მოძრავი დღესასწაული
სამი ხმა ენაცვლება ერთმანეთს – მინავლებულ ცეცხლში შეშის ტკაცუნის, სათლის ფსკერზე ტოლჩის პირის დაკარების და მდორე წყლის ჩხრიალის. სამი ერთმანეთის დამთრგუნავი სითეთრე აკეთილშობილებს წიფლის გაჭვარტლულ სახლს. მაქმანის ფარდები, ცხელი წყლის ორთქლი და ბუხრიდან გამოპარული კვამლი რძისფერ ნისლში ხვევს იქაურობას. საგანგებოდ დათბუნებულ ოთახში ცისია ბანაობს – დიდ, ოვალურ ტაშტში ჯორკო ჩაუდგამს, პირით ფანჯრისკენ დამჯდარა და ეზოს უკან გაშენებულ ატმის ბაღს გასცქერის. ტაშტის კიდეზე ჩამოდებულ ფეხს ხელისგულს აყოლებს და თუნუქის ჯამებში სითხეების ნელთბილობას შუა თითის ფრთხილი ჩაყოფით ამოწმებს: ერთში ვარდის წყალია გაზავებული, მეორეში – დაფნის ნაყენი, მესამეში კი – გვირილის ნახარში გადაწურვისას შეყოლილი თეთრი ფურცლებით. სამივე სურნელოვან წყალს რიგრიგობით გადაივლებს სხეულსა და თმებზე, მოჩხრიალე წყლის ხმებით სმენას დაიტკბობს და კიდევ ერთხელ გაიფიქრებს – თუ ადამიანის ხმა არ ისმის, მაინც სიჩუმე ითქმის.
ერთხელ წყაროზე ცისიას წამოსცდენია: როცა ვბანაობ, გუჯაც იმ ოთახშია ხოლმეო და მერე ქალებისთვის ისე მოუვლია თვალი, ხმის ამოღება ვერავის გაუბედავს. ნეტავ, ქმარს მზის შუქზე შიშველი როგორ ენახვება, თორემ ღამით არც ჩვენ ვწვებით ფანელის ხალათებითო – მას შემდეგ თვალებზე ხელს იფარებენ მეზობლები ჭორაობისას, თითქოს შიშველ ცისიას ცხადად ხედავდნენ. „ქმარი არა! მთლად გააგიჟა ის ბიჭი!“ – აჰყვებიან მუხლის თავებზე შემოდგმული დოქის პირები და წყაროსთან ჩამომსხდარი ქალებიც თავის ქნევით დაემოწმებიან.
ცისია არ ტყუის. როდესაც ბანაობს, გუჯა ოთახის სიღრმეში დგას და ნესტიან ჰაერს ხარბად ისუნთქავს. ამოსუნთქვისას სასულეს იწვრილებს, ნერწყვის გადაყლაპვისას კისერს იგრძელებს და ფეხშიშველი იცვლის ადგილს, რომ მისმა თანმხლებმა ხმებმა ცისიას მყუდროება არ დაუფრთხოს. შუაცეცხლის ადგილას ჭერიდან თოკებით დაშვებულ ხის ჩარჩოს მზერას უსწორებს და ისეთ კუთხეს ირჩევს, მოზომილ სივრცეში ცისიას რომ ხედავდეს და ფანჯრიდან შემომავალი შუქი სილუეტს ამუქებდეს. დგას და უყურებს ცოცხალ ნახატს – ხმოვანს და მოძრავს, სიცოცხლით სავსეს; ყოფიერებით ტკბება და კიდევ უფრო ეშორება ქალაქი, რომელიც ჩარჩოს კუთხეში მოქცეული ქალის გამო დატოვა და ახალი ცხოვრება დაიწყო.
წარმოდგენა რომ მთავრდება, ცისია ტაშტის წინ დაფენილ ჭილოფზე ფრთხილად ეშვება, სკამის საზურგეზე მიფენილ პირსახოცს სწვდება, თავს ხრის და ყურებს იშრობს. მერე სხეულზე იხვევს, სველი ნაფეხურებით ოთახის შუაგულს უახლოვდება, ჩარჩოსთან სახე ახლოს მიაქვს და გუჯას სამანს მიღმა თვალებს უკოცნის.
