თავი I-
გარდამტეხი შეხვედრა
ნოემბრის წვიმიან და ცივ ღამეს, ლა რაბიდას მონასტრის კარს შელახულ, დაძონძილ ანაფორაში გახვეული მამაკაცი და 13 წლის ბიჭუნა მიადგნენ. ბავშვი სიცივისგან იბუზებოდა, მამას სველ ანაფორაზე ეკვროდა. მამაკაცმა კარზე მორიდებით დააკაკუნა და მეკარეს, რომელმაც კარი კარგა ხნის მერე გააღო, შვილისთვის წყალი და პური სთხოვა.
მასპინძელმა უცნობი მამა-შვილი შეიპატიჟა.
ბავშვი ხარბად ეძგერა მისთვის მირთმეულ საჭმელს და ყველაფერს ერთიმეორის მიყოლებით ნთქავდა.
მონასტრის მსახურს კი მამაკაცის მიმართ ინტერესი გაუჩნდა.
- უცხო აქცენტი გაქვს, შენი სამოსი და ლაპარაკის მანერა შეუთავსებელია. ვინ ხარ? - ჰკითხა და სკამზე მიუთითა.
- მეზღვაური ვარ, საქმის გამო დედოფალთან ვიყავი... თუმცა, კასტილიის მეფე და დედოფალი უყურადღებოდ მომექცნენ, - განაწყენებული ხმით თქვა მამაკაცმა, - შევთავაზე, ექსპედიცია დაეფინანსებინათ, რომელიც ესპანეთსა და სამეფო ოჯახს დიდ სიმდიდრეს მოუტანდა, სახელმწიფო ხაზინას ოქრო შეემატებოდა, უთვალავი მარგალიტი და ალმასი მოიყრიდა თავს კასტილიაში... თუმცა, ვერაფერი გავაწყვე... ახლა კი საფრანგეთის მეფის კარზე მივდივარ, იქ ყოველმხრივ აღჭურვილი ხომალდები მელოდება, ექსპედიციაში უნდა გავემგზავრო... გული მწყდება, რომ ამხელა სიმდიდრე ფრანგების ხელში აღმოჩნდება...
- მაშ, შენ ამბობ, რომ შეგიძლია, კასტილია გაამდიდრო? - ჩაფიქრდა ეკლესიის მსახური.
- დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ...
- მონასტრის წინამძღვარს შეგახვედრებ, გონიერი კაცია, მეზღვაურებსა და საზღვაო საქმეს დიდი გულისყურით ეკიდება. გამომყევი, - უთხრა სტუმარს და კარისკენ გაუძღვა.
ხუან მარკენი მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო... აგიზგიზებულ ბუხართან იჯდა და რკინის ჯოხით ნაკვერჩხალს ჩხრეკდა. ხმაურზე მოიხედა. ასე გვიან უცხო ადამიანის დანახვა გაუკვირდა, მაგრამ თავაზიანობა გამოიჩინა, სტუმარს ბუხართან მიდგმულ სკამზე მიუთითა და მზერა მიაპყრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყურადღებით უსმენდა.
მამაკაცმა მასაც იგივე გაუმეორა, რაც მეკარეს უამბო. ხუანი აშკარად გამოცოცხლდა, თვალები უფრო მეტყველი გაუხდა. მამაკაცის ნათქვამზე აქა-იქ ეღიმებოდა კიდეც. აშკარა ინტერესს ამჟღავნებდა მოსმენილის მიმართ.
სტუმარმა სათქმელი მოკლედ, რამდენიმე წინადადებით მოჭრა და გაჩუმდა.
- სახელი შენი? - ჰკითხა მარკენმა.
- კოლომბო. ქრისტეფორე კოლომბო...
- ცოტა ხნით მონასტერში დარჩით, საქმეში ჩახედულ რამდენიმე ადამიანს შეგახვედრებთ, მათ მოუყევით თქვენი გეგმის შესახებ...
- სიამოვნებით, - უპასუხა კოლუმბმა და იმედი გაუჩნდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, იმ გეგმის განხორციელების საშუალება მიეცემოდა, რომლისთვისაც წლებია, ემზადებოდა და დარწმუნებული იყო წარმატებაში.
- ახლა მოისვენეთ, ხვალ შევხვდებით, - მარკენი სტუმარს გამოემშვიდობა და ცეცხლს მიუბრუნდა.