პოლკოვნიკი შაბერი
თარგმანი იროდიონ ქავჟარაძისა
- შეხედეთ? ისევ ჩვენი ძველი ინგლისური სერთუკი! - წამოიძახა ერთმა გადამწერმა. ვექილის კანცელარიის ასეთ მოსამსახურეს, უფრო ხშირად, მორბედს ეძახიან.
იგი პურის ნაჭერს მადიანად შეექცეოდა. პურს პატარა ნამცეცი მოჰგლიჯა ბურთულის გასაკეთებლად და ფანჯრის ფოტონზე დაყრდნობილმა ცელქად სარკმლიდან ისროლა.
ბურთულა ვივიანის ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში მიმავალი უცნობის ქუდს დაეცა და ფანჯრის სიმაღლემდე ახტა. ამ სახლში ვექილი დერვილი ცხოვრობდა.
- აბა, აბა, სიმონენ, ადამიანებს მასხარად ნუ იგდებ, თორემ გარეთ გაგადებ.
კლიენტი, რაგინდ ღარიბიც უნდა იყოს, მაინც ადამიანია, ეშმაკმა წაგიღოს! - ხარჯების ანგარიშის შედგენა შესწყვიტა და უთხრა სიმონენს უფროსმა საქმისმწარმოებელმა.
მორბედი, ჩვეულებრივად, სიმონენივით, ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭია. იგი ვექილის ყველა კანცელარიაში უფროსი საქმისმწარმოებლის განსაკუთრებულ მორჩილებაშია.
მორბედს მოცლა არა აქვს უფროსი საქმისმწარმოებლის დავალებებისა და სატრფიალო ბარათების ტარებისაგან. ამავე დროს სასამართლოს ბოქაულთან მიაქვს ქონების დაყადაღების აქტები და სასამართლოს არზები. მორბედი თავისი ზნე-
ჩვეულებით პარიზის ქუჩის ბავშვს უახლოვდება, ბედს კი დავაქრებში ჩაუგდია. ეს ბავშვი თითქმის ყოველთვის შეუბრალებელია, თავშეუკავებელი, უდისციპლინო, შაირების მთხზველი, მქირდავი, ხარბი და ზარმაცი. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა მორბედს ჰყავს მეხუთე სართულზე მცხოვრები მოხუცი დედა, რომელსაც უნაწილებს ოცდაათსა თუ ორმოც ფრანკს თავისი ყოველთვიური ხელფასიდან.
- თუ ეს ადამიანია, რატომ ეძახით მას ძველ სერთუკს? - თქვა სიმონენმა იმ მოწაფის სახის გამომეტყველებით, რომელმაც მასწავლებელი შეცდომაში დაიჭირა, და განაგრძო პურისა და ყველის ჭამა. ფანჯრის ჩარჩოს მიეყრდნო ეტლის ცხენივით, ფეხზე დამდგარი ისვენებდა, ერთი ფეხი მეორე ფეხის წვერზე დაებჯინა.
- რა ოინი ვუყოთ ამ საფრთხობელას? - თქვა ხმადაბლა მესამე გადამწერმა,
გოდეშალმა. მან შეწყვიტა წინადადება, რომელსაც თხოვნის თეთრად გადაწერაში
გართულ მეოთხე გადამწერს უკარნახებდა: ამ თხოვნის პირებს პროვინციიდან ჩამოსული ორი ნეოფიტი წერდა.
