ქრისტიანის სიკვდილი
სამასი წელიც რომ იცოცხლო ნეტარებაში,
რომლის ღირსი არა ხარ,
ისიც კი არარაობაა მომავლის მარადიულ
და უსაზღვრო ნეტარებასთან შედარებით.
გი დე პედაკორი. „ჩანაწერები ღვთივსათნო
ცხოვრების შესახებ“, იაპონური თარგმანი. 1599 წ.
სიკეთისათვის აღძრული ადამიანი შეიცნობს
სიტკბოებას საიდუმლოისას, ღვთაებრივ
მოძღვრებაში რომაა დაფარული.
Iმიტატიონე ცჰრისტი, იაპონური თარგმანი. 1596 წ.
1
უხსოვარ დროს, იაპონიის ქალაქ ნაგასაკში, სანტა ლუჩიას ტაძარში ცხოვრობდა ყმაწვილი იაპონელი, სახელად ლორენცო. როგორც მოგვითხრობენ, იგი შობის ღამეს სალოცავად მოსულ ქრისტიანებს უპოვიათ ტაძრის შესასვლელთან, შიმშილისაგან მთლად დაოსებული, მოუსულიერებიათ, მერე კი პატერენს შეჰბრალებია და აღსაზრდელად აუყვანია. როდესაც ყმაწვილს ეკითხებოდნენ ვინაობას, იგი ჩვეულებრივ ალალი ღიმილით უპასუხებდა, რომ მისი სამშობლოა პარაისო, ხოლო მამა - დეუსუ, და არც ერთხელ არ დასცდენია სიმართლე. ჩანდა, მისი მშობლები არ იყვნენ წარმართები. ამაში დასარწმუნებლად საკმარისი იყო შეგეხედათ ქარვის კრიალოსნისთვის მის მაჯაზე. სწორედ ამიტომ, წმინდა მამამაც და ძმებმაც უკუაგდეს ყოველგვარი ეჭვი და გულითად მზრუნველობას არ აკლებდნენ. რწმენის სიმტკიცით იგი არ ჩამოუვარდებოდა უფროსებს, რის გამოც ეკლესიის მეთაურები განცვიფრების გამოსახატავად სიტყვებს ვერ პოულობდნენ. პატარა ლორენცოს ყველა ხორცშესხმულ ანგელოზად თვლიდა, უყვარდათ და ეალერსებოდნენ, თუმცა არავინ უწყოდა, ვისი შვილი იყო და სადაური.
ყოველივე ამასთან ერთად, კიდევ უფრო დიდ აღტაცებას იწვევდა მისი ძვირფასი ამარტისფერი სახის ნაკვთები და გოგონასავით ნაზი ხმა. ლორენცოს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა და როგორც პატარა ძმას, ისე უყურებდა ბერი სიმეონი, ისიც იაპონელი. ხელჩაკიდებული დაჰყავდა ყველგან ლორენცო. სიმეონი წარმოშობით სამურაი იყო. იგი სიმაღლითაც გამოირჩეოდა და დიდი ჯანითაც, რის წყალობით არაერთხელ დაეცვა პატერენი წარმართთაგან, ქვას და კრამიტს რომ ესროდნენ. იგი ისე ნაზად ელტვოდა ლორენცოს, როგორც მთის არწივი მტრედს, ანდა, როგორც აყვავილებული ვენახი ლიბანის კვიპაროსს, ლერწებით რომ შემოესკვნება ხოლმე.
