ცეცხლფარეში
თექვსმეტი წლის კარლ როსმანს შეშფოთებულმა მშობლებმა ამერიკაში უკრეს თავი, რადგან მაცდურმა მოახლემ მისგან შვილი გააჩინა. როცა გემი უკვე შენელებული სვლით ნიუ-იორკის ნავსადგურში შევიდა, თავისუფლების ქალღმერთის ქანდაკება, შორიდანვე რომ შენიშნა, მის თვალწინ ერთბაშად გასხივოსნდა. ზეაღმართულ ხელში მახვილი ეპყრა და მის გარშემო თავისუფლების ნიავქარი ქროდა.
– რამსიმაღლეა! – ჩაილაპარაკა და ადგილზე გაშეშდა. ამასობაში მებარგულთა მოზღვავებულმა ნაკადმა თანდათან გემბანის მოაჯირთან მიიმწყვდია.
– აღარ აპირებთ ჩასვლას? – ჰკითხა მგზავრობისას გაცნობილმა ახალგაზრდამ, – როგორ არა, მოვდივარ, – სიცილით მიუგო კარლმა და საკუთარი ჯან-ღონით თავმომწონემ ჩემოდანი მარდად შემოიგდო მხარზე. ნაცნობს რომ გააყოლა თვალი, რომელიც ხელჯოხის ქნევა-ქნევით სხვა მგზავრებთან ერთად წინ მიიწევდა, უეცრად გაახსენდა, რომ ქოლგა ქვემოთ დარჩენოდა. წამოეწია და თავაზიანად სთხოვა, ცოტა ხნით ჩემოდანს მიმიხედეო, რაც ახალგაზრდას დიდად არ ესიამოვნა. კარლმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას, რათა ადგილი კარგად დაემახსოვრებინა და უკან გაბრუნდა. მისდა სავალალოდ, ქვედა გასასვლელი, რომელიც გზას საგრძნობლად შეუმოკლებდა, ჩაკეტილი დაუხვდა; ალბათ იმის გამო, რომ გემი უკვე ყველა მგზავრს დაეტოვებინა. ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე კიბე სულმოუთქმელად აირბინა, მიხვეულ-მოხვეული დერეფნების გავლით ერთ ცარიელ ოთახში ამოყო თავი, რომელშიც მიტოვებული საწერი მაგიდა იდგა, და მიხვდა, გზა საბოლოოდ არეოდა. აქეთ ერთი-ორჯერ ადრეც მოხვედრილა, მაგრამ მხოლოდ სხვების თანხლებით. სასოწარკვეთილებისაგან, რადგან ახლომახლო ადამიანის ჭაჭანება არ იყო და მხოლოდ ზემოდან ერთმანეთში არეული ნაბიჯების ხმა ისმოდა, შორიდან კი ძლივს აღწევდა უკვე ჩამქრალი ძრავების უკანასკნელი სუნთქვა, ბევრი აღარ უფიქრია, და პირველივე პატარა კარს, რომელთანაც ამ უთავბოლო ბორიალში აღმოჩნდა, მუშტები დაუშინა.
– რა ამბავია, ღიაა, – გამოსძახა ვიღაცამ შიგნიდან, კარლმა შვებით ამოისუნთქა და კარი გამოაღო, – რატომ აბრახუნებთ ასე თავგამეტებით? – ჰკითხა ზორბა კაცმა, როგორც კი კარლს თვალი შეავლო. უბადრუკ სენაკში, რომელშიც ილუმინატორიდან ძლივს აღწევდა გემის ზედა სართულის მბჟუტავი შუქი, ერთმანეთის გვერდით თითქოს საგულდაგულოდ ჩაეჭედათ საწოლი, კარადა, სავარძელი და კაცი.
– გზა ამებნა, – ამოთქვა კარლმა, – მგზავრობისას სულ არ შემიმჩნევია, რა უზარმაზარი გემი ყოფილა!
– დიახ, მართალი ბრძანდებით, – ერთგვარი სიამაყით უპასუხა კაცმა, თან განუწყვეტლივ უკირკიტებდა პატარა ჩემოდნის საკეტს, რომელსაც ორივე ხელით აწვებოდა და კლიტის ტკაცუნს აყურადებდა.
– შემოდით, შემოდით , – განაგრძო კაცმა, – ასე ხომ არ იდგებით!
– ხომ არ შეგაწუხებთ? – ჰკითხა კარლმა.
– ოჰ, როგორ შემაწუხებთ!
– გერმანელი ხართ? – გულის დასაიმედებლად ჰკითხა კარლმა, რადგან ბევრი სმენოდა იმ საფრთხეების შესახებ, ამერიკაში ახალჩასულებს რომ ემუქრებოდა, განსაკუთრებით ირლანდიელთა მხრიდან.
– დიახ, გახლავართ, – უპასუხა კაცმა. კარლი მაინც ყოყმანობდა. უცნობი უეცრად კარის სახელურს სწვდა, კარი ჯიქურ შემოხურა და კარლიც შიგნით შეაგდო, – ვერ ვიტან, დერეფნიდან ჩემს ოთახში რომ იყურებიან, – თქვა, თან ისევ ჩემოდანს უტრიალებდა, – ყველა გამვლელ-გამომვლელი იჭყიტება, ეს ხომ აუტანელია!
– კი მაგრამ, დერეფანი ხომ ცარიელია, – მიუგო კარლმა, რომელიც საწოლის თავთან მიჭეჭყილი უხერხულად იდგა. – ახლა კი, – თქვა კაცმა. „საქმე ხომ ახლას ეხება, – გაიფიქრა კარლმა, – ამ კაცთან რთულია ლაპარაკი“.
– მოთავსდით, ღვთის გულისათვის, საწოლზე, იქ მეტი ადგილია. კარლი შეეცადა შემძვრალიყო, მაგრამ საწოლზე ახტომის პირველივე წარუმატებელ ცდაზე თავადვე გაეცინა. როგორც კი საწოლზე ასვლა მოახერხა, წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, ჩემი ჩემოდანი ხომ სულ გადამავიწყდა! – კი მაგრამ, სად არის?
– ზემოთ, გემბანზე, ერთ ნაცნობს ჩავაბარე. მოიცა, რა ჰქვია? – და საიდუმლო ჯიბიდან, რომელიც დედამ გამომგზავრებისას შარვლის სარჩულზე გამოუკერა, სავიზიტო ბარათი ამოიღო, – ბუტერბაუმი, ფრანც ბუტერბაუმი.
– ძალიან გჭირდებათ ეგ ჩემოდანი?
– ცხადია.
– მაშინ უცხო ადამიანს რატომ დაუტოვეთ?
– ქოლგა დამრჩა ქვემოთ და მის მოსატანად გავიქეცი, ჩემოდანი კი აღარ მინდოდა უკან მეთრია. მერე აქ გზა ამერია.
– მარტო ხართ? არავინ გახლავთ?
– დიახ, მარტო ვარ. „ალბათ ამ კაცს არ უნდა მოვშორდე, – გაუელვა კარლს თავში, – ამაზე უკეთეს მეგობარს სად ვიპოვი“.
– და ახლა ჩემოდანიც დაკარგეთ. ქოლგაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, – და კაცი სავარძელში ჩაჯდა, კარლის ამბავმა თითქოს ინტერესი გაუღვივა.
– მაგრამ, მე მგონი, ჩემი ჩემოდანი ჯერ დაკარგული არ უნდა იყოს.
– ნეტარ არიან მორწმუნენი, – მიუგო კაცმა და თავისი მოკლე, შავი,