მერე გოდეშალმა თავისი იმპროვიზაცია განაგრძო:
- ...»მაგრამ თავისი დიდებული და მწყალობელი სიბრძნით მისი უდიდებულესობა ლუი მეთვრამეტე (დაწერეთ სიტყვით, ჭკუისკოლოფო დეროშ.) გამგებლობის სადავის კვლავ ხელში აღებისას ჩასწვდა...»! (რას ჩასწვდა ეს სქელი მასხარა?!) «იმ მაღალ მიზანს,
რომელიც ღვთაებრივმა განგებამ დაუსახა!......» (გაკვირვების ნიშანი ექვსი წერტილით:
სასამართლოში ისეთი მორწმუნე ხალხია, რომ ეს შეგვრჩება.) «და პირველი მისი განზრახვა იყო, რასაც მოწმობს ზემოაღნიშნული ბრძანებულების თარიღი, ის ტკივილები შეემსუბუქებინა, რომლებიც ჩვენი რევოლუციური დროის საშინელმა და სამწუხარო უბედურებამ გამოიწვია, დაუბრუნა რა თავის მრავალსა და ერთგულ ქვეშევრდომს
(მრავალს! ასეთი პირფერობა სასამართლოს უნდა მოეწონოს.) მთელი მათი ქონება,
გაუყიდავი, იმისდა მიუხედავად, იყო ეს ქონება სახელმწიფო მფლობელობაში თუ ჩვეულებრივსა ან არაჩვეულებრივ სამთავრობო მფლობელობაში, თუ ბოლოს იგი ითვლებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში შეტანილ შეწირულებად. ვინაიდან ჩვენ ვამტკიცებთ და უფლებამოსილად ვცნობთ თავს ვამტკიცოთ, რომ სწორედ ასეთია სული და აზრი შესანიშნავი და სამართლიანი ბრძანებულებისა, რომელიც გამოცემულია...»
შეჩერდით, - უთხრა გოდეშალმა სამ გადამწერს, - ამ წყეულმა პერიოდმა გვერდი უკვე გამივსო. აი, რა, - განაგრძო მან და თან ენით თითი დაისველა, რათა ღერბიანი ქაღალდის სქელი გვერდი გადაეფურცლა, - აი, რა, თუ გსურთ ოინი ვუყოთ, ვუთხრათ, რომ პატრონს მხოლოდ ღამის ორსა და სამ საათს შორის შეუძლია კლიენტებთან საუბარი: ვნახოთ, მოვა თუ არა ეს ავაზაკი!
და გოდეშალმა დაწყებული ფრაზა განაგრძო:
- «რომელიც გამოცემულია...» დაწერეთ? - იკითხა მან. - ჰო, - წამოიძახა სამმა გადამწერმა.
ყველაფერი ერთ დროს ხდებოდა: თხოვნის შედგენა, მასლაათი და შეთქმულება.
- «რომელი გამოცემულია...» როგორ? ძია ბუკარ, როდის არის გამოცემული ბრძანებულება? უნდა დავწეროთ, რა აბდაუბდაც მოგვადგება ენაზე. ეს გვერდებს ამრავლებს.
- აბდაუბდა! - გაიმეორა ერთმა გადამწერთაგანმა, სანამ უფროსი საქმისმწარმოებელი უპასუხებდა.
- როგორ! თქვენ «აბდაუბდა» დაწერეთ? - წამოიძახა გოდეშალმა, თან ერთ ახალმიღებულთაგანს გადახედა, ერთსა და იმავე დროს სახის მკაცრი და დამცინავი გამომეტყველებით.
მეოთხე გადამწერი დეროში დაიხარა მეზობლის ნაწერზე და თქვა:
დაუწერია: «უნდა დავწეროთ, რა აბდაუბდაც მოგვადგება ენაზე».
ყველა გადამწერმა ერთბაშად გადაიხარხარა.
- როგორ! ბატონო იურე, თქვენ აბდაუბდას სამართლის ტერმინად სთვლით და ამბობთ, რომ თქვენ მორტანიდან ხართ! - წამოიძახა სიმონენმა.
- წაშალეთ ეს! - თქვა უფროსმა საქმისმწარმოებელმა. - ასეთი რამ აქტების დამბეგრავ მოსამართლეს რომ ენახა, იგი იტყოდა, ჩემს კანცელარიას დასცინიანო.
უსიამოვნებას აყენებთ ჩვენს პატრონს. გესმით, ასეთი სისულელე, ბატონო იურე, აღარ ჩაიდინოთ. ნორმანდიელმა არზა უდარდელად არ უნდა შეადგინოს. ეს მთავარი შემოსავალია სასამართლოს მუშაკებისა.
- «გამოცემული... გამოცემული?! « - იკითხა გოდეშალმა. - ბუკარ, მითხარით ერთი,
როდის იყო გამოცემული.
- 1814 წლის ივნისში, - უპასუხა