
ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაწყვეტისათვის სამი ეტაპის გავლაა საჭირო:
ა) სწორი სტრატეგიის დანახვა;
ბ) მაგარი იდეების მოფიქრება;
გ) დეტალური გეგმის დამუშავება.
ის, თუ როგორ ვახერხებთ თითოეული ამ ნაწილის დამუშავებას, განსაზღვრავს, საბოლოო ჯამში, შემუშავებული გზის ეფექტიანობას. ვეცდებით, უფრო დეტალურად მოგიყვეთ თითოეული მათგანის შესახებ.
1. სწორი სტრატეგიის დანახვა
სტრატეგია შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მათ შორის, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არსებობს ერთი ყველაზე სწორი. მის დანახვაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. რამდენად სწორად გააკეთებ აქცენტებს, რამდენად სწორად გაანაწილებ რესურსებს, რამდენად ადეკვატური იქნება შენი ძალისხმევა ხშირ შემთხვევაში სწორედ სტრატეგიის შერჩევაზეა დამოკიდებული.