მართვა თათბირებით
რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს თათბირებს ორგანიზაციის მართვისთვის, თუ მას სწორი თემატიკით, სწორი შემადგენლობით, სწორი რეგულარობით, კარგად ორგანიზებულად ვმართავთ და მისი შედეგების ანალიზსა და შეფასებასაც მუდმივად ვაკეთებთ.
სკოლაში სწავლისას, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სკოლიდან სახლში დამოუკიდებლად წასვლის უფლება არ მქონდა, ხშირად მიწევდა მშობლებთან სამსახურში გადასვლა და დალოდება სახლში რომ ერთად დავბრუნებულიყავით. სკოლას და რედაქციას, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ერთი ღობე ჰყოფდა და ამიტომ მეორე სმენის ბოლო გაკვეთილის შემდეგ მათთან უნდა გადავსულიყავი და წესით მხოლოდ ერთი საათი მომეცადა, სანამ სამუშაო საათები დასრულდებოდა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ეს ესე არ ხდებოდა. მშობლებს გაუთავებელ თათბირებზე უწევდათ ჯდომა, მე კი მათგან ერთ-ერთის ოთახში ლოდინით, ძველი გაზეთების ან მომავალი გამოშვების მასალების კითხვით ან სულაც დერეფანში სირბილით გამყავდა დრო. თათბირები ჩემს მეხსიერებას ამ გარემოების გამო საკმაოდ უარყოფით კონტექსტში შემორჩა.
მაგრამ, ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობამ ნათლად დამანახა, თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს თათბირებს ორგანიზაციის მართვისთვის თუ მას სწორი თემატიკით, სწორი შემადგენლობით, სწორი რეგულარობით, კარგად ორგანიზებულად ვმართავთ და მისი შედეგების ანალიზს და შეფასებასაც მუდმივად ვაკეთებთ.
ყველა ორგანიზაციას აქვს პერმანენტული, მაღალპრიორიტეტული ამოცანები (5-6 როგორც წესი), რომელთა კარგი ხარისხით გადაწყვეტა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის საქმიანობის საბოლოო შედეგებზე. მომსახურების ხარისხის მუდმივი ამაღლება, გაყიდვების სტიმულირება, საკადრო ბაზის განვითარება, პროდუქტების განვითარება და მსგავსი ტიპის ამოცანების გადაწყვეტა, როგორც წესი, მენეჯმენტის და რამოდენიმე სტრუქტურის აქტიურ ჩართულობას ითხოვს, მათ შორის ეფექტიან კომუნიკაციას საჭიროებს, კარგად ჩამოყალიბებულ გეგმას და კოორდინირებულ მოქმედებას, იმისათვის, რომ ამ მნიშვნელოვანი კუთხით მიმართული ძალისხმევა მუდმივი, საკმარისი და შედეგიანი იყოს.