„დიდი ცვლილებები“ (გაგრძელება) სტალინი ვერ გაამართლებდა ხალხისთვის წარდგენილ პროგრამას მხოლოდ ეკონომიკური საჭიროებებით, რადგან ამ პროგრამის განხორციელებას ძალისხმევა და მსხვერპლშეწირვა სჭირდებოდა. მან შემოქმედებითი გზა აირჩია და პირველი გამოეხმაურა ხალხის ნაციონალისტურ თუ სოციალისტურ განწყობებს, რასაც ერთიანი სოციალისტური ქვეყნის დოქტრინა გულისხმობდა კიდეც, მაგრამ სტალინი აქამდე თავს იკავებდა და არ ახსენებდა ნაციონალურ ამბიციას თუ ღირსებას. ხალხს ჯერ კიდევ არ დავიწყებოდა ბოლშევიკების მტრული დამოკიდებულება ამგვარი ღირებულებების მიმართ, რის გამოც მას აქამდე არ შეეძლო არჩეული გზიდან გადახვევა ოპონენტების კრიტიკის შიშით. გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ეჭვი გვეპარება, რომ სტალინი ნაციონალისტურად აზროვნებდა. მიუხედავად ამისა, ახალმა სიომ მძლავრად დაბერა, როდესაც ბელადმა ცნობილი სიტყვა წარმოთქვა 1931 წლის თებერვალში. მან მკაცრად გააკრიტიკა ინდუსტრიალიზაციის ტემპის შენელების მოსურნეები და სცადა, აეხსნა გატარებული პოლიტიკის საერთაშორისო თუ ეროვნული მოტივები. ინდუსტრიალიზაცია აუცილებელი იყო სოციალიზმის მისაღწევად, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება მსოფლიო პროლეტარიატის წინაშე ვალდებულებას იღებდა, სწორედ ასეთი წყობა დაემყარებინა. სტალინი ამბობდა, რომ საერთაშორისო ვალდებულებები ეროვნულ ინტერესებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს ის კლიშეებით, კატეგორიულად ლაპარაკობდა საერთაშორისო სოციალიზმზე და მსმენელი იოლად მიხვდებოდა, რომ გულწრფელი არ იყო. სტალინის სიტყვა ემოციური და ხატოვანი მხოლოდ მაშინ გახდა, როდესაც ბელადმა საკუთარი პოლიტიკის ნაციონალურ, სრულიად რუსულ მოტივებზე დაიწყო ლაპარაკი: „არა, ამხანაგებო, ტემპის შენელება არ შეიძლება! პირიქით, ჩვენ უნდა ვიაროთ რამდენადაც შეგვიძლია სწრაფად. ამას გვკარნახობს საბჭოთა კავშირის მუშებისა და გლეხების წინაშე აღებული ვალდებულებები. ამასვე გვკარნახობს მთელი სამყაროს მუშათა კლასის წინაშე აღებული ვალდებულებები. ტემპს თუ შევანელებთ, ჩამორჩენა გარდაუვალია, ხოლო ვინც ჩამორჩება, ის დამარცხდება. ჩვენ კი არ გვსურს, ვიყოთ დამარცხებულები. არა, ნამდვილად არ გვინდა. ძველი რუსეთის ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყანა სწორედ ჩამორჩენილობის გამო მარცხდებოდა გაუთავებლად. ის დაამარცხეს მონღოლმა ყაენებმა, თურქმა სულთნებმა, შვედმა ფეოდალებმა, პოლონელმა და ლატვიელმა პანებმა, ინგლისელმა და ფრანგმა კაპიტალისტებმა, იაპონელმა ბარონებმა, ყველამ, ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა და ეს ყველაფერი მისი სამხედრო, კულტურული, პოლიტიკური, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ჩამორჩენილობის გამო მოხდა. რუსეთი მარცხდებოდა, ვინაიდან გამარჯვებულებს დიდი სარგებელი ელოდათ და არ ისჯებოდნენ. ხომ გახსოვთ ერთი რევოლუციამდელი პოეტის სიტყვები: „შენ ხარ ღარიბი და შენ ხარ უხვი, შენ ხარ მამაცი და შენ ხარ უძლური, დედა რუსეთო“. ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს და ეს ჩამორჩენა 10 წელიწადში უნდა დავძლიოთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავმარცხდებით“.
