რასიმონის კარიბჭე
ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ, საღამოს პირზე, ვინმე მსახური რასიომონის კარიბჭის ქვეშ წვიმას შეჰფარვოდა და გადადარებას უცდიდა.
ფართო კარიბჭეში არავინ იყო მის გარდა. მარტო ერთი ჭრიჭინა იჯდა მსხვილ, მრგვალ სვეტზე, ალაგ-ალაგ რომ გადასცლოდა წითელი ლაქი. რაკი რასიომონის კარიბჭე სუძაკუს ხალხმრავალ ქუჩაზეა აღმართული, მის ქვშ იტიმეგასათი თუ მომიებოსით თავშემკულ ბარე რამდენიმე ქალსა და ჯეელ კაცს შეეძლო წვიმაში გადაყუდება. არადა, მსახურის მეტი არავინ იყო.
ეს იმით აიხსნებოდა, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში კიოტოს ზედიზედ თავს დაატყდა ათასი უბედურება: ხან მიწისძვრა, ხან გრიგალი, ხან ხანძარი, ხან შიმშილობა. ჰოდა, უჩვეულოდ დაცარიელდა დედაქალაქი. ძველი მატეანენი მოგვითხრობენ, საქმე იქამდე მივიდა, ბუდას ქანდაკებებსა და სატაძრო ავეჯეულობას დაუწყეს მტვრევა და გზის პირებში შეშად იყიდებოდა გალაქული, ოქროცურვილი ავეჯის ნალეწიო. აი, ასეთი ამბები ტრიალებდა დედაქალაქში. ამიტომ, რასაკვირველია, არც რასიომონის კარიბჭის მისახედავად აიტკივებდა თავს ვინმე და, რახან ასე უპატრონოდ იყო მიგდებული, შიგ მელიებმა და მაჩვებმა დაიბუდეს. ქურდებმაც დაიდეს ბინა. ბოლოს ხალხმა გაუპატიოსნებელი მკვდრების მოტანა და დაყრაც დაიწყო. და როცა მზე თვალს მიეფარებოდა, ისე შემზარავი ხდებოდა აქაურობა, ძეხორციელი ვერ ბედავდა კარიბჭესთან მიახლოებას. სამაგიეროდ, საიდანღაც აურაცხელი ყვავი იყრიდა თავს. დღისით ყრანტალით ბოინობდნენ სახურავის ბოლოებაპრეხილი თავხეების ზეგარდმო. შებინდებისას, როცა კარიბჭეს ალისფერი დაფიონი დაადგებოდა, ფრინველები ისე მკაფიოდ ირჩეოდნენ ცის კაბადონზე, თითქოს ქუნჯუთის მარცვალი მიმობნეულაო. ყვავები, ცხადია, გვამების საკორტნად აკითხავდნენ ზემო იარუსს. თუმცაღა ახლა ერთიც არა ჩანდა, ალბათ იმიტომ, რომ გვიანი ჟამი იდგა. მხოლოდ ქვის ნახევრადჩამოშლილ საფეხურებს - ბზარებში მაღალი ბალახი რომ ამოზრდოდა - აქა-იქ თეთრად აჩნდა გამხმარი სკინტლი. სულ ზემო, მეშვიდე საფეხურზე ჩამომჯდარი, ცისფერი სუფთა ტანსაცმლით მოსილი მსახური დროდადრო ხელს ჰკიდებდა და ისინჯავდა მარჯვენა ღაწვზე ამოძგიბულ ძირმაგარას, თან უაზროდ მისჩერებოდა წვიმას.
