პირველი ნაწილი - 1
მარიამი ხუთი წლის იყო, სიტყვა „ჰარამი“(ჰარამი – უკანონო, აკრძალული.
) პირველად რომ გაიგონა.
ეს ხუთშაბათს მოხდა. ნამდვილად ხუთშაბათი უნდა ყოფილიყო, რადგან როგორც მარიამს ახსოვდა, იმ დღეს თავს მოუსვენრად გრძნობდა და ფიქრებში ჩაძირულიყო. ეს კი მხოლოდ ხუთშაბათობით ხდებოდა, როცა ჯალილი მის ქოლბას(ქოლბა – ქოხი. ) სტუმრობდა.
სანამ, ბოლოს და ბოლოს, ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა როგორ მოაპობდა ის მუხლამდე ბალახს, მარიამი დროის გასაყვანად სკამზე აძვრა და დედამისის ჩინური ჩაის სერვიზი ჩამოიღო. ეს სერვიზი ერთადერთი რელიკვია იყო, რომელიც მარიამის დედას – ნანას დედამისისგან სახსოვრად დარჩენოდა. დედა რომ გარდაეცვალა, ნანა ორი წლის იყო. იგი სათუთად უვლიდა ლურჯ-თეთრად შეღებილ ფაიფურის თითოეულ ჭურჭელს, ჩაიდნის ტუჩის გრაციოზულ მომრგვალებას, ხელით მოხატულ ნიბლიებსა და ქრიზანთემებს, საშაქრეზე გამოსახულ დრაკონს, რომელსაც ბოროტი ძალებისგან უნდა დაეცვა.
სწორედ ეს უკანასკნელი გაუსხლტა მარიამს ხელიდან, ხის იატაკზე დაეცა და ნამსხვრევებად იქცა.
როდესაც ნანამ გატეხილი საშაქრე დაინახა, სახე აელეწა და ზედა ტუჩი აუთრთოლდა. მარიამს ისე მიაშტერდა, რომ თვალიც კი არ დაუხამხამებია. ნანას შეშლილმა მზერამ მარიამი შეაშინა. გაიფიქრა, დედაჩემის სხეულში ისევ ჯინმა(ჯინი – ავი სული.) არ დაიდოს ბინაო. თუმცა ამჯერად ავი სული არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ნანამ მარიამს ორივე მაჯაში ჩაავლო ხელი, თავისკენ მიიზიდა და კბილებს შორის გამოცრა:
− შე მოუქნელო პატარა ჰარამო, ეს ხომ ჯილდო იყო იმ ყველაფრისთვის, რაც გადავიტანე. მოუქნელო პატარა ჰარამო!
მაშინ მარიამი ვერ მიუხვდა. არ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა ჰარამი. იმხელაც არ იყო, რომ ეს უსამართლობა შეეფასებინა; გაეაზრებინა, რომ დამნაშავეები ჰარამის მშობლები არიან და არა თავად ჰარამი, რომლის ერთადერთი ცოდვა ისაა, რომ დაიბადა. მარიამის აზრით, ჰარამი უშნოს, საძაგელს ნიშნავდა, რომელიც რაღაც მწერს, მაგალითად, ტარაკანას წააგავდა, ისეთს – ნანა წყევლა-კრულვით რომ ხვეტდა ქოლბადან.
მოგვიანებით, როდესაც წამოიზარდა, მარიამი ყველაფერს მიხვდა. ნანა ამ სიტყვას ისე წარმოთქვამდა, რომ გოგონა მწვავე ტკივილს განიცდიდა. მაშინ გაიგო, დედა რასაც გულისხმობდა; რომ ჰარამი არასასურველი არსებაა; რომ იგი უკანონოდ იყო შობილი და ვერასდროს წამოაყენებდა კანონიერ მოთხოვნებს სიყვარულზე, ოჯახზე, სახლზე, აღიარებაზე, ყველაფერ იმაზე, რისი უფლებაც სხვა დანარჩენებს ჰქონდათ.
