ბავშვობა და სიყმაწვილე ალბათ 1875 წელს, ან ორი წლით ადრე, კავკასიის ახალგაზრდა მკვიდრი ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილი კავკასიის დედაქალაქ ტფილისის მახლობლად მდებარე სოფელ დიდი ლილოდან საქართველოს გუბერნიის პატარა ქალაქ გორში ჩავიდა. აქ მან მეწაღეობას მიჰყო ხელი. ბესარიონი გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ჯერ კიდევ ყმები იყვნენ. ბესარიონის ბავშვობის წლებშიც კი ქვეყნდებოდა ქართულ გაზეთებში მემამულეების განცხადებები - „ვყიდი 500 ან 1000 აკრ მიწას 50 ან 150 სულ გლეხთან ერთად.“ ყმა გლეხებთან დაკავშირებული თაღლითობა ჩვეულებრივი ამბავი იყო და საქართველოს სასამართლოს არქივებში აღწერილია შემთხვევები, როდესაც გლეხის ოჯახი ერთი მყიდველისგან მეორის ხელში გადადიოდა.
ბესარიონს სოფელი იმედებით აღსავსეს უნდა დაეტოვებინა. ის თავისუფალი იყო და როგორც დამოუკიდებელ ხელოსანს, შეეძლო, წარმატებაზეც ეფიქრა. გორში იგი დაქორწინდა მასავით გლეხის, გიორგი გელაძის ქალიშვილზე, ეკატერინეზე, სოფელ ღამბარეულიდან. მრავალი ღარიბი ქალიშვილის მსგავსად, ისიც შესაძლოა, ქალაქში ჩასულიყო სომხური ან რუსული საშუალო ფენის ოჯახში მოსამსახურედ მოწყობის იმედით (საშუალო ფენას კავკასიაში რუსები, სომხები და ებრაელები წარმოადგენდნენ. პრაქტიკულად არ არსებობდა ქართული ბურჟუაზია. ქართველები ან ბატონები იყვნენ, ან ყმები). ეკატერინე 15 წლის იყო, როდესაც ბესარიონს გაჰყვა ცოლად. ასეთი ადრეული ქორწინებები იშვიათობა არ იყო ქვეყანაში, სადაც ადამიანები ისევე ადრე მწიფდებიან, როგორც ყურძენი სუბტროპიკულ მზეზე... წყვილმა თვეში მანეთ-ნახევრად (დაახლოებით 2 შილინგი) გორის გარეუბანში იქირავა ღარიბული ბინა, რომელიც მხოლოდ სამზარეულოსგან და ერთი ოთახისგან შედგებოდა. ოთახი ხუთ კვადრატულ იარდს არ აღემატებოდა და პატარა ფანჯარაში სინათლე ძლივს აღწევდა. კარი გადიოდა ბინძურ ეზოში, საიდანაც წვიმიან დღეებში ლამი და ტალახი პირდაპირ ოთახში შედიოდა, რადგან აგურის იატაკი მიწის პირზე იყო. ავეჯის მოვალეობას ასრულებდა პატარა მაგიდა, ტაბურეტი, დივანი და ტახტი ჩალით გამოტენილი მატრასით. სწორედ ასე გამოიყურება დღეს ბესარიონ ჯუღაშვილის პაწაწინა სახელოსნო, რომელშიც ძველ მოყანყალებულ სკამს, ჩაქუჩსა და ფეხსაცმლის ლანჩებს იხილავთ. ჯუღაშვილების საცხოვრებელში ახლა მუზეუმია და მას უამრავი მნახველი ჰყავს.
1875-1878 წლებში, სწორედ ამ ბნელ – მანეთნახევრიან ბინაში გააჩინა ეკატერინემ სამი ბავშვი. 1879 წლის 21 დეკემბერს კი იგი 20 წლის ასაკში მეოთხე შვილის დედა გახდა. ბავშვს ჯანმრთელობა, რკინისებური ხასიათი და სიჯიუტე არგუნა ბედმა. ადგილობრივი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა ახალშობილი რეგისტრაციაში იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილად გაატარა. მომავალში ეს ბავშვი სტალინის სახელით უნდა გამხდარიყო ცნობილი.
