თავი I-აქა ამბავი დიდი მეზღაპრისა...
იყო და არა იყო რა... უმეტესწილად ზღაპრები ასე იწყება... ასე იწყება ჩვენი ზღაპარიც, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულ „მეზღაპრეზე“ მოგვითხრობს...
...ამერიკის შეერთებული შტატების ხმაურიან ქალაქ ჩიკაგოში, რომელიც განგსტერებით იყო სავსე, ცხოვრობდა ერთი პატარა, 6 წლის ბიჭუნა, რომელიც ფერად ფანქრებზე ოცნებობდა... დედა, ფლორა, მასწავლებელი ჰყავდა, მამა, ელიასი - ხურო, მკაცრი, ულმობელი ადამიანი, რომლის მსგავსებიც იშვიათობას წარმოადგენენ. ცხოვრებამ მოიტანა ასე - მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა, რა საქმისთვისაც უნდა მოეკიდა ხელი - სამშენებლო ბიზნესი იქნებოდა, ფორთოხლის ბაღის გაშენება თუ გაზეთების გაყიდვა, ყველა მისი მცდელობა ფიასკოთი მთავრდებოდა.
ხელმოცარული მამა ჯავრს შვილებზე იყრიდა, თავის 4 ვაჟსა და ერთ ქალიშვილს მთელი სიმკაცრით ზრდიდა და ნებისმიერი წვრილმანისთვის სასტიკად სჯიდა.
პატარა ბიჭუნა, რომელიც ფერად ფანქრებზე ოცნებობდა, სითბოსა და სიყვარულს თავისი შავკანიანი ძიძისგან იღებდა, რომლის ნამღერი იავნანითაც იძინებდა ხოლმე. არც დედა აკლებდა ალერსს, ხანდახან ძილის წინ ზღაპრებს უკითხავდა და ეს გამოგონილი ამბები ბიჭუნას შვებას ჰგვრიდა, დროებით გამოიკეტებოდა გამოგონილ სამყაროში და შიშისმომგვრელ რეალობას ასე გაურბოდა.
აი, ასეთ პირობებში ვითარდებოდა მულტიპლიკაციის მომავალი ლიდერის ფანტაზიები.
ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. ყველა ზღაპარი „იყო და არა იყო რა“-თი როდი იწყება, მაგრამ დასასრული აუცილებლად ერთნაირი აქვს - კეთილი. კარგი ზღაპარი ოცნებების მოძალების საუკეთესო საშუალებაა. ოცნებებს კი საზღვარი არა აქვს. ან იქნებ, აქვს?..
ჩვენი გმირის ბავშვობაც „ზღაპრების“ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ მხოლოდ სევდიანი ზღაპრების...
პატარა ბიჭუნასთვის რომ გეკითხათ, რას ინატრებდი ყველაზე მეტად ქვეყანაზეო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ, ფერად ფანქრებსო. უყვარდა ხატვა, ამიტომაც ოცნებად ექცა სახატავი ფანქრები...
მეოცნებე ბიჭუნას უოლტ დისნეი ერქვა. რადგან ფერადი ფანქრები არ ჰქონდა, ნახშირის ნატეხებით ან გამდნარი ფისით ერთობოდა. ხან სახლის კედლების მოხატვით იყო დაკავებული, ხანაც ფარდულისა. ნახშირით გულდასმით გამოჰყავდა ცხოველების ფიგურები, რომელთაგან ზოგი იღიმოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა... სასაცილო სანახავები იყვნენ მისი დახატული არსებები. ადამიანები კი, რომლებიც ამ ნახატებს უყურებდნენ, ღიმილად იღვრებოდნენ.
ერთხელ პატარა უოლტს ტკივილი ეწვია... მისი საყვარელი ბუ, სრულიად შემთხვევით, ხელში შემოაკვდა. სწორედ მაშინ შეჰპირდა თავის თავს, რომ, როცა გაიზრდებოდა, გამოიგონებდა ისეთ საშუალებას, რომელიც მის საყვარელ ფრინველს სიცოცხლეს დაუბრუნებდა. როცა ამას ამბობდა, ოჯახის წევრები სიცილით იჭაჭებოდნენ. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ უოლტი ამას ნამდვილად შეძლებდა...