ჯალილი მარიამს სახელით იშვიათად მიმართავდა. ეუბნებოდა, რომ მისი პატარა ყვავილი იყო. მუხლებზე ისვამდა და სხვადასხვა ისტორიას უყვებოდა ქალაქ ჰერათზე, სადაც მარიამი 1959 წელს დაიბადა, რომელიც ერთ დროს სპარსული კულტურის აკვანი, მწერლების, მხატვრებისა და სუფიების ნავსაყუდელი იყო.
– აქ ფეხს ისე ვერ გაშლიდი, პოეტისთვის რომ არ წამოგეკრა, – იცინოდა ჯალილი.
მარიამს უყვებოდა დედოფალ გაუჰარ შადის ისტორიას, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში საქვეყნოდ ცნობილი მინარეთები ააშენებინა; უყვებოდა მწვანე ხორბლის ყანებზე, ხეხილის ბაღებზე, მწიფე ყურძნის ვენახებზე, ქალაქის ხალხმრავალ, თაღოვან ბაზრებზე.
– იქ ფსტის ხე დგას, – უთხრა ერთ დღეს ჯალილმა, – და მის ქვეშ, ჩემო ძვირფასო მარიამ, უდიდესი პოეტი ჯამია დაკრძალული.
შემდეგ კი მისკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა:
– ჯამი დაახლოებით ხუთასი წლის წინ ცხოვრობდა. ერთხელ იმ ხესთან მიგიყვანე. მაშინ პატარა იყავი. არ გემახსოვრება.
მართალი იყო. მარიამს არ ახსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრების პირველი თხუთმეტი წელი ჰერათთან ძალიან ახლოს გაატარა, არც ეს ხე და არც ცნობილი მინარეთები არასდროს უნახავს; ხილიც არ დაუკრეფია ჰერათის ბაღებში და არც ხორბლის ყანებში უსეირნია. მაგრამ როდესაც ჯალილი ამ ყველაფრის შესახებ უყვებოდა, გოგონა მოჯადოებულივით უსმენდა. უკიდეგანო ცოდნის გამო აღმერთებდა; ამაყობდა, რომ ჰყავდა მამა, რომელმაც ამდენი რამ იცოდა.
– რა მდიდარი წარმოსახვაა! – იტყოდა ხოლმე ნანა ჯალილის წასვლის შემდეგ. – მდიდარი კაცი მდიდარი ტყუილებით. არანაირი ხის სანახავად არ წაუყვანიხარ. და ნუ აძლევ საშუალებას, რომ მოგხიბლოს. შენმა საყვარელმა მამამ გვიღალატა. თავისი მდიდრული სახლიდან ისე გამოგვყარა, თითქოს არაფერს წარმოვადგენდით. და ეს სიამოვნებით გააკეთა.
მარიამი მორჩილად უსმენდა. ნანას ვერასდროს შეჰბედავდა იმის თქმას, რომ არ მოსწონდა მისი ამგვარი საუბარი ჯალილზე. სიმართლე რომ ითქვას, ჯალილთან ერთად თავს ჰარამად არ გრძნობდა. ხუთშაბათობით, ერთი-ორი საათის განმავლობაში, როდესაც ჯალილი მის სანახავად მოდიოდა, მისი ღიმილი, ალერსი, საჩუქრები მარიამს არწმუნებდა, რომ მთელ იმ სილამაზესა და გულუხვობას იმსახურებდა. სწორედ ამის გამო უყვარდა მამა, თუნდაც მისი სხვებთან გაყოფა დასჭირვებოდა.
ჯალილს სამი ცოლი და ცხრა შვილი ჰყავდა. ცხრავე კანონიერი. მარიამი მათგან არც ერთს არ იცნობდა. ჯალილი ჰერათის უმდიდრესი კაცი იყო. ფლობდა კინოთეატრს, რომელიც მარიამს არასდროს