ლიტერატურა და ლიტერატურა - საზღვრები და მთლიანობა (წინათქმის ნაცვლად)
,პოეტიკა და ჰერმენევტიკა - ლიტერატურათმცოდნეობის ორი საპირისპირო მხარეა.
პოეტიკა მზა მნიშვნელობას ან შედეგს იღებს და კითხვას სვამს, თუ როგორ შეიქმნა ის...
მეორე მხრივ, ჰერმენევტიკა იწყებს ტექსტებით და სვამს კითხვას, რას ნიშნავს ისინი,
ცდილობს აღმოაჩინოს ახალი და უკეთესი ინტერპრეტაციები..
. ლინგვისტური მოდელები გვიჩვენებს, როგორ აღწევს პოეტური ნაწარმოები იმ ფაქტს,
რომელსაც ქმნის. თუმცა, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობამ აშკარად მეორე გზა აირჩია,
რომლის შედეგი კონკრეტული ნაწარმოებების ინტერპრეტაციებში ვლინდება. საერთოდ,
ლიტერატურათმცოდნეები ხშირად უხამებენ პოეტიკისა და ჰერმენევტიკის მეთოდებს. “
ჯონათან ქალერი
ლიტერატურა და ლიტერატურა - საზღვრები და მთლიანობა
(წინათქმის ნაცვლად)
ლიტერატურა, თავისი ისტორიის მანძილზე, მუდამ იყო სიტყვის კულტურულ არსში მომხდარი ცვლილებების მოწმობა. დიდხანს ეს ცვლილებები ლიტერატურის საკუთრივ სივრცეში - რიტორიკისა და ესთეტიკის მთლიანობის პირობებში ხდებოდა. მაგრამ გვიან, როცა მას საკუთარი საზღვრების გადახედვა მოუხდა და თვითდადგენის პოლიტიკას მოჰკიდა ხელი, ძველი ტერიტორიების ხელახალი მოპოვებისთვის ახალი სივრცეების ათვისება დაიწყო. გადარჩენის ეს ვაბანკი იმდენადვე შეიძლებოდა ყოფილიყო მომგებიანი, რამდენადაც ამას აუცილებლობის კანონი და გაბედული ხარჯვის გონივრული ქმედება უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ ლიტერატურამ ისტორიული საზღვრები გააუქმა, ცხადია, იმის ცნობიერებითა და რისკით, რომ ამით იგი არა მარტო თავის განსაზღვრულ სტატუსსა და კუთვნილ სივრცეს, არამედ საკუთარ თავს აუქმებს. ამ გზიდან მოხვდა ლიტერატურის სივრცეში წერილობის სხვა კულტურული აქტორი - კრიტიკა, რომელიც ლიტერატურის პლურალური სივრცის გარკვეული ნაწილი კი არა, მისი სუბსტანციის წარმომდგენი გახდა. ამდენად, კრიტიკა ლიტერატურის მესაიდუმლეა, რომელიც საკმაოდ ბრძენია საიმისოდ, რომ იგი მარტივად არ გასცეს. ამ მორალური პოზიციის ინტელექტუალური საფუძვლით მოიპოვა მან უფლება, იწოდებოდეს ლიტერატურად.
ველი, რომელზეც ეს კულტურული პერფორმანსი ხორციელდება, წმინდად ფილოლოგიურია. კულტურა ფილოლოგიური სიხშირეებით იმართება. სამყაროს აქვს ფილოლოგიური სიმართლე, ფილოლოგიური წესრიგი, რომელიც ყველგანაა, სადაც კი სიტყვებისა და საგნების კავშირი აზრს, მნიშვნელობებს, სიმართლეს აწარმოებს.
მაგრამ ,,ფილოლოგიური წესრიგი “ არა მარტო ადამიანის მიერ სიტყვის სიყვარულს, არამედ სიტყვებს შორის უშუამავლო სიყვარულს ნიშნავს, როცა ისინი თვითონ პოულობენ ერთმანეთს, ერთმანეთის საშუალებით საკუთარ და საერთო მნიშვნელობებს. სიტყვებს ასეთი თავისუფლება მხოლოდ ლიტერატურაში ჰქონდა.
,,ფილოლოგიის ტოტალობა “ მაშინ დაიწყო, როცა სიტყვის ლიტერატურული, ანუ წმიდათაწმინდა არსი მის ფარგლებს გარეთ განივრცო. ეს ნიშნავს: ლიტერატურა აღარაა ერთადერთი ადგილი, სადაც ლიტერატურა შეიძლება მოხდეს. ამ აზრით, ლიტერატურა შეუძლებლობაა - იგი ყველგანაა და აღარსად. შეუძლებლობის /,,ლიტერატურული ვაკუუმის “ პოტენციაა წარმოშვას მხატვრული სიტყვის ინსპირაციული ერთეულები - ,,ლიტერატურული არა-მე “ . კრიტიკა ლიტერატურის ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა/შეუძლებლობაა.
რადგან სიტყვის არსებითი თვისება დაფარულობაა, იგი მხოლოდ საკუთარ არა-მესთან დიალოგისას გამოარკვევს თავს. ლიტერატურის გლობალისტური გაგება ამგვარი თვითდადგენის შესაძლებლობას ნიშნავს. ამ წიგნის მიზანიც, უფრო ფუნქცია, ლიტერატურისა და ლიტერატურის, - მხატვრული და კრიტიკული დისკურსების, როგორც ლიტერატურული მე-სა და ლიტერატურული არა-მეს დიალოგის კონსტატაციაა. ამ დიალოგის ავთენტურობა კი ლიტერატურის იმ ფართო ველს ეკუთვნის, რომელიც მკითხველმა [უნდა] აღიაროს, როგორც დიალოგის ექსისტენციური მოძრაობის მშობლიური ადგილი, ხოლო შინაარსი დიალოგური შეხვედრების პირადი გამოცდილება.
28 სექტემბერი,
2016 წელი