იტვირთება...

უნაპირო მდინარე

გოჩა სხილაძე

7,376 ნახვა
2.7
(0 რეცენზია /10 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.99
ყიდვა
ჩუქება
საბას ნომინანტი
ანოტაცია
გოჩა სხილაძისთვის, რომელსაც თავის დროზე უმაღლესი სასულიერო განათლება აქვს მიღებული, ახლობელი და, რაც მთავარია, ბუნებრივია სახარებისეული მოტივები, სჯანი. “სიყვარული, როგორც მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, მიუთითებს ღმერთის და მის მიერ შექმნილი სამოთხის არსებობაზე. ეს მოვლენა მანათობელი მაცნეა, მახარობელია, ღმერთიდან ჩვენკენ რომ მოისწრაფის გულამოვარდნილი. ის ტოვებს ნიშნებს, ბილიკებს, გვიწვევს, გვაჯადოებს, შემდეგ კი გვტოვებს უდაბნოში”, - წერს პოეტი და მე მეჩვენება, რომ ამ ციტატის განსაკუთრებით ბოლო წინადადება უპირველესად მის პოეზიას ეხება. (უდაბნოში დარჩენას ამ შემთხვევაში აღვიქვამ, როგორც დარჩენას საკუთარ თავთან). გოჩა სხილაძის ლექსები სიჩუმეში, სიმარტოვეში, სულიერი სიმშვიდისა თუ მღელვარების ჟამს წასაკითხი ტექსტებია – სამონოლოგო, საჩურჩულო, სააღსარებო! ისინი თითქოს ამოვარდნილია თანამედროვე პოეტური ”ტრენდიდან”, გნებავთ, მეინსტრიმიდან”, როგორც მავანნი იტყვიან. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმალურად ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულან ქართულ პოეტურ სივრცეში, არამედ უფრო იმიტომ, რომ მის ლანდშაფტზე შესაძლოა, ეგზოტიკური კორომივით განცალკევებულნი აღმოჩნდნენ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
პოეტის გულში ზღვა სინათლეა გოჩა სხილაძე არ არის დამწყები პოეტი, საერთოდაც, დამწყები პოეტი შეუძლებელია, არსებობდეს, რადგან, როგორც სამუილ მარშაკი შენიშნავდა: ”თუ არ დაიწყო, ის პოეტი არაა ჯერაც და თუ დაიწყო, აღარაა უკვე დამწყები”. სწორედ ამიტომ წინამდებარე კრებულს სხვისი წინასიტყვაობა იქნებ სულაც არც სჭირდებოდეს, უკეთუ თავად ავტორმა საკმაოდ მკაფიოდ, სხარტად და დამაჯერებლად წარმოგვიდგინა საკუთარი თავი. გოჩა სხილაძეს ბევრი წაუკითხავს, უნახავს, უფიქრია და განუცდია, მას აქვს პოეზიის საკუთარი გაგება, ჩამოყალიბებული ესთეტიკური კრედო. პოეზია მისთვის ენაში გაჩენილი ყვავილია, სარკმელია, საიდანაც ყოფიერების არსება შემოგვყურებს. უცნაურია, ვიცი, აქ ხარ, მე ვაკაკუნებ, ყოველ კარს იქით შენ დგახარ და ქარში ყანა ხარ, ხელმოცარულთა მეფის გვირგვინს რისთვის მარგუნებ, შენმა თვალებმა ცის სინათლე რად დამანახა? გოჩა სხილაძემ იცის, რომ პოეზია ყოველთვის არ ნიშნავს განსაკუთრებულ აზრებს, მაგრამ სამაგიეროდ ყოველთვის მიელტვის ნებისმიერი აზრის ოსტატურად გამოხატვას. მხატვრული სახეები დასტურია პოეტის დამოკიდებულებისა ამა თუ იმ მოვლენისადმი, მისი მეოხებით კი – მთელი სამყაროსადმი. ფილოსოფიური, ანალიტიკური აზროვნების უნარი კარგად ჩანს ლექსებში პროზად, სადაც ავტორმა საკუთარ თავს თვითონ დაუნიშნა მეტად მკაცრი და მძიმე გამოცდა, რადგან არც თუ ადვილია ლექსი ყოველთვის შეესაბამებოდეს მისსავე უმაღლეს კრიტერიუმებს. (ხანდახან მეჩვენება კიდეც, თეორიის ზედმიწევნით ცოდნა ხელს ხომ არ უშლის-თქო ჩანაფიქრის პრაქტიკულ ხორცშესხმას, რადგან არაიშვიათად პრაქტიკა თეორიის უარყოფა, მისი ბორკილების მსხვრევა და თავისუფლებისკენ მიმავალი სრულიად უცნობი გზების ძიებაა!). გოჩა სხილაძე მართებულად არიდებს თავს ლექსით ფილოსოფოსობას თუ მენტორულ დიდაქტიკოსობას, რადგან პოეტურ ტექსტებში მისთვის მთავარია განცდა, ემოცია, ხილვა, საგანთა და მოვლენათა არსში მისნური მზერით შეღწევა. შემოვა ჩემში ჭრიჭინობელის უცხო დუმილის