სტალინის ადრეული ბავშვობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში ყვავილი შეეყარა, რაც სამუდამოდ აღებეჭდა სახეზე. ბავშვი მეორედ გახდა ავად, როდესაც მარცხენა ხელი გაიჭრა და ჭრილობიდან სისხლში ინფექცია შეეჭრა. მოგვიანებით ის იხსენებდა, რომ მაშინ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. გამოჯანმრთელებული ბიჭი თავისუფლად ვეღარ ხრიდა ხელს იდაყვში. ამ უმნიშვნელო ნაკლის გამო მომავალი გენერალისიმუსი 1916 წელს სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ის ისეთივე სიბინძურესა და სიღარიბეში იზრდებოდა, როგორშიც დაიბადა. ბესარიონ ჯუღაშვილი რამდენჯერმე შეეცადა საზოგადოების საშუალო ფენაში მოხვედრილიყო, მაგრამ ყველა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. მეწაღის საქმიანობით მიღებული შემოსავალი ოჯახს არ ჰყოფნიდა. ამიტომ მისი მეუღლე იძულებული იყო, მრეცხავად ემუშავა. საცხოვრებლის მანეთნახევრიან ქირასაც კი ის იხდიდა. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი ფულს არყის სმაში ფლანგავდა. ეს ფაქტი სტალინის თანაკლასელთა მოგონებებს ემყარება. ბესარიონი ცოლ-შვილს უხეშად ექცეოდა. სტალინის ბავშვობის მეგობარი ირემაშვილი იხსენებდა, რომ „უმიზეზო ცემამ ბავშვი მამასავით უგულო და ბოროტი გახადა“. მამის გულქვაობამ ბავშვს გამოუმუშავა უნდობლობა, სიფხიზლე, თავის დაძვრენის ჩვევა, ფარისევლობა და ამტანობა. ცხოვრებამ ბავშვობაშივე ბევრი ისეთი რამ ასწავლა, რაც მომავალშიც გამოადგებოდა.
ლოთისა და შფოთის სახელი ალბათ ბოლომდე ვერ გვიხატავს ბესარიონ ჯუღაშვილის პორტრეტს. მეორე მხრივ, ცხოვრების სოფლის სტილის მიჩვეულ ყმა გლეხის შვილს გაუჭირდებოდა ურბანული გარემოსთვის მორგება.
წარუმატებელი ბესარიონი ტოვებს ქალაქ გორს, ოჯახს და მიდის ტფილისში, სადაც მუშად ეწყობა ვინმე ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში. ეს საქმიანობა, როგორც ჩანს, თავმოყვარეობას ულახავდა: ბესარიონს დამოუკიდებელი ცხოვრება უნდოდა. ისე კი გამოვიდა, რომ ყმა გლეხის ყოფა დაქირავებულმა მონურმა შრომამ შეცვალა. ერთ-ერთ ადრეულ ბროშურაში მარქსიზმის თეორიის არსის ილუსტრირებისას სტალინი საკუთარი მამის მაგალითს მოიხმობს. იგი წერს: „წარმოიდგინეთ პატარა სახელოსნოს მეპატრონე მეწაღე, რომელსაც არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსხვილ მეწარმეებს. ის მიდის ადელხანოვის ფაბრიკაში, მაგრამ სამუდამოდ არ აპირებს მუშად დარჩენას. მას უნდა რაღაც კაპიტალის შეგროვება საკუთარი სახელოსნოს ხელახლა გასახსნელად. ეს მეწაღე უკვე პროლეტარის პოზიციაზეა. მას ჯერჯერობით არა აქვს პროლეტარის შეგნება, მაგრამ წვრილბურჟუაზიული შეხედულებები უკვე ცხადად ჩანს.“
ბესარიონს აღარ გაუხსნია სახელოსნო.