სანამ ცისია მოწესრიგდება, გუჯა თუნუქის ჩაიდნიდან პიტნის ჩაის ჩამოასხამს და ფაიფურის ფიალას თაფლით გაავსებს. მერე ცისიას თმაზე შერჩენილ გვირილის ფურცელს ფრთხილად მოაცილებს და მრგვალი მაგიდისკენ გაუძღვება. ჩამოსხდებიან მდუმარედ და თვალის ფსკერზე ჩაძირულ ამბებს ხელახლა, უთქმელად უამბობენ ერთმანეთს. არც ერთმა იცის, კვირის რომელ დღეს დაენთება კიდევ ცეცხლი – ცისიას ბანაობა მოძრავი დღესასწაულია.
* * *
საღამოობით, ვახშამს რომ მოითავებენ, ცისია აკეცილ თმას წვერმოტეხილი ფანქრით დაიმაგრებს, მაგიდაზე ძველ გაზეთებს გაშლის და ზედ დიდ თეთრ ქაღალდებს დააფენს. გარეცხილ ფუნჯებსა და გუაშის საღებავებს გვერდით მოიწყობს და აფიშების ხატვას შეუდგება. კინო ცისიას და გუჯას საერთო სიყვარული და გაუნელებელი ვნებაა. საათობით შეუძლიათ ძველი ფილმების გახსენება, ერთმანეთისთვის მოყოლა და საყვარელი მსახიობების გამოჯავრება. სოფლის კინოკლუბში საჩვენებელ ფილმებს საგულდაგულოდ არჩევენ, ფირების ჩამოსატანად პატარა ქალაქში მიემგზავრებიან, გზად აკვიატებულ მელოდიას ღიღინებენ და პერსონაჟების ფრაზებით ლაპარაკობენ. წინა დღეს გუჯა საკუთარი ხელით შეკეთებულ კინოს ჯადოსნურ მანქანას კიდევ ერთხელ შეამოწმებს, ცისია კი სამ განსხვავებულ აფიშას დახატავს და წიგნში ჩალაგებული გამხმარი ღიღილოებითა და ფურისულებით მორთავს.
დილაადრიანად გუჯა ველოსიპედის ზარით უხმობს ცისიას ეზოში. ცისიაც დახვეულ აფიშებს გულთან მიიკრავს, კაბას გაისწორებს და ველოსიპედის უკანა სკამზე ჩამოჯდება. გუჯა ცისიას შესაშინებლად საჭეს შეათამაშებს, ცისია ცალ ხელს წელზე მაგრად მოხვევს გუჯას და სოფლის გზას მხიარულად გაუყვებიან. ერთ აფიშას, რომელზეც შლაპა და ბერეტია დახატული, მაღაზიასთან გააკრავენ; მეორეს, ზემოთ მიმართული ორი პისტოლეტით, წყაროსთან მდგარ ტირიფის ხეს მიაბარებენ; მესამეს კი, საჭეზე მოჭიდებული ქალისა და კაცის ხელებით, ავტობუსის გაჩერებასთან მოუძებნიან ადგილს. იმ ღამით არც ერთს აქვს მშვიდი ძილი, ათასი ფიქრი აფორიაქებთ – ფირი არ გაწყდეს, ხმამ არ ითამაშოს და, რაც მთავარია, მეორე დღეს ნანახი ფილმით იცხოვროს სოფელმა.
ციცინათელებით რომ გაივსება სოფლის გზა, ცისია მხრებზე მოხურული თავშლით კლუბის კართან დადგება, ბილეთის ფულს აკრეფს და ქამარზე დამაგრებულ ჩანთაში შეინახავს. მერე დარბაზის უკან, პატარა ოთახში, გადაინაცვლებს, გუჯას მხარზე თავს დაადებს და კედელში დატოვებული პატარა ღიობიდან გასცქერის ეკრანსა და შავი სილუეტებით სავსე დარბაზს. დანამდვილებით