ვანინა ვანინი
ანუ
ამბავი კარბონაროების უკანასკნელი შეთქმულებისა,
რომელიც პაპის სახელმწიფოში იქნა აღმოჩენილი
ეს მოხდა გაზაფხულის ერთ საღამოს, მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში. მთელი რომი აღელვებული იყო: სახელგანთქმულ ბანკირს, ბატონ დუკა ბ.-ს დიდი ზეიმი გაემართა თავის ახალ სასახლეში, ვენეციის მოედანზე. ამ სასახლის გასამშვენიერებლად მოტანილი იყო ყველაფერი, რასაც კი იტალიის დიდებული ხელოვნება ან პარიზისა და ლონდონის წარმოება იძლევა ფუფუნებისა და სამკაულის დარგში. დიდძალ საზოგადოებას მოეყარა თავი. კეთილშობილი ინგლისელი ქერა და თავდაჭერილი მზეთუნახავები დიდ პატივისცემად თვლიდნენ ამ ზეიმში მონაწილეობის მიღებას.
მრავალი მათგანი მოვიდა. რომის უმშვენიერესი ქალები მათ ეჯიბრებოდნენ სილამაზით.
შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, რომლის თვალთა ელვარება და გიშრისფერი თმა ამჟღავნებდა, რომ იგი რომაელი იყო. გვერდით მამა მოჰყვებოდა. მთელმა საზოგადოებამ თვალი გააყოლა. მის ყოველ მოძრაობაში გულზვიადობა ჩანდა.
უცხოელები გაოცებულნი იყვნენ ამ საღამოს ბრწყინვალებით. ვერც ერთი მეფის ზეიმი ამას ვერ შეედრება ევროპაშიო, ამბობდნენ ისინი. მეფეებს არა აქვთ რომაული ხუროთმოძღვრების სტილით აშენებული პალატები და იძულებულები არიან თავიანთი კარის მანდილოსნები მოიწვიონ. ბატონი დუკა ბ. კი მხოლოდ მშვენიერ ქალებს ეპატიჟებოდა. განსაკუთრებით ამ საღამოს მას ბედნიერი არჩევანი მოეხდინა. მამაკაცები თავბრუდასხმულებივით იყვნენ. კითხვა დაიბადა: ვინ იყო ულამაზესი ამდენ შესანიშნავ ქალს შორის. ერთხანს ყოყმანში იყვნენ, მაგრამ ბოლოს თვალგიზგიზა და შავთმიანი თავადის ქალი ვანინა ვანინი ამ დიდი საღამოს დედოფლად იქნა გამოცხადებული.
მაშინვე უცხოელებმა და ახალგაზრდა რომაელებმა დატოვეს სხვა დარბაზები და მის გარშემო მოიყარეს თავი. მისმა მამამ, თავადმა ასდრუბალე ვანინიმ, მოისურვა ქალს
პირველად ორიოდე გერმანელ მთავართან ეცეკვა. შემდეგ ვანინამ რამდენიმე საკმაოდ ლამაზი და საკმაოდ კეთილშობილი ინგლისელის მიპატიჟება მიიღო. მათმა გახევებულმა გარეგნობამ ქალს თავი მოაწყინა. ის მეტ სიამოვნებას ხედავდა ახალგაზრდა ლივიო საველის წვალებაში: ეს ყმაწვილი ძლიერ შეყვარებული ჩანდა. უბრწყინვალეს ახალგაზრდა კაცად ითვლებოდა რომში, ამას გარდა, შთამომავლობით ისიც თავადიშვილი იყო, მაგრამ მისთვის რომ რომანი მიგეცათ წასაკითხად, ოციოდე გვერდის შემდეგ თავის ტკივილს მოიმიზეზებდა და გადააგდებდა. ეს ვანინას თვალში დიდ ნაკლს წარმოადგენდა.