სტალინის მოწოდებას ინდუსტრიალიზაციისკენ თავიდან ენთუზიაზმით შეხვდა მუშათა კლასი. ახალგაზრდა თაობა დიდი ხანია ოცნებობდა რუსეთის სოციალისტურ ამერიკად ქცევაზე. დნეპროსტროი, მაგნიტოგორსკი და სხვა ულტრათანამედროვე გიგანტური სამრეწველო პროექტები ახალი ცივილიზაციის განვითარების პერსპექტივას ქმნიდა, სადაც ადამიანი იქნებოდა მანქანის ბატონ-პატრონი და არ გახდებოდა მანქანისა და მისი მფლობელის ნება-სურვილის შემსრულებელი. უამრავი ახალგაზრდა მუშა, განსაკუთრებით „კომსომოლის“ წევრები ხალისით წავიდნენ სამუშაოდ რუსეთის მიყრუებულ კუთხეებში. ადამიანები სიხარულით ეგებებოდნენ ახალ სამყაროს და თანახმა იყვნენ, ეს სამყარო მათი სისხლითა და ოფლით ყოფილიყო გაჟღენთილი. ინდუსტრიალიზაციას ნაკლებად იდეალისტურად განწყობილი ადამიანებიც სიხარულით ხვდებოდნენ, ვინაიდან იმედი ჰქონდათ, რომ ახალი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეულ ტოტალურ უმუშევრობას ბოლო მოეღებოდა.
სტალინი კიდევ ერთხელ მიჰყვა ისტორიის დინებას და გამოცდილი ეკონომიკური მმართველისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ სტალინი მართლა სრულიად გამოუცდელი იყო ეკონომიკურ საკითხებში. მას არ ჰქონია ეკონომიკური განათლება, თუმცა მარქსისტული შეხედულებების კარგად ცოდნის გამო იმაზე მეტად ერკვეოდა ეკონომიკაში, ვიდრე საშუალო სტატისტიკოსი ეკონომისტი. ლენინის მმართველობის პერიოდში სტალინი ნაკლებად ერეოდა ეკონომიკის სფეროში და მხოლოდ პოლიტიკური მმართველობით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, ლენინის ეპოქაში რუსეთის ეკონომიკა იმდენად პრიმიტიული და ჩამორჩენილი იყო, რომ რთული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა არც არსებობდა. მოგვიანებით სტალინი ბოლომდე ჩაეფლო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში და ნაკლებად ჰქონდა დრო თუ შესაძლებლობა, სხვა საკითხებზე ეფიქრა. სტალინი კარგად ვერ ხვდებოდა, როგორი იყო ქვეყნის ეკონომიკური რესურსი და რამდენად შეიძლებოდა ადამიანების იძულება ისე, რომ კატასტროფული შედეგები არ მიეღოთ. სწორედ ამიტომ წამოიწყო მან ინდუსტრიული რევოლუცია. სტალინი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დარწმუნებული იყო სწორი და დაუნდობელი ადმინისტრირების უსაზღვრო ძალმოსილებაში. პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება ხომ მხოლოდ და მხოლოდ ძალის გამოყენებით მოხერხდა. და როგორ მოხდა, რომ ერთ დროს დაუმორჩილებელი პარტია შეშინებული, მორჩილი და მისი ყველა სურვილის შემსრულებელი ადამიანების ჯგუფად იქცა? თუ ეს ასე იყო, რატომ ვერ უნდა გაუმკლავდე გაფანტული და არაორგანიზებული მუჟიკების მასებს? რატომ არ შეიძლება, წარმოების სხვადასხვა დარგის ხელმძღვანელები აიძულო, აწარმოონ გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის ქვანახშირი, ფოლადი თუ სხვადასხვა მექანიზმი?