თავი I
- სიყრმე
რონალდ უილსონ რეიგანი 1911 წლის 6 თებერვალს, ილინოისის შტატის ქალაქ ტამპიკოში დაიბადა. მისი მშობლები ადგილობრივი ბანკის შენობის თავზე, მომცრო ბინაში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით რეიგანი აღნიშნავდა: „ბანკებთან სხვა კონტაქტი არ მქონია“.
მამა - ჯონ ედვარდ რეიგანი ირლანდიელი კათოლიკე იყო, დედა - ნელი უილსონ რეიგანი კი ინგლისურ-შოტლანდიური წარმოშობის გახლდათ.
რონალდი ოჯახში მეორე შვილი იყო, ჰყავდა უფროსი ძმა - ნეილ რეიგანი. ახალდაბადებული შვილი რომ ნახა, ჯეკმა თქვა: „ნამდვილი მსუქანი ჰოლანდიელია, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ მისგან ოდესმე პრეზიდენტი დადგეს“.
მეტსახელი - „ჰოლანდიელი“ - იმდენად ზედგამოჭრილი იყო, რომ ახლობლები დიდი ხნის განმავლობაში ასე ეძახდნენ რონის.
როდესაც რონალდის მამას შეეკითხებოდნენ, რატომ მუშაობდა ასე თავდაუზოგავად, ის პასუხობდა: „ჩემი შრომა უქმად არ ჩაივლის. შემეძინა ვაჟი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტი გახდება. მერე შევძლებ დასვენებას“.
იმის გამო, რომ ჯეკს დალევა უყვარდა, ოჯახს თავი ძლივს გაჰქონდა. მამის შემხედვარე მომავალი პრეზიდენტი კი, სიცოცხლის ბოლომდე ძალზე იშვიათად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს - მხოლოდ ოფიციალურ მიღებებზე თუ მოსვამდა ცოტას.
დედა მოთმინებით უხსნიდა შვილს, რომ ადამიანის შესახებ მხოლოდ იმით არ უნდა ემსჯელა, თუ რა მდგომარეობა ეკავა. მთავარია, როგორი იყო ესა თუ ის პიროვნება.
გარკვეული ხნის განმავლობაში რეიგანების ოჯახი ილინოისის შტატის ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა - ცხოვრობდნენ მონმაუტში, ჰეილსბერგში, ჩიკაგოში... საბოლოოდ, 1919 წელს, კვლავ ტამპიკოში დაბრუნდნენ და „პინტის“ უნივერსალური მაღაზიის თავზე მდებარე ბინაში დასახლდნენ.
როდესაც რეიგანი პრეზიდენტი გახდა და თეთრ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ხუმრობით თქვა, რომ, როგორც ბავშვობაში, ამჯერადაც მაღაზიის თავზე ცხოვრობდა.
ჯეკ რეიგანი მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. იგი მთელი ცხოვრება ოცნებობდა, ამერიკის კონტინენტზე ფეხსაცმლის მაღაზიების ქსელი ჰქონოდა. რამდენჯერმე კიდეც მიაღწია იმას, რომ მაღაზიის თანამფლობელი გახდა. ეს, ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე სქემით მოახერხა: ფულს აძლევდა კომპანიონი, რომელიმე ადვოკატი, სკოლის დირექტორი ან მიწათმფლობელი, რომელსაც რეიგანი არწმუნებდა, რომ ეს ბიზნესი სიმდიდრის მომტანი იყო. თავად მისი ინვესტიცია კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მაღაზიას უძღვებოდა. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ მაღაზია ყოველ ჯერზე კოტრდებოდა. შესაძლოა, XX საუკუნის დასაწყისში ილინოისის პატარა ქალაქები ჯერ კიდევ არ იყვნენ მომზადებული ასეთი ბუტიკებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჯეკ რეიგანი ე.წ. ირლანდიური სენით იყო დაავადებული - გამოუსწორებელი ლოთი გახლდათ. ამასთან, ბანქოსაც თამაშობდა. გადაბმულად ლოთობის შემდეგ ის ყოველ ჯერზე თავის ბიზნესს ან სამსახურს კარგავდა.
სწორედ ამის გამო, მომავალი პრეზიდენტის ბავშვობა სიღარიბეში გაილია. ხანდახან ოდნავ გამოუკეთდებოდათ ფინანსური მდგომარეობა, შემდეგ კვლავ უსახსროდ რჩებოდნენ. ამასთან, ოჯახი იძულებული იყო, საცხოვრებელი ადგილი ხშირად გამოეცვალა.
მორიგი მაღაზიის - „პინტი სთორის“ - დახურვის შემდეგ, 1920 წელს, რეიგანების ოჯახი ილინოისის შტატის ქალაქ დიქსონში გადავიდა. ეს გახლდათ დასავლური „პატარა სამყარო“, რომელმაც რონალდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ყველაზე მეტი დრო რეიგანების ოჯახმა დიქსონში გაატარა და მომავალი პრეზიდენტი სწორედ მას მიიჩნევდა მშობლიურ ქალაქად.
7 წლის რონალდი სკოლაში შევიდა და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის ახლომხედველი იყო. მანამდე აზრად არავის მოსვლია, ბავშვისთვის მხედველობა შეემოწმებინა.
„არც კი ვიცოდი, ახლომხედველი თუ ვიყავი, - წერდა რეიგანი ავტობიოგრაფიაში, - უბრალოდ, მეგონა, რომ სამყარო დაფარული იყო ფერადი ლაქებით, რომლებიც მკვეთრი ხდება, როცა მიუახლოვდები. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ადამიანი სწორედ ასე აღიქვამდა გარემოს და მე მათგან არაფრით გამოვირჩეოდი“.
მხედველობის ნაკლის გამო ბავშვს სქელმინებიანი სათვალე მოარგეს და რონი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებდა მას.
სკოლაში სწავლის პერიოდში სათვალე ნამდვილ წყევლად და სატანჯველად ექცა.
ჯერ ერთი, ის იყო კლასში ერთადერთი სათვალიანი ბავშვი და ამის გამო თანაკლასელები გამუდმებით დასცინოდნენ. მეორეც, სათვალე ხელს უშლიდა, რომ სპორტით დაკავებულიყო, კერძოდ, ამერიკული ფეხბურთით, რომელიც ძალიან უყვარდა.
თავიდან დიქსონის საშუალო სკოლაში დადიოდა, სადაც მსახიობის ხელოვნებასაც ეუფლებოდა და სპორტსაც მისდევდა. ასევე, იძენდა მთხრობლის ჩვევებს.
რონალდი სკოლაში არ ყოფილა უპირობო „ხუთოსანი“, როგორც ეს „სათვალიან მოსწავლეს“ შეჰფერის. ის უფრო საშუალო მოსწრების მოწაფედ მიიჩნეოდა და წლების შემდეგ თავადაც აღნიშნავდა, რომ მისი მოსწრებისთვის „ჩ“ (ჩვენი „სამიანის“ ანალოგი) მისთვის სრულიად სამართლიანი ნიშანი იყო.
სახელმძღვანელოების კითხვას თავს არიდებდა... თუმცა, არც სხვა წიგნების კითხვით იკლავდა თავს. დამაკმაყოფილებელ ნიშნებს კი ფენომენალური მეხსიერების წყალობით იღებდა - შეეძლო, რამდენიმეგვერდიანი ტექსტი ერთხელ მოესმინა და უშეცდომოდ გაემეორებინა. იმ წლებში მისი