ავტორისაგან
ეს წიგნი ქართულ პიროვნულ სახელებსა და გვარებს შეეხება, რომელთაც ენათმეცნიერები ანთროპონიმებს უწოდებენ, მათ შემსწავლელ დარგს კი ანთროპონიმიკა ჰქვია.
ანთროპონიმების შესწავლა მრავალმხრივ არის საინტერესო და პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლადაც აუცილებელია. ერთ-ერთი ასეთი საკითხია სახელის დარქმევა ახალშობილისათვის. რა სახელი შევურჩიოთ ჩვილს და როგორი ფორმით უნდა შევიდეს იგი დოკუმენტებში? რომელი სახელია მოსაწონი და რომელი - არა? წარმოშობით სადაურია ესა თუ ის სახელი და რა მნიშვნელობას ატარებს იგი? საიდან წარმოდგა რომელიმე გვარი და რა დროიდან გვხვდება იგი? რომელ საზოგადოებრივ ფენას ეკუთვნიან ისტორიულად ამა თუ იმ გვარის წარმომადგენლები?
სწორედ ასეთ საკითხებზე არის საუბარი წინამდებარე წიგნში, რომელიც მეცნიერულ-პოპულარული დანიშნულებისაა და ამიტომ, რამდენადაც შეიძლება, მარტივად, ფართო მკითხველისათვის მისაწვდომი ფორმით მოგვითხრობს ქართულ სახელებსა და გვარებზე, ქართული ანთროპონიმიკის უმთავრეს საკითხებზე, რომლებიც აინტერესებს მკითხველთა ფართო წრეს, პირველ რიგში - ახალგაზრდობას. ნაშრომის მიზანდასახულობით აიხსნება, რომ აქ ვიწრო სპეციალურ და სადავო საკითხებს გვერდი აქვს ავლილი, უცხოური სახელები ქართული ანბანით არის გადმოცემული, სპეციალური ლიტერატურაც ტექსტში იშვიათადაა მითითებული. სამაგიეროდ, წიგნს ბოლოში ერთვის საკმაოდ ვრცელი ბიბლიოგრაფია, საიდანაც დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ასეა თუ ისე, ჩვენი აზრით, წიგნი საკმაოდ სრულ წარმოდგენას გვიქმნის ქართული ონომატოლოგიის თანამედროვე დონის შესახებ და ასახავს იმ შედეგებს, რაც ამ დარგში დღეისათვის მოგვეპოვება. ბუნებრივია, ავტორი თავს არ იზღუდავს მხოლოდ სხვების მიერ მოპოვებული მიღწევების პოპულარიზაციით და საკუთარ დაკვირვებებსაც ხშირად სთავაზობს მკითხველს.
ეს წიგნი პირველად 1966 წელს დაიბეჭდა. შემდგომში ის კიდევ რამდენჯერმე გამოიცა (1971, 1982, 1992 წწ.). წიგნი თანდათან ივსებოდა და ფართოვდებოდა, ასე რომ, არც ერთი ახალი გამოცემა ძველს ზუსტად არ იმეორებს. თავდაპირველად აქ ანთროპონიმებთან ერთად განხილული იყო ტოპონიმებიც (გეოგრაფიული სახელები), მაგრამ შემდეგ ნაშრომის მოცულობის გაზრდის გამო მიზანშეწონილად ვცანით, რომ პიროვნული სახელები და გვარები ცალკე წიგნად ყოფილიყო წარმოდგენილი.
ამ წიგნის პირველი გამოცემიდან თითქმის ოთხი ათეული წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქართული ონომასტიკისადმი მეცნიერული ინტერესი გაიზარდა, გამოქვეყნდა მრავალი სპეციალური ნაშრომი, რამდენიმე კრებული, მონოგრაფია და ლექსიკონი. მიუხედავად ამისა, გასაკეთებელი გაცილებით მეტია, ხოლო წლების წინათ მოპოვებული შედეგები ახლა უკვე ახლებურ გააზრებასა და შეფასებას მოითხოვს.
წიგნში წარმოდგენილია დღეისათვის ქართველ ხალხში გავრცელებულ სახელთა ლექსიკონი, რომელიც ათასზე მეტ ერთეულს მოიცავს. მის ძირითად ბირთვს შეადგენს ის სახელები, რომლებიც რეკომენდებულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის მიერ. ასე რომ, ლექსიკონმა სახელთა სარეკომენდაციო სიის მაგივრობაც შეიძლება გასწიოს. ახალ გამოცემაში ლექსიკონი საგრძნობლად არის გაზრდილი და ახალი მასალით შევსებული.