ბეკეტი - ნაწილი 7 რიყის გამომშრალ ქვად ვარ ქცეული. პრეისტორიულ ქვად. ავყურებ ნედლ და გამჭვირვალე სხეულს. თანაბრად ვიშლები ჩემს შეგრძნებებზე. თუმცა, სანამ დავიშლებოდე სიტყვები (ეს ერთადერთი რამაა, რასაც ქვაში შეღწევა შეუძლია) შემოდიან ჩემში, როგორც ჩემი თითები მოს თეძოებში. ნამქერთან ერთად მეყრება თვალებში ეს უძლურება და მესმის რასაც ბუტბუტებს ველოსიპედის პედლებზე შემდგარი მოს ასთენიკური სხეულის მიმზიდველ სახეზე მიმაგრებული ტუჩები: ყოველთვის მძინავს. ახლაც მძინავს. მთვარეული ვარ. მთვარეზე თოკით გამობმული. ვიღაცის ანარეკლის ანარეკლი. ზოგჯერ მიწაში ფესვგადგმულიც. ყოველთვის სიზმარს ვხედავ და მხოლოდ იქ მგზავნიან, სადაც სიზმრების უსასრულო რკალია. ბევრი სიზმარი. ხშირად სიზმარშიც სიზმარს ვხედავ და რადგან ცხადი ერთადერთი კრიტერიუმია იმაში დასარწმუნებლად, რომ სიზმარს ხედავ, ცხადი დავკარგე, უარყვყავი. აღარასდროს მიძებნია. მისი პოვნა შეუძლებელიც კია, რადგან სიზმრის რომელირაცა ეფემერულ საფეხურზე დავკარგე. ცხადის სამყაროს გამოვეყავი და დროითი და სივრცითი განზომილება მაშორებს მასთან, როგორც ერთი ალქიმიკოსი ამბობდა, სხვა ქრონოტოპოსი, სხვა ტემპორალური რეალობა... აქ არც დროა და არც სივრცე, მხოლოდ სილამაზეა. სიზმრიდან ბოლომდე განდევნილია ყველაფერი რაც უხეშია. მაგალითად, სიტყვა: "მახინჯი". აქ ასეთ სიტყვებს არაფერი ესაქმება. სიზმრის პოეზია დრამატულია, შეიძლება ტრაგიკულიც, მაგრამ აქ ყველაფერი ერთმანეთიდან ამოიზრდება, უმნიშვნელო საგნები არ არსებობს, არც დაპირისპირება და არც ჰარმონია. ეს "არალოგიკურის" სამყაროა, სადაც ყველაფერს საზრისი აქვს. სიზმრის შინაგანი ხმა, მისი Amor fati მითოლოგიაა. ზუსტად ასევე, მითოლოგიის ბედისწერა სიზმარია. აქ კითხვებს არ სვამენ, არც პასუხები არსებობს. არც რაიმე მოძრაობს და არც ჩერდება, ყველაფერი გონებაშია თავმოყრილი, სადაც ფორმების უსასრულო მწკრივია, უზენაესი ესთეტიკა. თავად გონებაც ფანტაზიის ამ უსასრულო მწკრივშია შთანთქმული. სიზმარს არა აქვს მასზე კონტროლი, ოღონდ ვერც თავად აკონტროლებს მას. აქ სრული უმეცრებაა: სრული "ჰო" და სრული "არა". რას უნდა გრძნობდე, აღწერდე და განიცდიდე სამყაროში, სადაც ყველა მოვლენა თავისთავადია, მიმართება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ სხვა მოვლენებიდან ამოიზრდება, როგორც განსხვავებული ფორმა არარსისა. მიკრო სამყაროებიდან გამუდმებით იბადება ახალ-ახალი სამყაროები. არსი ფორმებმა გაიწოვა და ახლა იგი თავისი არ-არსებობით უსასრულო ფორმების სპონტანურობას განაპირობებს. გამქრალია ენის დიქტატურა და სინტაქსის ერთფეროვნება. ვინ დაგვარწმუნა, რომ კაცობრიობა სამყაროს სულის