არშემდგარი შობის ღამე
აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია წარმატების მწვერვალზე, მოულოდნელად მისი HR მენეჯერი ლიბი სართეინი ამ კომპანიიდან მიდის ინტერნეტ კომპანია Yahoo-ში, სადაც
ყველაფერი მოუწესრიგებელი და ბუნდოვანია...
ცხოვრება იმიტომ არის რთული, რომ გადაწყვეტილების მიღებაა ძნელი...
ცხოვრება გადაწყვეტილებებია. მას თითოეული ჩვენგანი გააზრებულად, ან გაუაზრებლად იღებს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, თითქოს ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს: ორივე შემთხვევაში ჩვენ ხომ გადაწყვეტილებების ზუსტ შედეგებს წინასწარ ვერ ვხედავთ. და მაინც, ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ ვფიქრობთ, ვაანალიზებთ, არჩევანს ვაკეთებთ და გულში ვამბობთ: „ასე სჯობია“. შედეგი კი ხან ამართლებს და ხანაც — პირიქით. ადამიანის ცხოვრება ამგვარადაა მოწყობილი.
ლიბი სართეინი თავისი გადაწყვეტილებების შედეგებს წინასწარ ხედავდა...
თუ თავს არ მოვიტყუებთ
ლიბიმ ამერიკის ერთ-ერთ პატარა ავიაკომპანიაში, "Soutwest Airlines"-ში მუშაობა ცამეტი წლის წინ დაიწყო ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტად. ამ პერიოდისთვის კომპანია ვერც შემოსავლებით დაიკვეხნიდა და ვერც ადამიანური რესურსებით (კომპანიაში მხოლოდ 3000 კაცი მუშაობდა, რაც ავიაკომპანიებისთვის არც ისე ბევრია). ლიბიმ თავისი მოქმედებებით და უნარით მალე კომპანიის გენერალური მენეჯერის ყურადღება მიიპყრო და ორ წელიწადში თავისი უფროსი შეცვალა. გენერალურმა მენეჯერმა კი არც ისე ადვილად გადასაჭრელი ამოცანა დაუსახა. ლიბის, მის ხელთ არსებული პერსონალის მართვით, თითოეული თანამშრომლის პროდუქტიულობა იმდენად უნდა გაეზარდა, რომ შედეგად, კომპანიის შემოსავალი, გრძელვადიან პერიოდში, ავიაკომპანიებს შორის უდიდესი გამხდარიყო, ხოლო 3000-ის მაგივრად კომპანიის თანამშრომლის სახელი მინიმუმ 15000 კაცს ეტარებინა.
ათი წლის განმავლობაში ლიბიმ კომპანიაში უამრავი რამ შეცვალა. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ქმნიდა და ხვეწდა მოტივაციის სისტემებს. იმისთვის, ყველა თანამშრომელს რომ თავისი მომავალი მთლიანად კომპანიასთან დაეკავშირებინა, ცვლიდა გარემოსა და კულტურას, რათა პერსონალს თანამშრომლობით ესიამოვნა. იგი ქმნიდა და იხარჯებოდა იმისთვის, რათა მის წინაშე მდგომი ამოცანები მაქსიმალურად გადაჭრილიყო.
2001 წლის 18 ნოემბერს, კომპანიის დაბადების დღეს, უდიდესი წვეულება გაიმართა, სადაც კომპანიის პრეზიდენტს პირადად უნდა გადაეხადა მადლობა სამი თანამშრომლისთვის, რომელთა შორის ლიბი სართეინიც იყო. პრეზიდენტის კმაყოფილება კი იმით იყო გამოწვეული, რომ კომპანიის შემოსავლები ამერიკის ფინანსურად ყველაზე დიდი ავიაკომპანიის "American Airlines"-ის შემოსავლებს გაუტოლდა და ერთ დროს პატარა კომპანიაში უკვე 29000 კაცი მუშაობდა. მათგან 90%, გამოკითხვის შედეგებით, კომპანიაში დარჩენას პენსიაში გასვლამდე აპირებდა. უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები სიტყვას სიტყვაზე ამბობდნენ, რომელთა შემდეგ მქუხარე ტაში ისმოდა. სიტყვა ლიბისაც უნდა ეთქვა, რომელიც რამდენიმე წინადადებით გამოხატა: — „დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას საუკეთესო თანამშრომლობისთვის. დღეს "Soutwest Airlines"-ში კომპანიის პერსონალისთვის მუშაობის ყველაზე კარგი პერიოდია, ჩემთვის კი მისი დატოვების საუკეთესო დრო დადგა.“
ტაში აღარავის დაუკრავს...
„ნეტავ რა მოხდა?“...
„ალბათ, უკეთეს სამსახურს სთავაზობენ“...
„კომპანიაში პირველი ქალია, მეტი რაღა უნდა?“...
„არა, ალბათ, ხუმრობს“...