ყრუ ხმაურობა და ახლო არის დაუჭკნობელი ვარდების მხარის უცნაურობა. ინტუიცია მკარნახობს, რომ წინამდებარე ლექსები სულაც არაა ავტორის პირველი ნაწარმოებები. მათ უთუოდ უძღოდა წინ ხანგრძლივი ძიებები და ექსპერიმენტები, რადგან სიტყვის ასეთი პოეტური ფლობა მხოლოდ დიდი გარჯით მიიღწევა. გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული, ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი, ახლა ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული, ახლა ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი. რამდენადაც ვხვდები, ოსტატობა, “ტექნიკა” გოჩა სხილაძისთვის საკუთარი “მე”-ს, შინაგანი ვნებათაღელვის, რწმენის, ეჭვების, აღმაფრენისა თუ სინანულის გამოსახატავი საშუალებაა. ასეც ვიტყოდი: ლექსი მისთვის სულის ტელესკოპია, საიდანაც მთელი მრავალსახოვანი სამყარო მოჩანს თავისი ამაღლებული მშვენიერებითა და უმანკოებით, ზოგჯერ კიდევ – ტრაგიზმითა და სიმახინჯით. ვარ სიმჩავარდნილ ხვალის სიმღერა, სინაის მთვარის ვარ ვერცხლის სინი, ვარ უსინათლო ლომების ბღვერა, რომელსაც ჩემში გრძნობენ ისინი! რაც უფრო ფართოდ გაშლი ხელებს, მით უფრო ადვილია შენი ჯვარცმაო, გვაფრთხილებს ნიცშე. გოჩა სხილაძეს არ ეშინია ხელების გაშლის, პირიქით, იგი მზადაა, გულში ჩაიკრას ყველა, ვისაც მიზეზთა გამო ასცდა წუთისოფლის სიამტკბილობა, თუმცა, როგორც მკითხველი შენიშნავს, არც თვითონაა განებივრებული განგების ყურადღებით (“მე ვარ ამ კერის უცნობი გერი, მე წინ სიბნელის ზღვა ამეტუზა”). და მაინც – თანაგანცდა, თანადგომა, თანაზიარობა მისი მიწიური ყოფის შეუვალი მახასიათებელია, ერთგვარი საფირმო ნიშანია. ჩემ სიმარტოვით დავინახავ სხვა სიმარტოვეს, თითქოს ხე ვარ და ტოტებს მათლიან. ტკივილში ღმერთი იზრდება და სახლს იფართოვებს და ახლა გულში ზღვა სინათლეა... გოჩა სხილაძის ლექსის თავი და თავი გულახდილობა, გულითადობა და სიწრფელეა, რადგან თუ სტრიქონების მოტივი ყალბია, მათ ვერანაირი გარესამკაული ვერ უშველის. მართალია, ჩამოთვლილ ღირსებებთან ერთად მათ არც ე.წ. გარესამკაულები აკლიათ, თუ კი ასეთებად ჩავთვლით მოხდენილ რითმებს, შედარებებსა თუ ეპითეტებს. მეტაფორა მოტორია ლექსისაო, თქვა ერთხელ ანდრეი ვოზნესენსკიმ და ეს გამონათქვამი ბევრ აქ გამოქვეყნებულ ტექსტსაც შეიძლება, მიესადაგოს. მაგალითისთვის ორ სტროფს მოვიხმობ: ბნელ სულის ჭიდან მოჩანს მთვარის დიდი მეჭეჭი, ბეჭით ქარებმა ჩამიმტვრიეს სიზმრის ვიტრინა, მამა, კოშმარი ჩემს ნავს დახვდა, როგორც მეჩეჩი, შეაღო ბავშვმა გულის კარი და გაიტვრინა. ბავშვის სიზმრებში კვლავ იელვებს მერიდიანი, სადაც ორფეოსს მოეხვევა ცრემლის მენადა. მოგესალმები თეთრ ალმებით ქუდბედიანი, შენი ვარსკვლავის გრძელი სხივი გულს დამენათა. ცნება “ლირიკული გმირი” გოჩა სხილაძისთვის თავად მეტაფორაა, მოხერხებული ნიღაბია, რომლის მიღმიდან შეუძლია ბევრი რამე გვითხრას, ჩაგვაგონოს, დაგვანახოს. თვალშისაცემია ისიც, რომ მისი ბევრი ლექსი, უთანამედროვესიც კი, მითისა და სახის ნაზავია, ერთგვარი სინთეზია ცხადისა და უხილავის, მისაწვდომისა და მიუწვდომლის. იგი გაურბის მოდური სიტყვების წარამარა ხმარებას, სრულიად შეგნებულად ემიჯნება ე.