სტალინის წერილი
ჩემსა და ვასო ეგნატაშვილს1 შორის გაცნობის პირველი დღეებიდანვე ახლო ურთიერთობა დამყარდა. ეგნატაშვილს ცხოვრების გამოცდილება დიდი ჰქონდა. იგი კვალიფიციური ლიტერატორი და საინტერესო მოსაუბრე იყო, მეც სიამოვნებით ვუსმენდი ხოლმე.
განსაკუთრებით მიმიზიდა ვასო ეგნატაშვილის საუბრებმა სტალინის ბავშვობაზე, რაც მაშინ ლიტერატურაში გაშუქებული არ იყო. მანამდე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩვენ შორის იმყოფებოდა უპარტიო კაცი, რიგითი ლიტერატორი, რომელიც სტალინს ასე ახლო იცნობდა. თითქოს ვასომ იგრძნო, რომ მის მონათხრობს ამ თემაზე უნდობლად ვუყურებდი და ერთ დღეს წასაკითხად პატარა წერილი გამომიწოდა. რამდენადაც მახსოვს, წერილი იწყებოდა სიტყვებით – „დედაჩემს სოსოსაგან“ და ხელმოწერილიც იყო: „სოსო ჯუღაშვილი“. წერილის ავტორი ზოგიერთ სხვა ნაცნობ-მეგობართან ერთად ვასოსაც იხსენებდა, მაგრამ თავისებური ეპითეტით: „მოიკითხე ჩემს მაგივრად ის ყურუმსაღი ვასოო“. ამ დოკუმენტმა სტალინთან ვასო ეგნატაშვილის სიახლოვის მიმართ ეჭვი გამიფანტა.