ასე გაიარა სამზე მეტმა წელმა. და, აი, ლორენცოს დაუდგა ჟამი სრულწლოვნების წესის აღსრულებისა. მაგრამ უეცრად დაირხა ხმა, თითქოს ლორენცოს საიდუმლო კავშირი დაემყარებინა ქოლგებითა და წნული ქუდებით მოვაჭრის ქალიშვილთან, რომელიც სანტა-ლუჩიას ახლოს ცხოვრობდა. ეს მოხუციც საღვთო წიგნებს აღიარებდა და, ჩვეულებრივ, თავის ქალიშვილთან ერთად დადიოდა ეკლესიაში. გოგონა ლოცვის დროსაც კი თვალმოუშორებლად უჭვრეტდა ლორენცოს, რომელსაც საცეცხლური ეჭირა ხელში. მეტიც, იგი ეკლესიაში ყოველთვის კოხტად დავაცხნილი მოდიოდა და ვნებიან მზერას ესროდა ჭაბუკს. ეს, ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენია მრევლს. ერთმა შეამჩნია, რომ ახლოს გავლისას გოგონამ ფეხზე დააბიჯა ლორენცოს. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, თითქოს საკუთარი თვალებით დაენახა, თუ როგორ გადაუციათ ახალგაზრდებს ერთმანეთისათვის სამიჯნურო ბარათები.
პატერენმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, უყურადღებოდ არ დაეტოვებინა ყოველივე ეს. ერთხელ მან იხმო ლორენცო, თეთრი წვერი ჩაიკვნიტა და ლმობიერად უთხრა:
- მისმინე, რაღაც გავიგე შენზე და ქოლგებით მოვაჭრის ქალიშვილზე. ჭორია, ალბათ. რას იტყვი?
ლორენცომ მწარედ გააქნია თავი და ცრემლმორეულმა უპასუხა:
- არავითარი მსგავსი არ შეიძლება მომხდარიყო.
პატერენმა, როგორც ამბობენ, დაუჯერა მას. იფიქრა, ასეთ ყმაწვილურ ასაკში ასეთი ღვთისმოსავი ჭაბუკი ნამდვილად არ იცრუებსო.
ასე რომ, პატერენის ეჭვი ამჯერად გაიფანტა. მაგრამ მითქმა-მოთქმა მაინც არ წყდებოდა სანტა-ლუჩიას მორწმუნეებში. სიმეონი, რომელსაც ძმასავით უყვარდა ლორენცო, ამის გამო ძალზე შეშფოთებული იყო, მაგრამ მის მკაცრ დაკითხვას თავს არიდებდა. არათუ მკაცრი დაკითხვა, უნდობლადაც არ შეეძლო შეეხედა მისთვის. მაგრამ ერთხელ სანტა-ლუჩიას ეზოში მან იპოვა ლორენცოსადმი მიწერილი გოგონას სამიჯნურო ბარათი. სიმეონმა ლორენცო მარტო მოიხელთა ოთახში, ბარათი ცხვირწინ აუფრიალა და ხან მუქარით, ხან კი დაყვავებით, შეეცადა წვრილად გამოეკითხა ყველაფერი. მაგრამ დარცხვენისაგან სახეალანძული მშვენიერი ლორენცო მხოლოდ ამას იმეორებდა: „ჰო, ვიცი, რომ გოგონას ვუყვარვარ. წერილებიც მომწერა. მაგრამ მისთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს არასოდეს“. სიმეონმა კი, რამდენადაც საქმე ცოდვის ქმნას ეხებოდა, კიდევ უფრო დაჟინებით დაუწყო გამოკითხვა და საყვედურები. მაშინ ლორენცომ ნაღვლით სავსე მზერა მიაპყრო სიმეონს და საყვედურით წარმოთქვა:
- ნუთუ ფიქრობ, რომ მე შენი მოტყუება შემიძლია?
ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამის მეტი და ოთახიდან მერცხლის სისწრაფით გამოვარდა. ლორენცოს სიტყვებმა სიმეონს სინდისის ქენჯნა მოჰგვარა ასეთი ეჭვების გამო. შეწუხებულმა სიმეონმა წასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად წინ შეეჩეხა ოთახში შემოჭრილი ლორენცო. მან სწრაფად შემოჰხვია ყელზე ხელები სიმეონს და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩურჩულით წარმოთქვა:
- დამნაშავე ვარ. მაპატიე.
სიმეონმა ხმის დაძვრაც ვერ მოასწო, ისე სწრაფადვე მოსცილდა ლორენცო და გარეთ გაიჭრა, ალბათ, ცრემლების დამალვა თუ უნდოდა. „დამნაშავე ვარ!“