როცა ერთაწმინდაში თოვს არის უფალი... ჰოდა, ვეძებ, როგორც ჟივაგო
და ვიცი, ვნახავ, უფრო ადრე, ვიდრე პასტერნაკს,
ოღონდ მანამდე, მტერს თავისი მინდა მივაგო,
რათა მოყვასი გადაურჩეს ავს და ფათერაკს...
დიდია ღმერთი, ჩემი ნებაც მისი ნებაა,
ხოლო სიამე მიწიერი - სულის წამება...
თუ საქართველოს სიყვარულიც მხოლოდ ვნებაა,
ამ მავნე სენით მომიხდება გარდაცვალება...
ხუთსართულიანი სახლის ეზოში, ჭერმის ხის ქვეშ მაგიდას ხუთნი უსხდნენ. ოთხი დომინოს თამაშობდა. დროდადრო „ანგლობდნენ“...
მეხუთე სპორტულ გაზეთს კითხულობდა გულდასმით.
- პარტია! - დომინოს ქვა მაგიდას დაანარცხა შუახნის ტანმორჩილმა მამაკაცმა. - და, საერთოდ, წადით, შვილოსა, თამაში ისწავლეთ და მერე მოდით, „ბოქსი“ ხომ არა არის, ნოკაუტში ჩაგაგდოთ?!
- კარგი რა, ვალიკო ბიძია, გაგივარდება ხოლმე ხანდახან ყარაულის თოფივით და ეგ არის, - ღიმილით გამოეპასუხა ერთ-ერთი ახალგაზრდა მოწინააღმდეგე.
- ვის ეუბნები შე მამაძაღლო, მე? ბიჭო, დომინო რომ ჭადრაკი იყოს და მე - ქალი, ნონა ვიქნებოდი გაფრინდაშვილი, იცი შენა?
- ვაა, რას არ გაიგებ ამ ქვეყანაზე, - არ უთმობდა ბიჭი, - მოდი მაშინ და თუ ეგეთი მაგარი ხარ, მე და მერაბი დავჯდებით სათამაშოდ. ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, დომინოს დანახვაზე ტანზე გამოგაყაროთ.
- დავცხოთ, მერაბ? - მიუბრუნდა ბიჭი მეხუთეს.
- ეჰ, აბა ეგ რა თქვი, ჩემო უჩა, მე და დომინო ისე ვართ, როგორც ზებრა და კენტერბერული ჭენება. - მერაბ ბარათაშვილმა გაზეთი დაკეცა.
- თანაც წუთი-წუთზე ავთოს ველოდები, საქმეზე მივდივართ. აი, მოვიდა კიდეც.
ეზოში სწრაფად შემოსული ნივა პირდაპირ მაგიდასთან გაქვავდა.
- ჩემი კომერციული სალამი ზედმეტად კაი კაცების ბრიგადას! - მკვირცხლად გადმოხტა მანქანიდან თვალშისაცემად მაღალი და მხარბეჭიანი, თავგადაპარსული ავთო გელაშვილი.
- გაუმარჯოს ავთოს! - ყველას დაასწრო ეშმაკურად მომღიმარმა ვალიკომ. - ბიჭო, როგორ დაგსიებია ეგ კუნთები, არ გაწუხებს მაინც? თმა რომ არ გქონდეს გადაპარსული, ნამდვილი შვარცენეგერი ხარ, რაღა!
- მაგას გადაპარსული კი არა, შემოპარსული აქვს. თმები მხოლოდ კეფაზე და საფეთქლებზე ამოსდის, ამისთანებზე ამბობენ - „ფეხშიშველა თავი აქვსო!“ - რეალურად შეაფასა მეგობრის ვიზუალური მონაცემები მერაბმა.
- იცინეთ, იცინეთ. განა არ ვიცი, რომ გშურთ. იმიტომ, რომ თმა ნიჭიერ ხალხს სცვივა. - აუღელვებლად უპასუხა ავთომ და უჩას თვალი ჩაუკრა.
- აბა რა, აინშტაინი შტერი იყო და შენ ნიჭიერი ხარ. - ისევ გამოეპასუხა მერაბი და მანქანისკენ გაემართა. - ჰა, წავედით?
- წავედით! - უპასუხა ავთომ. იქ მყოფთ ხელი აუწია, საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
- საით, ოფისში?
- ჰო, წყნეთში გველოდება. შენზე ისეთები ველაპარაკე, ისეთი რეკლამა გაგიკეთე, კინაღამ მე დამითხოვა: - ის თუ ეგეთი მაგარია, შენ რაღაში მჭირდებიო?!
- კაი, კაცო! - გაეცინა მერაბს, - ეგეთი რა უთხარი?
- სიმართლე: სამხედროში, სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა, ხელჩართულ ბრძოლაში ნაწილში ბადალი არ ჰყავდა-მეთქი. მერე იყო და სოხუმში ალყაში ჩარჩენილი ბიჭების გამოყვანას ხელმძღვანელობდა-თქო. რამდენიმე წელი სწრაფი რეაგირების სპეცრაზმში რომ ირიცხებოდა, ისიც ვუთხარი.
- მერე არ გკითხა, სამსახურიდან რატომ წამოვიდაო?
- მკითხა.
- მერე?
- რა მერე, ვუთხარი 140 ლარად ოჯახის რჩენა უჭირდა-მეთქი. აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, ჯიბეში შარის მაგნიტი უდევს-მეთქი. - ჩაიროხროხა გელაშვილმა.
- კიდევ რა გკითხა? მაგათ შენნაირი გოლიათები აჰყავთ მცველად. მე, მაგ მხრივ, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოვირჩევი.
- მაგაზე არც იფიქრო. რაიმონდი მენდობა. თანაც მედალს ორი მხარე აქვს. მაგის მტრები ჩემთან ერთად რომ დაგინახავენ, იფიქრებენ აბა, ეს იქნება ქვეყნის ამომგდებიო. არც შეცდებიან, არც ჯანი გაკლია და არც სისწრაფე.
- ეჰ, წავიდა ის დრო, ჩემო ავთო. სამ ათიანს გადავაბიჯე და „ეს სულაც არ იყო გუშინ...“
- არაფერიც არ წავიდა. რა ისეთი ასაკი ჩვენ გვაქვს, ცოტას წაივარჯიშებ და ისევ ძველი მერაბა იქნები, აგერ ნახავ. თუ გეზარება, სხვა საქმეა. ისე, ხუთას დოლარად, რომლის გადახდასაც შენთვის აპირებს რაიმონდი, თავის შეწუხება ღირს.
- რა ჰქვია?
- რაიმონდი. რაიმონდ ბერეხი.
- სადაურია?
- ეგ არავინ იცის. სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. მთავარია, ფული გადამიხადოს და თუ გინდა პერუელი ინდიელი იყოს.
- ყოჩაღ, როგორც ვატყობ, გეოგრაფიისთვის მოგიკიდია ხელი. ის თუ იცი, პერუ სადაა?
- შედარება მოგეწონა?
- აღფრთოვანებული ვარ.
- აბა, რა მნიშვნელობა აქვს პერუ სადაა? მუშაობას რომ ვიწყებდი, გოგამ მითხრა, ფული გადაგიხადოს და გინდა პერუელი ინდიელი იყოსო და დამამახსოვრდა.
- ეგრეც ვიცოდი. -