მატერიაზეა ამოქარგული. განა კაცობრიობას ქარგა გააჩნია? ადამიანს უსიუჟეტო არსებაა. სიუჟეტი ჩემი გამჭვირვალე სხეული და სინქრონულად მოძრავი თეძოებია. როგორც შენ, მეც მაქვს ჩემი მარადიული სიზმარი, ჩემზე თოკით მობმულო მეგობარო (ალბათ მე მომმართა. აგრძელებს): ვხედავდი. ყოველთვის ვხედავ: მთვრალი ვარ. სოფელში ჩვენმა ღორმა გოჭები დაყარა (მაშინ მეც მიყვარდა სამშობლო, ჩემი დედა ღორი!). ვხედავ: ქალაქიდან სტუმრები მოგვივიდნენ, წვერმოშვებული, შავი შლაპებით თავდამშვენებული პატრიოტები. დედას ვთხოვ, მოდი ჩვენს სამშობლოს გოჭები დავუკლათ-მეთქი. დედა უარზეა. არა შვილო, ნუ დაუყრი ღორებს მარგალიტებსო. ეს ხომ კანაში გამართული ქორწილია, დედა! არა შვილო, ეს სხვა რამ არისო. ეს მარგალიტებით თამაში არ არის, დედა! გამოუყენებელი მარგალიტები რაში მჭირდება-მეთქი! - ვყვირი. კარს ვაღებ და საღორისკენ მივრბივარ. როგორღაც დედა იქ მხვდება, თვალცრემლიანი მიყურებს, თითქოს იცის რაც უნდა გავაკეთო, არ მეწინააღმდეგება. პირველივე გოჭს ვწვდი, ჰაერში ავიტაცე და დედაჩემის წინ ძირს დავანარცხე. პატარა გოჭი შუაზე გასკა, სისხლი შემოგვესხა. ფართხალებს. ამასობაში მეორეს ვტაცე ხელი და პირდაპირ გასისხლიანებული დედაჩემის ფეხებთან დავახეთქე, ისიც გასკდა, ჭყვიტინებდა და ფართხალებდა... ასე დავანარცხე ექვსივე გოჭი. შვილების სისხლით გაწუმპული დედა ღორი კი მშვიდად წევს, არ ინძრევა. ჩვენს წამოსვლას ელოდება, ემზადება შვილების შესათქვლეფად. საღორიდან გამოვარდი. შლიაპიანი პატრიოტები სადღაც გაქრნენ, აღარსად ჩანან. ვხედავ: დედაჩემი ბოსტანში (ზენობიას ბაღში - ასე დავარქვი) ნიადაგიდან ველურ ჭარხალს იღებს და კანგაურჩევლად მიწიანად ცოცხლად ჭამს. პირი სისხლით აქვს სავსე. ვეხვეწები, ასე არ შეიძლება-მეთქი. ხმას არ მცემს, თავისას აგრძელებს. ახლაც ნათლად ვხედავ: პირი ჭარხლით აქვს სავსე. ტუჩის კუთხეებზე სისხლი ჩამოსდის და ეპკურება მიწას, ჩემს ფეხებს, და სასიხოცხლო ძალით (რუაჰით) მავსებს. არადა რამდენი ხანია გარდაცვლილია, კიბოთი მოკვდა. სიკვდილის ღამეს ლოგინში შევუწექი. არ შევხებივარ, ვერ მივეკარე. დილაადრიან მომკვდარა, მე ლოგინიდან გადმოვარდნილვარ. ძირს ვეგდე. წამოვდექი. გაოგნებული სახით, გახელილი თვალებით მიყურებდა. ვერ დავუხუჭე. გახელილი დარჩა თვალები და ეს თვალები იყო ქრისტე, რომელიც სამშობლოზე ბევრად მაღლა დგას. მე უსამშობლო დემონი ვარ, მკვდარი დედის თვალებში აღბეჭდილი და სიზმრებში ჩაკარგული. შესაძლებელია ვინმემ შეუნდოს ჩემს თვალებს - ჯოჯოხეთს, და ბოროტებით სავსე ხელებს? გამჭვირვალეობა სასჯელია! ჰა, ჰა, ჰა, ჰა... და ეს სიცილი ქარიშხალივით შემომეფრქვა სახეში. თეძოებიდან ხელი გამეშვა.