როგორ? ისე, როგორც ზღაპარში ხდება, სადაც შეუძლებელი არაფერია. და რადგან ცხოვრებაც ზღაპარს ჰგავს, მას ეს გამოუვიდა...
ბიჭუნა, რომლის ზღაპარიც „იყო და არა იყო რა“-თი დაიწყო, მომავალში საყოველთაოდ ცნობილი მულტიპლიკატორი გახდა.
მულტიპლიკატორი, რომელმაც ჩვენი სამყაროს ყველა ოჯახში შეაღწია.
მხატვარი, რომელსაც ყველგან სითბო და სიხარული შეჰქონდა.
მსახიობი, რომელიც თავისი შემოქმედებით სიკეთეს თესავდა და ბოროტებას სპობდა, მახინჯს ალამაზებდა და ლამაზს აკეთილშობილებდა.
რეჟისორი, რომელმაც ფასდაუდებელი მულტიპლიკაციური ფილმები შექმნა არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ დიდებისთვისაც.
ანიმატორი, რომელმაც ცხოველთა სამყარო აალაპარაკა და აამღერა.
სცენარისტი, რომელმაც გააფერადა მულტიპლიკაციის შავ-თეთრი სამყარო.
პროდიუსერი, რომელმაც განსაკუთრებული ზღაპრული სამყარო და უკვდავი გმირები გამოიგონა.
დაბოლოს, უბრალოდ, ადამიანი, რომელმაც ოცნება რეალობად აქცია და თავისი გმირებივით უკვდავება დაიბედა...
მაშ, ასე... უოლტერ ელაიას დისნეი - გამოჩენილი ამერიკელი მხატვარ-მულტიპლიკატორი, რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი, მრავალსერიიანი მულტფილმების შემქმნელი, მიკი მაუსის, ბაჭია ოსვალდის, იხვ დონალდისა და კიდევ 200 სხვა პერსონაჟის შემქმნელი, რომლებმაც მას მსოფლიო დიდება მოუტანეს, 1901 წლის 5 დეკემბერს, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში, ღარიბი ხუროს ოჯახში დაიბადა.
მამა წარმომავლობით კანადელი ირლანდიელი იყო, დედა - ამერიკელი გერმანელი. ცოლ-ქმარს 5 შვილი ჰყავდა - უოლტი ნაბოლარა იყო.
იმ დროისთვის ჩიკაგო არა მხოლოდ წარმატებული სამრეწველო, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე კრიმინალური ქალაქიც იყო. ყოველ წამს ახალი და ახალი დანაშაული ხდებოდა. ადამიანებს სახლიდან გამოსვლის ეშინოდათ. მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გარბოდა და სხვა შტატში გადადიოდა საცხოვრებლად, რადგან კრიმინალების შემოტევებს ვეღარ უძლებდა. ბოლოს ელიასის ოჯახის მოთმინების ფიალაც აივსო, როცა მეზობელ ქუჩაზე მოზარდებმა პოლიციელი მანქანაში ჩაცხრილეს. ამ შემთხვევის შემდეგ დისნეების ოჯახი მისურის შტატის პატარა ქალაქ მარსელინში გადასახლდა, სადაც ელიასის ძმა ცხოვრობდა, რომელიც უძრავი ქონებით ვაჭრობდა. აქ მათ მომცრო ფერმა შეიძინეს. მიუხედავად ამისა, შვიდსულიან ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. მაშინ უოლტი მხოლოდ 4 წლის გახლდათ...
5 წლის იყო, ხატვა რომ დაიწყო. მისი შემხედვარე მამა ცოფებს ყრიდა, რადგან უოლტი ყველგან ხატავდა, სადაც თავისი პატარა ხელი მიუწვდებოდა. სახლის ვერც ერთ კედელს სუფთას ვერ ნახავდით, ირგვლივ მხოლოდ ნახშირისა და თხევადი ფისისგან შექმნილი