პროლოგის პროლოგი
მეოცე საუკუნეს ჰყავდა თავისი მშობლები და მესაფლავეები, აღმშენებლები და დამანგრევლები - ადამიანები, რომლებიც ძერწავდნენ მას!
ისინი გენიოსები იყვნენ: ზოგი - კეთილი, ზოგი - ბოროტი, მაგრამ - გენიოსები. ღმერთებს უტოლდებოდნენ, ბუნების დამორჩილებას ლამობდნენ, ომებს იწყებდნენ და ასრულებდნენ; ცალკეული ადამიანებისა და კაცობრიობის სვე-ბედს წარმართავდნენ, პასუხებს სცემდნენ პასუხგაუცემელ შეკითხვებს...
ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეოცე საუკუნე გამხდარიყო ისეთი, როგორიც გახდა.
მეოცე უნდა ყოფილიყო დიდი იმედების განხორციელების საუკუნე - ტექნიკური პროგრესის, კლასობრივი ჩაგვრის საბოლოო მოსპობის, კეთილდღეობის, თანასწორობისა და მშვიდობის საუკუნე...
მეოცე აღმოჩნდა - ორი მსოფლიო ომის, ორი მონსტრის - კომუნიზმისა და ფაშიზმის - მშობელი საუკუნე; რევოლუციების, დეკოლონიზაციის, ხალხთა თვითგამორკვევისა და ამბოხებების, დიდი სისხლისღვრის საუკუნე;
უღმერთობის, თან ღმერთისკენ მიბრუნების საუკუნე; ფუტურიზმის, ნიჰილიზმის, „შავი კვადრატის“ საუკუნე...
მეოცე მართლაც გახდა - ატომური ენერგიის, კვანტური ფიზიკის, რადიოს, კინოს, ტელევიზიის, რენტგენის, პენიცილინის, ინსულინის, მთვარეზე გასეირნების, დნმ-ის, ინტერნეტის, მობილური ტელეფონის, კლონირების - დიად აღმოჩენათა საუკუნე!
ამ ძლიერი, მდიდარი და ჯერ კიდევ ადამიანური საუკუნის ერთ-ერთ შემოქმედზე - ალბერტ აინშტაინზეა ეს წიგნი!