შუაღამისას ახალი ამბავი მოიტანეს, რამაც საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: იმ საღამოს წმინდა ანგელოზის ციხიდან გადაცმული გაპარულიყო ერთი ახალგაზრდა კარბონარო და, როცა ციხის უკანასკნელ სადარაჯო რაზმამდე მიეღწია,
მეტისმეტი რომანტიკული გამბედაობის ზეგავლენით, მახვილით იერიში მიეტანა ჯარისკაცებზე, მაგრამ თვითონაც დაჭრილიყო. გუშაგები ქუჩებში სისხლის კვალს მისდევდნენ და იმედი ჰქონდათ ლტოლვილს ამ ღამითვე დაიჭერდნენ კიდეც.
ვიდრე ამ ამბავზე იყო საუბარი, ლივიო საველიმ ცეკვა გაათავა ვანინასთან, რომლის სინარნარემ და წარმატებამ მას თავბრუ დაახვია და, სანამ დასხდებოდნენ, თითქმის სიყვარულით გაშმაგებულმა ჰკითხა:
- მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, ვის შეუძლია თქვენ თავი მოგაწონოთ.
- ახალგაზრდა კარბონაროს, რომელიც ეს არის ციხიდან გაქცეულა, - უპასუხა ვანინამ, - ყოველ შემთხვევაში, მან მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვეულებრივმა მოკვდავმა,
რომელიც ამქვეყნად გაჩენას სჯერდება.
თავადი ასდრუბალე თავის ქალს მიუახლოვდა. ეს მდიდარი კაცი უკვე კარგა ხანია ანგარიშს აღარ აწარმოებდა თავის მოურავთან, რომელიც მამულის შემოსავალს მასვე აძლევდა სესხად და მეტად დიდ სარგებელსაც ართმევდა. ქუჩაში რომ შეგხვედროდათ,
ბებერი მსახიობი გეგონებოდათ. ვერც კი შეამჩნევდით, რომ თითებზე ხუთი თუ ექვსი უზარმაზარი ალმასის ბეჭედი ჰქონდა წამოცმული. მისი ორივე ვაჟი იეზუიტი გახდა და შემდეგ საგიჟეთში მოკვდა. მან კიდეც დაივიწყა ისინი. მაგრამ დიდად ნაწყენი იყო, რომ მის ერთადერთ ქალს, ვანინას არ უნდოდა გათხოვება. უკვე ცხრამეტი წლისა იყო და უარყო უბრწყინვალესი წინადადებანი. რა მოსაზრებით? ალბათ, იმავეთი, როლითაც სულა ხელმძღვანელობდა, როცა დიქტატორობიდან გადადგა: მას სძაგდა რომაელები.
მეორე დღეს ვანინამ შეამჩნია, რომ მამამისი, რომელიც საშინლად დაუდევარი კაცი იყო და არასოდეს გასაღებს ხელში არ დაიჭერდა, გულმოდგინედ კეტავდა მესამე სართულზე ამავალი კიბის კარს. იმ სართულის ფანჯრები ფორთოხლის ხეებით შემკულ ბანზე გადიოდა. ვანინა სადარბაზოდ წავიდა ქალაქში. როცა შინ დაბრუნდა, შეამჩნია,
სასახლის ეზოს მთავარ ჭიშკარში ლამპრობისთვის ემზადებოდნენ, და ეტლი უკანა ჭიშკრიდან შეაყვანინა. ზევით აიხედა და დაინახა, რომ ერთი ფანჯარა ზემო სართულში,
რომელიც მამამისმა ისეთი მზრუნველობით დაკეტა, გაღებული იყო. მან გაისტუმრა მხლებელი ქალი, პალატის სახურავზე ავიდა და რკინის ბადიან სარკმლიდან ფორთოხლის ხეებიან ბანს გადახედა. გაღებული ფანჯარა ორიოდე ფეხის ნაბიჯზე იყო მისგან. «უეჭველია, ამ ოთახში ვიღაც დაბინავებულა, - გაიფიქრა მან. - მაგრამ ვინ?» მეორე დღეს ვანინამ პატარა კარის გასაღები იშოვა და ბანზე ჩუმად ავიდა.
ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას, რომელიც წინანდებურად ღია დახვდა.
ფარდა ნახევრად გადაწეული იყო. ოთახის სიღრმეში საწოლი ჩანდა, ლოგინზე ვიღაც იწვა. პირველად ვანინას უკან დახევა უნდოდა, მაგრამ თვალი მოჰკრა ქალის