ვინ იფიქრებდა, გაუთავებელი წვიმების შემდეგ თუ ისევ გამოანათებდა, თუ ისევ გაათბობდა და გაახარებდა ქვეყნიერებას ღრუბლებისგან თავდაღწეული, დაუმორჩილებელი და თავისი დიდებულებით თავდაჯერებული მზე. მაგრამ… მზე მზეა, მისი სინამდვილეც ხომ მხოლოდ მზეობაა. ალბათ არასოდეს იფიქრებდა, რატომ ამოგორდა, რატომ ანათებს? ან რატომ უნდა გააშროს და გაათბოს მის მიერ გამოგონილი ღრუბლებისგან ჩამოწურული, წვიმით გაწუწული და გაბრაზებული ბეღურები. არც იმაზე დაფიქრდებოდა, თუ რატომ უნდა ააორთქლოს ოკეანეებიდან წყალი, რომ ისევ ქვეყნის სხვა, მეორე მხარეში გადასტრყორცნოს. თურმე ეს ღრუბლებიც თავისი შემოქმედების შედეგია, თითქოს თავისივე ნაჭუჭად უქცევია და ამავე ქმედებების შედეგად ეხვევა ცივსა და ზოგჯერ საჭირო სინამდვილეში. ჰოდა, თითქოს დაკარგულს და მივიწყებულს გვგონია, რომ მიგვატოვა!.. არადა, თურმე წყლის მოსატანად წასულა და ისევ ჩვენივე ფესვების მორწყვა უცდია. მეგონა, მიგვატოვებდა, სამუდამოდ გაქრებოდა... მრავალი ხატოვანი მოსაზრება თუ ნაწარმოები დაწერილა მზის დიდებულების შესახებ და ვფიქრობ, სრულად ვერც ვერავინ შეძლო მისი აღქმა და გადმოცემა. მზე ამოგორდა თუ დედამიწა ტრიალებს მის გარშემო, - ესეც უადგილო და უინტერესო საუბრის თემაა. ასე მგონია, მზეს მხოლოდ უნდა უცქირო, მიისაკუთრო და გულში გამოიკვანძო მისი სხივები,სითბო და სინათლე. ...თითქოს ვნების მარწუხებში უხმობდა განთიადი კაცობრიობას. მიწიდან ავარდნილი სურნელით იზიდავდა აპრილი ღია სარკმლებიდან გამოვარდნილ ნაღამურ ჰაერს. სარეცელი ჯერ კიდევ თბილი იყო, ვნებიანი ფიქრებით გალეშილი და ნასიამოვნები. თითქოს არავის სურდა ამ ერთი ღამის იდუმალი ფიქრებისა და ვნებების ფარდა ჩამოეფარებინა და საწოლი გაესწორებინა. მაგრამ წესრიგი წესრიგია, პედანტურობითა და პუნქტუალურობით გაჟღენთილი შეუდგა ამ თითქოს და ერთი ღამის თეატრალური წარმოდგენის დასასრულს. ჯერ კიდევ სხეულში გამჯდომოდა აზრი, გათენება ჯობდა, თუ ისევ ღამეში მარტოობით ტკბობა შეერთებოდა რუტინული სიგიჟით გათანგულ, ყალბი ღიმილითა და ნაძალადევი მისალმებით გაჟღენთილ სივრცეს... თუ ისევ მარტოობა?.. მაგრამ ისევ შინაგანი წესრიგი და ყოფიერებით გაჯერებული მოვალეობები უბიძგებდა ქალს, გამოსულიყო ღამის იდუმალი ბურანიდან, სადაც წარმოსახვები მიღმიერ სამყაროში მიაქანებენ. თითქოს ოდესღაც განცდილ და თავგადასავლად ქცეულ თავდაჯერებულ ქალს სჯერა, რომ იმ სამყაროს დიასახლისია, სადაც რაინდები და უფლისწულები თავდაუზოგავად სწირავენ სიცოცხლეს სიდიადისთვის, რომლის ადგილიც ძნელად თუ მოიპოვება ამ ყოფაში. „დღეს სამსახურში არ წავალ! გამოვრთავ ტელეფონს! არ მივეკარები ინტერნეტს! ავიღებ რამე წიგნს და სადღაც ისევ მიღმიერ სამყაროში გადავეშვები, ოდესღაც ჩემს მიერ მივიწყებულ სამყაროში!