ავტორმა ზემოთ გვაუწყა, მსახური გადადარებას უცდიდაო. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, წვიმას თუნდაც გადაეღო, მსახურს არსად ჰქონდა წასასვლელი. ჩვეულებრივი დროება ყოფილიყო, ცხადია, ადგებოდა და თავის ბატონს მიუბრუნდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა დაითხოვა იგი ბატონმა. უკვე ითქვა, კიოტო იმ დროს უჩვეულოდ იყო დაცარიელებულიო. ჰოდა, ის ამბავი, რომ ბატონმა დაითხოვა მასთან წლების განმავლობაში ნამსახური კაცი, ერთი კერძო გამოვლინება იყო საყოველთაო ჭირისა. ამიტომ, იქნებ უფრო მართებული ყოფილიყო, იმის ნაცვლად, მსახური გადადარებას უცდიდაო, ასე გვეთქვა: «წვიმისაგან კარიბჭეში შედევნილი მსახური წაწყმედილივით იჯდა და არ იცოდა, თავი რა წყალისთვის მიეცა». აქეთ კიდევ, ამინდიც ხელს უწყობდა ამ ხეიანისდროინდელი მსახურის უგუნებობას. წვიმა მაიმუნის საათის მიწურულს დაიწყო, მას შემდეგ დიოდა და ოდნავადაც არ ეტყობოდა, გადაღებას თუ დაადგებოდა საშველი. ჰოდა, მსახურიც, რომ არ უსმენდა და მაინც ისმენდა სუძაკუს ქუჩაზე დამდიმარე წყლის თქრიალს, ისევ და ისევ
ართავდა უთავბოლო ფიქრებს, ცდილობდა გადაეწყვიტა, როგორ ჩაექნია ხელი ყველაფერზე და როგორ გაეტანა თავი თუნდაც მარტო სახვალიოდ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - როგორ მოეგვარებინა ის, რაიც არასგზით გვარდებოდა.
წვიმა გაბმული შრიალით მოიწევდა შორეთიდან და გარს ეხვეოდა კარიბჭეს. ბინდი დაბლა და დაბლა სწევდა ზეცას - კაცს, ზეამხედველს ასე მოეჩვენებოდა, კარიბჭის კრამიტიანი სახურავის კიდე ბიჯგად შესდგომია მძიმე, შავ ღრუბლებსო.
იმის მოსაგვარებლად, რაც არასგზით გვარდებოდა, მსახურს არ სჭირდებოდა საშუალებათა რჩევა. საქმე თუ ამაზე მიდგებოდა, არსებითად, ერთადერთი გზა ჰქონდა - შიმშილით უნდა მომკვდარიყო სადმე, ღობის ძირას ან ქუჩაში. მერე მის გვამს აქ, კარიბჭის ზემო იარუსზე ამოიტანდნენ და ძაღლივით მიაგდებდნენ. ხოლო რჩევას თუკი არ დაიწყებდა... მსახურმა ფიქრით უკვე რამდენჯერმე განვლო ეს გზა და სულ ერთსა და იმავეს მიადგა. ეს «თუკი» იყო. მსახურს დასაშვებად მიაჩნდა, არ დაეწყო იწილო-ბიწილო და ნებისმიერი საშუალება ესინჯა, მაგრამ ვერა და ვერ გაბედა იმის აღიარება, რაც ამ «თუკის» ბუნებრივად მოსდევდა: ეწადა თუ არ ეწადა, ერთი სახსარიღა იყო, - ქურდობა უნდა ეკისრა.
მსახურმა მაგრად დააცხიკა და უილაჯოდ წამოიმართა. კიოტოში ახალ საღამოს სიგრილე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისე ციოდა, ღუმელი მოენატრებოდა კაცს. კარიბჭის სვეტებში თავისუფლად დასეირნობდა ქარი და სიბნელე. ის წეღანდელი ჭრიჭინა, წითლად გალაქულ სვეტზე მიმჯდარი, უკვე სადღაც მიმალულიყო.
მსახურს ყვითელი, უსახელო ჯუბა ეცვა და ზემოდან ცისფერი კიმონო ჰქონდა მოსხმული. ასწურა კიმონოში გახვეული ბეჭები, თავი მხრებში ჩარგო და მიმოიხედა: ადგილი თუ ვნახე, საცა წვიმასაც შევეფარები და არც ვინმე დამინახავს, კი ღირს აქ გავათიო და ერთი გემოზე გამოვიძინოო, გაიფიქრა. იღბლად, მაშინვე შენიშნა კარიბჭის ზემოთ, კოშკში ამავალი ფართო კიბე,