მცირე წამძღვარება წიგნისთვის - "ფიქრი წარსულსა და მომავალზე" წინამდებარე მემუარების ავტორზე შვიდი წლით უფროსი ვარ. მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა თვრამეტი წლის ასაკიდან იწყება. ამ დროისთვის ოცდახუთისა ვიყავი, ოცდახუთწლიან სასჯელს ციმბირში ვიხდიდი, მაგრამ პრესა, რადიო და საქართველოსთან მიწერ-მოწერა, საბედნიეროდ, არ მომკლებია. დამწყებ მწერალს, როგორც იტყვიან, დაკვირვებისა და ანალიზის უნარი ღვთისგანვე მქონდა ნაბოძები. ჩემს გონებასა და თვალთახედვას არც ედუარდ შევარდნაძე გამორჩენია, რადგან ქართველი ერისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, საჭირო და სასარგებლო ადამიანთა ღირსებებისა და ხასიათის შესწავლა, შეიძლება ითქვას, ჩემი ძირითადი თუ არა, მთავართაგანი ამოცანა და საქმე გახლდათ. ედუარდ შევარდნაძემ ჭაბუკობაშივე გამოამჟღავნა სერიოზული მოღვაწისთვის დამახასიათებელი ღირსებები, ერის ცხოვრებაში არაორდინარული ადგილი დაიკავა და ცხადია, ჩემი ყურადღებაც მიიპყრო. ამჟამად ოთხმოცდახუთისა ვარ და სამოცი წლის მანძილზე სადაც უნდა ვყოფილიყავ, იგი ჩემი ყურადღებისა და დაკვირვების არეში იყო ჯერ, როგორც ჩემი თანამედროვე, მაღალნიჭიერი მოღვაწე; ერთხანს, როგორც საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე და ბოლოს, როგორც პრეზიდენტი. მე ამ ორგანოების წევრი ვიყავი, უშუალო დაკვირვების საშუალება მქონდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლება მივეცი, როგორც ყოველდღიურ, ისე უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში მის მიერ გამჟღავნებული ხასიათისა და ადამიანური ღირსებების ერთობლიობას ჩავწვდომოდი და ამ წამძღვარებაშიც მომეყვანა.
ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე მშვიდი, აუმღვრეველი, გამჭრიახი გონებისა და თვალის მქონე, კეთილგანწყობილი თანამოსაუბრე, დახვეწილი იუმორის პატრონი (რასაც იგი როგორც ყოველდღიურობაში, ისე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ამჟღავნებდა), ხელოვნებამდე აყვანილი მომსმენი და მთქმელი, საჭიროებისას თავზეხელაღებულად გამბედავი, სახელმწიფოს ხელმძღვანელის, პოლიტიკოსისა და დიპლომატისთვის აუცილებელი, დაბადებითვე დაყოლილი პოტენციისა და ცხოვრებით დახვეწილი ღირსებებით აღჭურვილი პიროვნება იყო და არის. ამ დახასიათებას ვინმე მისი თანამედროვე რაიმეს თუ დაუმატებს, თორემ ჩამოთვლილ ღირსებათაგან რომელიმეს უარყოფა, მგონია, აზრად არავის მოუვა. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ""ფიქრი წარსულსა და მომავალზე" საოცრად მართალი, ალალი და მიუკერძოებელი წიგნია, შეიძლება ითქვას, გამონაკლისიც კი, რამეთუ მკითხველი ამ მოცულობის ისტორიოგრაფიულ ნაწარმოებში მიკერძოებისა თუ ცალმხრივი გაშუქების ფაქტსა და მაგალითს ერთსაც ვერ იპოვის.
რა გააკეთა, რას მიაღწია ედუარდ შევარდნაძემ როგორც პიროვნებამ საქართველოში თუ მის გარეთ მოღვაწეობის შედეგად, წამკითხველი თავად დაინახავს და მის თანამედროვეთა ჩანაწერებშიც, ვფიქრობ, მისი ნაღვაწის აღნიშვნა მრავლად იქნება და ჩამომავალთათვის ყოველივე გაცხადდება, მაგრამ მინდა, იმ საქმესა და დანატოვარს შევეხო, რომელიც ჩვენი ერის აწყმო თუ მომავალი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია.
საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთაშორისო მნიშვნელობას იძენდა მხოლოდ ისტორიის იმ პერიოდებში, როდესაც მის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ მოძრაობდნენ ქარავნები, როდესაც ჩვენი მიწა-წყალი აბრეშუმის დიდი გზის ნაწილი იყო. ქარავნები და საერთაშორისო აღებმიცემობა არა მარტო ჩვენი ხაზინის მკვებავი საწყისი, არამედ ჩვენივე სახელმწიფოებრიობის, მისი უსაფრთხოების დარაჯი, გარეშე მტრის მადის დამაოკებელი ფაქტორიც იყო; ანუ ვფლობდით სხვა ერთა ინტერესების, მათი ეკონომიკების მომსახურების ფუნქციას. ცნობილია, საერთაშორისო ფუნქციასმოკლებული ერები ან უკვე აღიგავენ პირისაგან მიწისა, ან უმწეო არსებობას ეწევიან. ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ჩვენს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან ქვეყანას საერთაშორისო ფუნქციაც შესძინა ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებისა და ბაქო-თბილისი-არზრუმის აირსადენის სახით. ამ სამივე მაგისტრალს საქართველოზე რომ გაევლო, მკითხველი დამეთანხმება, ჩრდილოელი ზვიგენის მუქარით თანხლებული პრეტენზიების ვითარებაში, დიდი პოლიტიკური ალღო და დიპლომატიური ნიჭი სჭირდებოდა. აღარას ვამბობ იმ შეუპოვრობაზე, რომელიც ამ ღონისძიებას ახლდა. ედუარდ შევარდნაძემ შეძლო ის, რომ ორივე მილსადენი ამჟამად მსოფლიო ინტერესების საგანია და მაშასადამე, საქართველოს უსაფრთხოების დამცველი ფუნქციაც.
ფ უ ნ ქ ც ი ა ც!
არ ვიცი, ბატონ ედუარდის მიერვე წამოწყებულ საქმეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ თუ არა, რასაც ძირითად მიზნად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ერის უსაფრთხოების ფუნქციის განმტკიცება აქვს დასახული, მაგრამ ამ დიდი ისტორიული საქმის დაგვირგვინება მილსადენებით მნიშვნელოვანწილად განხორციელებულია. წინამდებარე მემუარების წამძღვარება სრული არ იქნება, თუ არ ვიტყვი, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძე ოცდათხუთმეტი აკადემიის, უნივერსიტეტის, ქალაქისა და ქვეყნის საპატიო წევრი და ოცდასამი ორდენისა და მედლის კავალერია. მის მოღვაწეობაზე დაწერილი და გამოცემულია თხუთმეტიოდე წიგნი და თანამედროვე პოლიტიკოსთა წიგნებშიც ედუარდ შევარდნაძისადმი მიძღვნილი სერიოზული ნაკვეთებია. ეს ჩამონათვალი ალბათ მხოლოდ ნაწილია მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსთაგან აღიარების, ყურად ღებისა და დაფასებისა, მე აღვნიშნე მხოლოდ ის, რასაც მივაგენი. ბატონ ედუარდს ხუმრობა უყვარს და თავს უფლებას მივცემ, ვიხუმრო: თუ გინესის წიგნმა ზემომოყვანილ საპატიო თუ ნამდვილი წევრობის, ორდენებისა და მედლების რაოდენობას გვერდი აუარა, ის მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ედუარდ შევარდნაძე სამ ჩინებულად ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა