პირველი ნაწილი
1
პოლეტ ლესტაფიე სულაც არ გახლდათ ისეთი გიჟი, როგორც ამბობდნენ. კვირის დღეებსაც მშვენივრად არჩევდა ერთმანეთისგან, მით უმეტეს, რომ სხვა საქმე თითქმის არაფერი ჰქონდა: დღეების თვლა, მათი ლოდინი და მერე – დავიწყება. ძალიან კარგად იცოდა, რომ დღეს ოთხშაბათი გახლდათ. სხვათა შორის, უკვე მზადაც იყო! მანტო ჩაეცვა, საყიდლების კალათაც გაემზადებინა და ფასდაკლებების კუპონებიც ერთად მოეგროვებინა. და სწორედ მაშინ, როცა ივონის მანქანის ხმაც გაიგონა და სახლიდან გასასვლელად მოემზადა, კართან თავის მშიერ კატას მოჰკრა თვალი. საჭმელს დავუყრიო, გაიფიქრა. იატაკზე დადგმული თეფშისკენ დაიხარა, ფეხი აუცდა და კიბის საფეხურს ჩამოარტყა თავი.
პოლეტ ლესტაფიე ხშირად ეცემოდა, მაგრამ ეს მისი საიდუმლო იყო. ამაზე საუბარი არავისთან შეიძლებოდა.
„არავისთან, გაიგე?“ – ჩუმად ემუქრებოდა საკუთარ თავს, – „არც ივონთან, არც ექიმთან და მით უმეტეს – არც შენს პატარასთან...“
ფრთხილად უნდა წამოდგე, დაიცადო, სანამ გარშემო საგნები თავიანთ საწყის პოზიციებს დაუბრუნდებიან, მერე ნატკენი ადგილი სინთოლით(სინთოლი – ფრანგული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, 2014 წლიდან გაყიდვიდან ამოიღეს, 2016 წლიდან კი კვლავ გამოჩნდა ბაზარზე.) დაიმუშაო და რაც შეიძლება კარგად დამალო წყეული ჩალურჯებები.
პოლეტის ჩალურჯებები არასდროს იყო ლურჯი ფერის – უფრო ყვითელი, მწვანე ან მოიისფრო და თანაც ისეთი, დიდი ხნით რომ რჩებოდნენ მის სხეულზე. ძალიან დიდი ხნით. რამდენიმე თვითაც კი... მათი დამალვა საკმაოდ რთული იყო. კეთილისმსურველები ყოველთვის ეკითხებოდნენ, რატომ ეცვა ისე სქლად, თითქოს შუა ზამთარი ყოფილიყო, რატომ ატარებდა წინდებს და რატომ არ იხდიდა ჟილეტს.
ამ თემაზე ჩაციება განსაკუთრებით პატარამ იცოდა ხოლმე:
– ეს რა არის, ბებო? რა ამბავია? გაიხადე, რამდენი გაჯაჯია, მოკვდები სიცხისგან!
არა, პოლეტ ლესტაფიე სულაც არ იყო გიჟი. მან იცოდა, რომ ეს უზარმაზარი ჩალურჯებები, რომლებიც არასდროს ქრებოდა, ერთ დღეს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა...
მან იცოდა, სად ატარებდნენ სიცოცხლის ბოლო დღეებს ყველასათვის გამოუსადეგარი მოხუცი ქალები. აი ისინი, ბოსტანში სარეველას რომ ვეღარ უმკლავდებიან და სახლში გადაადგილებისას, დაცემის თავიდან ასარიდებლად, ავეჯს ეყრდნობიან ხოლმე. აი, ის მოხუცები, ნემსის ყუნწში ძაფს რომ ვეღარ უყრიან და ისიც კი არ ახსოვთ, როგორ აუწიონ ტელევიზორს ხმა. ისინი, პულტის ყველა ღილაკს რომ აწვებიან, ბოლოს კი ტელევიზორს თიშავენ და სიმწრისგან ტირიან.
პატარა და მწარე ცრემლებით.
ხელებში თავჩარგულნი, მკვდარი ტელევიზორის წინ.
და რა? ამით ყველაფერი მორჩება? აღარასდროს იქნება სახლში ხმაური? ადამიანების ხმა? აღარასდროს? და მხოლოდ იმიტომ, რომ ღილაკის ფერი დაგავიწყდა? არადა, პატარამ ხომ სპეციალურად დაგიკრა ფერადი ფურცლები პულტზე... ნამდვილად დაგიკრა! ერთი – არხებისთვის, ერთი – ხმისთვის და ერთიც – ჩართვა-გამორთვისთვის! კარგი რა, პოლეტ! გეყოფა ტირილი, შეხედე პულტზე დაკრულ ფურცლებს!
ნუ მიყვირით, თქვენ, ყველანი... დიდი ხანია, პულტს ფურცლები ასძვრა, დიდი ხანია... თითქმის ეგრევე... უკვე თვეებია, საჭირო ღილაკებს ვეძებ, აღარაფერი მესმის, მხოლოდ გამოსახულებას ვუყურებ ძლივსგასაგონი ჩურჩულის თანხლებით...
ნუ მიყვირით ასე ხმამაღლა, ასე ხომ კიდევ უფრო დამაყრუებთ...
2
– პოლეტ! პოლეტ! აქ ხართ?
ივონი ბრაზობდა. სციოდა, შალს მკერდზე ძლიერად იხვევდა და ბუზღუნებდა. სუპერმარკეტში დაგვიანება არ უყვარდა.
საშინლად არ უყვარდა.
ოხვრით დაბრუნდა მანქანაში, ძრავა გათიშა და ქუდი დაიხურა.
პოლეტი ბაღის სიღრმეში უნდა მჯდარიყო. ის ყოველთვის იქ იყო, კურდღლის ცარიელი გალიების გვერდით, სკამზე მჯდომი. საათობით რჩებოდა ასე, დილიდან საღამომდეც კი, წელში გამართული, უძრავად, მოთმინებით სავსე, მუხლებზე დაწყობილი ხელებითა და სივრცეში გაშტერებული მზერით.
პოლეტი თავისთვის საუბრობდა, მიცვალებულებს ელაპარაკებოდა და ცოცხლებისთვის ლოცულობდა.
ესაუბრებოდა ყვავილებს, ფეხებთან ამოსულ სალათის ფოთლებს, ბეღურებს და საკუთარ ჩრდილს. პოლეტი ჭკუას კარგავდა და ერთმანეთისგან დღეებსაც ვეღარ არჩევდა. დღეს ოთხშაბათი იყო – საყიდლების დღე. უკვე ათი წელია, ივონი ყოველკვირა მოდიოდა მის წასაყვანად, ეზოში შესასვლელ პატარა კარის რაზას სწევდა და ოხრავდა: „რა საშინელებაა...“
რა საშინელებაა სიბერე, რა საშინელებაა მარტოობა, რა საშინელებაა სუპერმარკეტ „ინტერში“ დაგვიანება და სალაროსთან ახლოს თავისუფალი ურიკების ვერპოვნა...
მაგრამ არა. ბაღი ცარიელი იყო.
ბუზღუნა ქალი ცოტათი აღელდა. სახლის უკანა მხარეს გავიდა, ფანჯარას ხელებით მიეყრდნო და შიგნით ჩუმად შეიჭყიტა.
სამზარეულოს მეტლახზე მეგობრის გაშხლართული სხეული შეამჩნია და აღელვებულმა შეჰყვირა: – ღმერთო ჩემო!
ემოციებმოძალებულმა დარბაისელმა ქალბატონმა პირჯვარი არეულ-დარეულად გადაიწერა, ძე და სულიწმინდა ერთმანეთში აერია, ცოტა შეიგინა კიდეც და ფარდულში წავიდა რაიმე ხელსაწყოს მოსაძებნად. ფანჯრის მინა თოხით ჩაამსხვრია და გაჭირვებით გადაძვრა რაფაზე.
ოთახი ძლივძლივობით გაიარა, ერთმანეთში შერეული სისხლისა და რძის ვარდისფერ გუბეში დაგდებული მოხუცი ქალის