“ ეს სამყარო ლიტერატურაა, სადაც თავის თავში არსებული რეალობა აქაურ სინამდვილეს ეჯიბრება. ამ ყველაფრით დაჯერებული განზრახვადქცეული იდეის განხორციელებას შეუდგა თუ არა, ტელეფონმაც დარეკა. „არ ვუპასუხებ!“ - მყისვე გადაწყვიტა ისე, რომ სავარძლიდან არც წამომდგარა. „ალბათ უფლება მაქვს, ერთი დღე ვაჩუქო საკუთარ თავს. დავისვენებ და ისევ მარტოობას მივეცემი. სამსახურში თუ გამიბრაზდებიან, რამეს მოვიფიქრებ!“ - თითქოს გამოსავალს ეძებდა ქალი. უმალ წამოხტა, ტელეფონი ისე გამორთო, შემოსული და პასუხგაუცემელი ზარისთვის არც დაუხედავს. „იქნებ ვინ იყო?!“ - გაიფიქრა, მაგრამ, პირველყოფილი განზრახვა იმდენად გაჯდომოდა, მის პედანტობასაც კი აჯობა. „ნუ დარდობ, მაინც არავინ მოგიკითხავს, არც არავის დააკლდები!“ - საკუთარ თავს ამშვიდებდა. „არავის უნდა მარტოობით გამოთაყვანებული სახის ყოველდღიური ცქერა!“ - ისევ ჩვეული კატეგორიულობით ცდილობდა გაემართლებინა საკუთარი საქციელი. თითქოს საკუთარი მარტოობის დაჯერება გადაეწყვიტა, მიზეზებსაც გარეთ ეძებდა. „სად არიან მეგობრები, ნათესავები, უბრალოდ, ადამიანები, რომლებთანაც ცხოვრებას ვინაწილებ?.. სისულელეა ამ ყველაფერზე ფიქრი!“ - კაცობრიობისთვის ამოუხსნელ ქვაკუთხედებს შესჭიდებოდა ქალი. „ჩაის მოვიმზადებ,“ - გაიფიქრა და სამზარეულოსკენ წავიდა. ქუჩას უკვე დასტყობოდა მეეზოვეების რუდუნებით, ადრიანად დაწყებული შრომის კვალი. „ფანჯრის დახურვა დამვიწყებია!.. არადა, არასოდეს მავიწყდება. რა უჭირს მერე, გაზაფხულის ამ სიდიადეს ხომ მაინც ვერავინ დამაყვედრის?! მას ხომ თავისი დიდებულებით გვაბერტყავს შემოქმედი! ჩვენ კი... ჩვენ ქოლგა გამოვიგონეთ, რომ წვიმას თავი დავაღწიოთ... მგონი, ჭკუიდან გადავედი!.. სასაცილოა ეს ფიქრები... ნუთუ წვიმით გინდა გაიწუწო და გაცივდე?!.. რა სიგიჟეა! ეჰ ,სიყვარულს სიგიჟე რომ არ ახლდეს, ერთი ჩვეულებრივი გრძნობათაგანი იქნებოდა!“ - სახეზე ღიმილმა გადაურბინა, თითქოს პასუხგაცემული აზრით კმაყოფილი სიგიჟის ალბათობას ამართლებდა. წვიმის სიყვარული ტანში გაჯდომოდა. ხშირად უვლია წვიმაში, უქოლგოდ... დაკვირვებულ თვალს კი თვალებითვე პასუხობდა, ქოლგა სახლში დამრჩაო.