წ. “მომგებიანი” თემებით სპეკულირებას, არ უფრთხის რეტროგრადად შერაცხვას და ცდილობს მხოლოდ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოინიშნოს გულის ფიცარზე. პოეტის არჩევანი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული რითმიანი ლექსის მხარეზეა, მის სულსა და გონებას კი მეტწილად კაცობრიობის მარადიული სატკივრები აწვალებს და აფორიაქებს. მიუხედავად ერთგვარი ტრადიციულობისა, რაც მე პირადად სულაც არ მეჩოთირება, გოჩა სხილაძე “არატრადიციულ” სფეროშიც თავს საკმაოდ დაჯერებულად გრძნობს. უფრო მეტიც, აქ იგი წამით თითქოს ივიწყებს კიდეც თავის აღნიშნულ მრწამსს და პირდაპირ ექსტრავაგანტური სახელებისა თუ სახეების მორევში გვისვრის, მხედველობაში მაქვს ლექსი «დღისა და ღამის გათანაბრება”, სადაც მკითხველის თვალწინ გაიელვებს სოროსის ნაჩუქარი კომპიუტერი, გაკრთებიან ტკბილხმოვანი სელინ დიონი, ”სილიკონის ძუძუებიანი ბედნიერება” -პამელა ანდერსონი, უბადლო ფრენკ სინატრა, აისვეტება გამაოგნებელი კელნის ტაძარი, ეიფელის კოშკი და მეტროპოლიტენის მუზეუმი. ჩვენ აქ ვიხილავთ ქრისტეს და ბუდას, გოეთეს გოთიკასა და გალაკტიონის “დალანდს”, გოლფის მოთამაშე მდიდრებსა და აბსტრაქციონისტ-პოსტმოდერნისტებს. პოეტი თვითონაც გრძნობს, რომ ეს ქაოსია და სწორედ ამ ქაოსიდან აფრენაა მისი მიზანი. გოჩა სხილაძისთვის, რომელსაც თავის დროზე უმაღლესი სასულიერო განათლება აქვს მიღებული, ახლობელი და, რაც მთავარია, ბუნებრივია სახარებისეული მოტივები, სჯანი. “სიყვარული, როგორც მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, მიუთითებს ღმერთის და მის მიერ შექმნილი სამოთხის არსებობაზე. ეს მოვლენა მანათობელი მაცნეა, მახარობელია, ღმერთიდან ჩვენკენ რომ მოისწრაფის გულამოვარდნილი. ის ტოვებს ნიშნებს, ბილიკებს, გვიწვევს, გვაჯადოებს, შემდეგ კი გვტოვებს უდაბნოში”, - წერს პოეტი და მე მეჩვენება, რომ ამ ციტატის განსაკუთრებით ბოლო წინადადება უპირველესად მის პოეზიას ეხება. (უდაბნოში დარჩენას ამ შემთხვევაში აღვიქვამ, როგორც დარჩენას საკუთარ თავთან). გოჩა სხილაძის ლექსები სიჩუმეში, სიმარტოვეში, სულიერი სიმშვიდისა თუ მღელვარების ჟამს წასაკითხი ტექსტებია – სამონოლოგო, საჩურჩულო, სააღსარებო! ისინი თითქოს ამოვარდნილია თანამედროვე პოეტური ”ტრენდიდან”, გნებავთ, მეინსტრიმიდან”, როგორც მავანნი იტყვიან. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფორმალურად ჯერ კიდევ არ დამკვიდრებულან ქართულ პოეტურ სივრცეში, არამედ უფრო იმიტომ, რომ მის ლანდშაფტზე შესაძლოა, ეგზოტიკური კორომივით განცალკევებულნი აღმოჩნდნენ. დ აქვე ბარემ იმასაც დავსძენ, რომ გოჩა სხილაძის ლექსებში აქა-იქ შეიძლება უნებურად შემოგეფეთოთ დიად წინამორბედთა ნაცნობი ინტონაციები, მათი განუმეორებელი ხმების ექოები. ამას სასაყვედუროდ სულაც არ ვამბობ, პირიქით, ხაზი მინდა გავუსვა პოეტის შინაგან, ბუნებრივ და სასურველ კავშირს იმ ძირისძირებთან, საიდანაც ბუნებრივად ამოიზრდება ხოლმე პოეტური ხის ახალი და ჭეშმარიტი ნერგი. და ბოლოს: მე არ ვიცნობ გოჩა სხილაძეს პირადად, რასაც ხელი არ შეუშლია ჩემთვის სავსებით დამსახურებულად მეთქვა მის პოეზიაზე ორიოდე გულითადი სიტყვა, აკი პოეტის ბიოგრაფია (უმთავრესად სულიერი) სწორედ მის ლექსებშია, რომლებიც, მჯერა, გააბათილებენ ყველა შემოქმედისთვის ნაცნობი სასოწარკვეთის ჟამს შემთხვევით ამოძახებულ სტრიქონს: ”მე წარუმატებელი მათხოვარი ვარ!” რაულ ჩილაჩავა, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინის, ლატვიისა და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიების ლაურეატი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
უნაპირო მდინარე
გამოცემის თარიღი:
2015
საბას პრემია:
ნომინანტი
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
7376
რეიტინგი:
2,7
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(10) რეცენზია
2.7
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [5]