შემხვედრთაგან კი მხოლოდ სიბრალულს გრძნობდა. არადა, რა უადგილო იყო ეს სიბრალული, რომლის მიღმაც სინამდვილეში, სამყაროს სრულყოფილების მინიმალური აღქმა იმალებოდა. „ახლა წვიმის სიყვარულსაც სიგიჟეში ჩამითვლიან და სჯობს, უამრავი სისულელეების მოსმენას ცოტა ტყუილიც ვთქვა,“ - თითქოს მარადიული სამყაროს ერთი უმნიშვნელო მოლეკულა უმნიშვნელო მანიპულაციებით გართულიყო. „ვინ დაიჯერებს, რომ ქოლგა დამრჩა?! ჩემი პედანტური წესრიგიც ხომ ასე აშკარაა!“ - თითქოს საკუთარი თავის გამოჭერა გადაეწყვიტა, საპირისპირო პასუხებს ეძებდა. „ალბათ ნაადრევად ჩავიქნიე ხელი. სახლის გაზვიადებული წესრიგიც ხომ ჩემივე გამოგონილია. თითქოს ვიღაცას ველოდები და არ მინდა, შევრცხვე. ჰმ!.. არადა, მოველი, ერთ დღესაც გამოჩნდება ის, ვინც თავდაყირა დააყენებს ჩემს ცხოვრებას. სიყვარულიც ხომ მაშინ შეგიძლია, როცა მზად ხარ, ყველაფერი თავდაყირა დააყენო. მე კი წესრიგისკენ მივისწრაფი.“ - ჩაიდნის ხახაგამომშრალი ხმაური მოედო სახლის კედლებს. გვიანღა გამოერკვია, ჩაისთვის განსაზღვრული წყალი ჩამშრალიყო. „ჩაის გარეშეც დავრჩი!“ - შეეზარა, ხელახლა დაედგა ჩაიდანი ცეცხლზე. „აჯობებს, წყალი გადავივლო. ვინ იცის, რა გუნებაზე გამოვიდე აბაზანიდან!“ - რაციონალურ ფიქრებს მიჰყვა. თითქოს საკუთარი სიშიშვლის შერცხვა, სარკეს თვალი აარიდა და ცხელ შხაპს მიეცა. „წყალი რომ არ ყოფილიყო, რა აუტანელი და უინტერესო იქნებოდა ცხოვრება. რამდენი ხანია, ყვავილები არ მომირწყავს!“ - თავში ორქიდეის განსხვავებული ჯიშის ცისფერი კონტურები ამოუტივტივდა. თითქმის გაუმშრალებლად გამოვარდა აბაზანიდან ყვავილების მოსარწყავად. სარკესთან საკუთარ სიშიშვლეს წააწყდა, - დიდად არაფრით განსხვავდებოდა ორქიდეის მშვენიერება და მისი სხეულის ნატიფი ნაკვთები... „რამდენი ხანია, წყალი არ დამისხამს!“ - დარცხვენილი უყურებდა ყვავილს, ემუსაიფებოდა და დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა. „არც ჩემთვის მოაქვთ და როგორ ვიზრუნოთ, როგორ გავძლოთ ამ გაუტანელ ყოფაში?“ - თითქოს საერთოს ეძებდა ყვავილთან. „სადღაც ამოვიკითხე, თითქოს რთული ხასიათის ადამიანებს უყვარდეთ ორქიდეა და რატომ მიყვარხარ ასე?! ნუთუ რთული ვარ?! ჰმ!.. ახალი ამბავი!“ - გაეცინა და საკუთარი სირთულის მნიშვნელობას ჩამოეკიდა. „აი, ხომ ხედავ, შენ გესაუბრები!.. როგორ შეიძლება შენთან მოსაუბრეს რთული ერქვას?! ჩვენ ხომ ერთმანეთს გული გადავუშალეთ! იქნებ ესაა ის სირთულე, რასაც ადამიანები ვერ სწვდებიან. აი, მეც შენს წინაშე სრულიად შიშველი ვდგავარ! განა შენ ვინმე გმოსავს, რომ სიმორცხვე დაფარო? ვიცი, სიშიშვლესაც სიგიჟედ ჩამითვლიან, ან მეძავად გამომაცხადებენ! ნეტავ რა იქნებოდა სამყარო, სრულიად შიშველი რომ ყოფილიყო? არა!.. არა!.. ასეთი გულუბრყვილობა დანაშაულია.“